საფინანსო კომპანია „საქართველო" და კომპანიის გაკოტრების შედეგად დაზარალებული ადამიანები „რუსთავი 2-ს" 70 მილიონ ლარს ედავებიან, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაზარალებული ადამიანების ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
„დაზარალებულები თვლიან, რომ ისინი არათუ აღნიშნული კომპანიისგან, არამედ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2-ის" მიერ 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში გაკეთებული სიუჟეტების შედეგად დაზარალდნენ. სიუჟეტებში გაჟღერებული იყო, რომ საფინანსო კომპანია „საქართველო" იყო ე.წ. ფინანსური პირამიდა, ხოლო დაზარალებულებისა და კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რეალობა სინამდვილეში არავის გაუჟღერებია. არ გაუჟღერებიათ ის, რომ კომპანია "საქართველო" ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული კვალიფიციური ფინანსური ინსტიტუტი იყო. ასევე არ გაუჟღერებიათ ის, რომ იმ დროისთვის მათ არანაირი ვალდებულება და დავალიანება არ ჰქონიათ არც კერძო პირებისა და არც სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ", - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.
ადვოკატის განცხადებით, "რუსთავი 2″ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და ტელევიზიას, რომელსაც მოსახლეობაში მაღალი რეიტინგი აქვს, მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც საფინანსო კომპანია ,,საქართველო" მოხსენიებულია, როგორც ფინანსური პირამიდა - გავლენა იქონია კომპანიის მომხმარებელზე და იმ პერიოდში კომპანიიდან უდიდესი თანხის გადინება მოხდა, რამაც საფინანსო კომპანია "საქართველოს" გაკოტრება გამოიწვია.
ავდოკატის განცხადებით სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო და შესაბამისად დავა საფინანსო კომპანია "საქართველოსა" და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ს" შორის აუცილებლად შედგება.