რამდენად უსაფრთხოდ იკვებებიან ბაგა-ბაღის აღსაზრდელები?!

რამდენად უსაფრთხოდ იკვებებიან ბაგა-ბაღის აღსაზრდელები?!

მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერიამ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რამდენიმე ახალ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება და ბაგა-ბაღების კვებითი მომარაგების უზრუნველსაყოფად კომპანია უახლოეს დღეებში შეირჩევა. მანამდე კი გარდამავალ პერიოდში თბილისის ბაღებს საკვების შეძენა თავად მოუწევთ.

მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია „ნილმა“ ხარვეზების გამოსწორება ვერ შეძლო. ამიტომაც გაუწყვიტეს ხელშეკრულება.

ბაღებისთვის პროდუქტების მიმწოდებელი კომპანია „ნილი“ 2019 წლის დასაწყისში 30 000 ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ერთ-ერთი საბავშვო ბაღის საკვების სინჯებში 4 გადაცდომა დაფიქსირდა. ერთ-ერთი დარღვევა ყველის ნიმუშში რძის ნაცვლად რძის ფხვნილის არსებობა იყო, დანარჩენი სამი გადაცდომა კი თევზის ფილესა და ხაჭოს ნაკლებ ცხიმიანობას, ასევე, ტომატის პასტის ხარისხს ეხებოდა.

მერის მოადგილე ილია ელოშვილის თქმით, ბოლო პერიოდამდე „ნილი“ საკმაოდ კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას, რასაც ვერ ვიტყვით უკანასკნელი ორი კვირის შესახებ, რადგან შეიმჩნეოდა მუდმივი შეფერხებები, დაგვიანებით საკვების მიტანა, საკვები ხშირ შემთხვევაში იყო უხარისხო და შეუძლებელი იყო მისი გამოყენება.

რამდენად უსაფრთხოდ იკვებებიან ბაგა-ბაღების აღსაზრდელები, ამის შესახებ For.Ge „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელს გიორგი ბურჯანაძეს ესაუბრა.

რამდენად საკმარისია 3.22 თეთრი თითო ბავშვის გამოსაკვებად?

- ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რომელსაც სკანდალის ფორმა ექნება, რადგან ზუსტად იმავე კალორაჟით, ზუსტად იმავე შემადგენლობით თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერი ჯარისკაცი იკვებება და იქ დაახლოებით 5-6 ლარამდეა გადასროლილი თანხა. ამ დროს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 3. 22 თეთრით, ანუ მიზერულ თანხად თურმე ბაღის ბავშვების კვება შეიძლება. სინამდვილეში, როგორ შეიძლება, ერთი და იგივე კალორაჟი მივიღოთ 6 ლარადაც და 3 ლარნახევრადაც?!

დღიურად საკვებზე დახარჯული 6 ლარიც მიზერია.

- კი ბატონო, ეს თანხაც ცოტაა, მაგრამ ეს პრობლემა თავშივე განწირულია. დასახვეწია საქართველოში არსებული რეგულაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ იმ შედეგს, რაც მივიღეთ „ნილთან“ მიმართებით.

კომპანიანილისსხვა კომპანიით ჩანაცვლება რაიმეს შეცვლის?

- თქვენ გახსოვთ, მე გამუდმებით ვამბობდი, რომ ბაგა-ბაღების მომარაგება თბილისში დარტყმისა და საფრთხის ქვეშ იყო. ერთი თვის წინ დავდეთ რეალური სურათი. ანალოგიური მეთოდით რომ დავიწყოთ იმ შპს-ების კონტროლი, რომლებიც ახლა კომპანია „ნილს“ ჩაანაცვლებენ, გარწმუნებთ, სამ დღესაც ვერ გაძლებს ვერც ერთი მათგანი და სამი დღის შემდეგ დატოვებენ ბაზარს. სამომხმარებლო ბაზარზე არსებული პროდუქტები ვერ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რასაც სახელმწიფო მოითხოვს. პირადად მე მონიტორინგის ჯგუფი გავაძლიერე, 20 კაცი მალე დავიწყებთ ბაგა-ბაღების მონიტორინგს კვების მხრივ. გარწმუნებთ, ვერც ერთი კომპანია ვერ დააკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს. ასე რომ, „ნილზე“ კეფაში ხელის წარტყმა პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს, თუკი არ დაიხვეწა რეგულაციები, რომლებიც ამ სფეროს აკონტროლებს.

რა პრობლემები იყონილისწინაშე-უხარისხო ხორცი, სოიოს პროდუქცია რძის პროდუქციის ნაცვლად?

- დღესაც მაცნობეს, რომ ხორცი, რომელიც სტანდარტულად შედიოდა და ნორმებს აკმაყოფილებდა, მოთხოვნილ ნორმებს ვეღარ აკმაყოფილებს. „ნილის“ უკან დახევისა და ამ კომპანიაზე საჯარიმო სანქციების გამოყენების მიზეზი ის იყო, რომ რძის პროდუქტებში აღმოაჩინეს მცენარეული ცხიმი, ნაცვლად ნატურალური პროდუქტისა შეფასდა ეს პროდუქტი არანატურალურად, ფალსიფიცირებულად და კომპანია დაჯარიმდა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როდესაც პროვოკაცია ხდება და 13 გატანილი ნიმუშიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთში აღმოჩნდება მცენარეული ცხიმი, ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. რატომღაც აღმოჩნდა, რომ დირექტორი არ ჰყავდა იმ დაწესებულებას, ანუ 111-ე ბაღს და მხოლოდ იმ ბაღში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი ყველში. პირდაპირი გაგებით ეს იყო პროვოკაცია, რაც სამართალდამცავ ორგანოებს უნდა შეესწავლათ. ნაცვლად ამისა, კომპანია „ნილი“ გავიდა ბაზრიდან და მივიღეთ სრული ქაოსი. ფინანსური სანქციები გამოიყენა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ამ კომპანიის მიმართ და აქ ჩაქოლვის მექანიზმი იყო ჩართული, რათა ეს კომპანია დაზარალებულად გასულიყო მომარაგებიდან.

დღესდღეობით „ნილს“ ძალიან დიდი ფინანსური დავალიანება აქვს კერძო სექტორის მიმართ და ჩვენ მივიღეთ არა „ნილის“ ჩაქოლვა, არამედ იმ მეწარმეთა ჩაქოლვა, რომლებიც დღეს თანხებს ელოდებიან „ნილისგან“ და ამ თანხებს ვერ მიიღებენ. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მონიტორინგის შედეგებს ვაცნობებთ საქართველოს მოსახლეობას და გარწმუნებთ, დიდი სხვაობა არ იქნება, იმავე სახის პრობლემები იქნება, თუ კიდევ უარესი არ გამოჩნდა. როგორ რეაგირებას მოახდენს მერია ჩვენი მონიტორინგის შემდეგ, ამას შევხედავთ და დავრწმუნდებით, ეს იყო გათვლილი, მიზანიმიმართული კომპანია „ნილის“ მიმართ, თუ ეს იყო რეალური სასჯელი. თუ ჩვენს შეფასებებს გაიზიარებენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, მერიის მონიტორინგის სამსახური, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, სურსათის ეროვნული სააგენტო, მაშინ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ეს არ იყო „გაჩალიჩებული“ კომპანია „ნილის“ წინააღმდეგ.