“ხმამაღლა ნუ იძახით, რომ თურქები ხართ, ერთი წელი მაინც შეიკავეთ თავი“

“ხმამაღლა ნუ იძახით, რომ თურქები ხართ, ერთი წელი მაინც შეიკავეთ თავი“

სამცხე–ჯავახეთის რაიონებსა და სოფლებში, სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს დეპორტირებულები და მათი შთამომავლები სახლებს ყიდულობენ. ზოგი მათგანი ნაყიდ სახლს კეტავს და მიდის იქ, სადაც აქამდე ცხოვრობდა და ზოგი გადაუფორმებელ სახლში ცხოვრობს. აქ ჩამოსახლების მსურველებს ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ასე აკვალიანებენ – “ხმამაღლა ნუ იძახით, რომ თურქები ხართ, ერთი წელი მაინც შეიკავეთ თავი“.

პრესა.გე 22 ნოემბერს, ახალციხეში ყოფნისას ესტუმრა ერთი წლის წინ ჩამოსახლებულთა ოჯახებს. იქვე ახლოს მუსულმანურ სასწავლებელ–სალოცავშიც შევედით, ოღონდ წყლის ხელოსნის ამპლუაში. ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ.  

პრესა.გე 19–დან 22 ნოემბრამდე სამცხე–ჯავახეთში სხვა მედიასაშუალებების (“რეზონანსი“, “24 საათი“, “ლიბერალი“, “ნეტგაზეტი“, “ინტერპრესნიუსი“ ) წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ამ ოთხდღიან მოგზაურობას ორგანიზება ა/ო. “გოუ ჯგუფმა“ გაუკეთა, რისი მიზანიც იქაური მოსახლეობის პრობლემების დანარჩენ საქართველომდე მიტანა იყო. 

თბილისში გამომგზავრების წინ მიგვიყვანეს ახალციხის შესასვლელში, რკინიგზის საბარგო სადგურთან ახლოს მდებარე უბანში. გვითხრეს, რომ იქ კომპაქტურად არიან ჩასახლებულები, 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებულები. იმაზე, რაც ვნახეთ, ვერ იტყვის ადამიანი, რომ ეს არის კომპაქტური ჩასახლება; უბრალოდ, დეპორტირებულები აქა–იქ ცხოვრობენ. 

იქ, სადაც ჩვენ ვიყავით, აზერბაიჯანიდან ჩამოსახლებული 4 ოჯახია; ახალციხის დანარჩენ უბნებში მთლიანობაში 20 ოჯახი ცხოვრობს, – ასე ამბობენ თავად. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, არ ვიცით; ახალციხეში რამდენიმე საათი ვიყავით გაჩერებულები და იმის გადამოწმება, ნამდვილად 20 ოჯახი ცხოვრობს, ათი თუ ხუთი, ფიზიკურად ვერ შევძელით. 

სანამ ჩამოსახლებულების ოჯახებში შევიდოდით, ქუჩაში 70 წლის ჟანნა მერდილიევას გამოველაპარაკეთ, რუსულ ენაზე; მან ქართული საერთოდ არ იცის. გვითხრა, რომ აზერბაიჯანიდან ერთ–ერთ შვილთან და მის ოჯახთან ერთად ჩამოვიდა; მეორე შვილი აზერბაიჯანში დარჩა. ჟანნა მერდილიევა უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოში გადმოსახლების გამო – იქ სამსახურებიც იყო, ძროხაც გვყავდა, ქათამიც, ცხვარიც, მიწაც გვქონდა და აქ არაფერი გვაქვსო. 

ჟანნამ გვითხრა, რომ საქართველოში ერთი წლის წინ “ვათანმა“ (”თურქი-მესხების“ საერთაშორისო ორგანიზაცია) ჩამოიყვანა. მაშინ, როცა სამხრეთ საქართველოდან მაჰმადიანი მოსახლეობა გაასახლეს, ჟანნა 4 წლის იყო. ჩვენს კითხვაზე – ეროვნებით ვინ ხართ? მან მოგვიგო – “ჩვენ თურქები ვართ, თურ–ქე–ბი“. 

მასთან დამშვიდობების შემდეგ ვესტუმრეთ ერთ–ერთ ჩამოსახლებულ ოჯახს და ვესაუბრეთ დიასახლისს, ფაია გოხაროვას, რომელიც დაახლოებით 45–50 წლის იქნება. იგი რუსულ ენაზე გვესაუბრა – აქ სტუმარივით ყოფნა არ მინდა, ეს ჩემი სამშობლოაო. მას მოქალაქეობის მიღება და სახლის დამტკიცება სურს. 

ფაიას სამი ვაჟიშვილი ჰყავს. იგი წუხს იმის გამო, რომ სახლის გადაფორმება ვერ შეძლო. მან თავისი მშობლების და ძმის ფოტოები გვაჩვენა – პენსილვანიაში ცხოვრობენ, სადაც 5 წლის წინ წავიდნენ; იქ ყვავილების ბიზნესი აქვთო. 

ფაია გოხაროვამ გვითხრა, რომ საქართველოში ჩამოსახლების საქმეში “ვათანი“ დაეხმარათ და ამაში ხელი აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც შეუწყო. გოხაროვამ თავისი მამამთილი, 73 წლის მამედ გოხაროვი გაგვაცნო და გვითხრა, ადრე თურმანიძეები ვიყავით და ადიგენის რაიონში ვცხოვრობდითო. ქართული მამედ გოხაროვმაც არ იცის. მან რუსულ ენაზე გვითხრა, რომ საქართველოდან გასახლების შემდეგ 15 წელი უზბეკეთში ცხოვრობდნენ და შემდეგ აზერბაიჯანში გადავიდნენ.

გოხაროვებთან დამშვიდობების შემდეგ, სანამ სხვა ჩამოსახლებულს ვესტუმრებოდით, მეზობლები დაინტერესდნენ ჩვენი სტუმრობის მიზნით და გვითხრეს, რომ ჩამოსახლებულებთან ამჟამად არანაირი პრობლემა არ აქვთ, რადგან ჯერ ცოტანი არიან; “ახლა ყველას უცინიან და თბილად ეგებებიან; ეგენი თავს რომ მოიყრიან და გამრავლდებიან, შემდეგ იგივეს იზამენ, რასაც 1944 წლამდე აკეთებდნენ; მაშინ ისეთ საშინელებებს ჩადიოდნენ, ქალი სახლიდან 4–5 საათის შემდეგ გარეთ ვეღარ გამოდიოდა...” 

“აქ ერთ–ერთი სახლი ქართველმა თათარს 13 000 დოლარად მიჰყიდა. იმ ფულით მანქანა იყიდა და შიგ სძინავს. ახლა მითხარით დებილი არ არის ეგა?!“ – გვითხრეს ადგილობრივებმა. 

მათგან შევიტყვეთ, რომ ამ მხარეში ჩამოსახლების მსურველები არ შეუშვეს: წურღუთში, სომხებით დასახლებულ სოფელში; სხვილისში, სადაც კათოლიკე სომხები ცხოვრობენ, რომელთაც ახალციხელები “ფრანგ სომხებს“ ეძახიან და სოფელ უნწაში, სადაც ქართველები არიან. 

სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა 1944 წლამდე დეპორტირებულებს და მათ შთამომავლებს თათრებად მოიხსენიებს და წყევლა–კრულვას უთვლის ამჟამინდელ ხელისუფლებას იმის გამო, რომ დეპორტირებულების საქართველოში ჩამოსახლება უნდათ. ამ მხრივ ქართველებზე გაცილებით მწვავე განცხადებებს სომხები აკეთებენ.  

რკინიგზის საბარგო სადგურთან ახლოს მდებარე უბნის მოსახლეობისგან გავიგეთ, რომ აღმაშენებლის გამზირზე (ზედ ტრასაზე) თურქებმა 3–სართულიანი სახლი შეიძინეს, შიგ მეჩეთი გახსნეს და თან ბავშვებს მუსულმანური წესით ზრდიან; ამ სახლში მუდმივად ცხოვრობს მზარეული და არაბულის მასწავლებელი. “პარასკევობით 11–12 საათზე აქ თუ მოხვალთ, ამ მხარეში მცხოვრებ მუსულმანებს ერთად ნახავთ; მათ შორის თათრებს და აჭარიდან გადმოსახლებულებს; ფეხსაცმელებს კართან ტოვებენ, შიგნით შედიან და ხალიჩებზე საათობით ლოცულობენო“, – გვითხრეს იქაურებმა. 

როცა შიგ შესვლის და იქაურობის დათვალიერების სურვილი გამოვთქვით, გვირჩიეს – ახლა წყალი აქვთ გაფუჭებული და ეგებ შიგ ისე მოხვდეთ, როგორც წყლის პრობლემის მოგვარებით დაინტერესებული პირი, თორემ სხვანაირად ვერაფერს გახდებით, იქ ქალის ჭაჭანება არ არის და მით უმეტეს, ჟურნალისტს არ გვგონია კარი ფართოდ გაუღონო.  

იქაურებს დავუჯერეთ და 3–სართულიანი სახლისკენ გავემართეთ. რამდენჯერმე დავიძახეთ და არავინ გამოგვხედა. შემდეგ მეზობელს ვთხოვეთ დახმარება – გავიგეთ წყალი ჰქონიათ გაფუჭებული და ეგებ როგორმე გამოიხედონ–თქო. რამდენიმე წუთში ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, ქართულად არა უშავს რა საუბრობდა. გაგვეცნო, როგორც ადიგენის მკვიდრი, გვარად კახაძე.

მისგან შევიტყვეთ, რომ 3–სართულიან სახლში 30 სული ცხოვრობს. როცა გაოცება გამოვხატეთ, მოგვიგო: “ბავშვებს გაკვეთილებს ვამაცადინებთ. სკოლიდან მოდიან და აქ მაცადინეობენ. ღამეც აქ რჩებიან. ეს სახლი ჩემი ახლობლის არის; ის არის თურქი. ეს სახლი იყიდა და უნდოდა აქ სასტუმრო გაეკეთებინა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და და ახლა აქ ბავშვებს, გაჭირვებული ოჯახის შვილებს ვამაცადინებთო“. 

გაკვეთილების გარდა კიდევ რა საგნებს სწავლობენ ბავშვები–თქო, რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმით ვკითხეთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთიდაგიგვე პასუხი მივიღეთ – “მხოლოდ გაკვეთილებს ვამაცადინებთო“. მასპინძელს ვთხოვე სახლი დამათვალიერებინეთ–თქო. ცოტა ხანს დაფიქრდა და შემდეგ მომიგო, კი ბატონო, მაგრამ ფეხზე უნდა გაიხადოთ, აქ ასეთი წესიაო. ფეხზე გავიხადე და ხალიჩებით მოფენილი შენობა მასპინძელთან ერთად დავათალიერე. სკამები და მაგიდა მხოლოდ ორ ოთახში იდგა. დანარჩენებში მხოლოდ ხალიჩები იყო.

ყველაზე დიდი ოთახი დაახლოებით 60–70 კვადრატული მეტრი ფართობის გახლდათ. აქ რა ხდება–თქო ვიკითხე და “აქ სპორტული დარბაზია, ბავშვები ჭიდაობენო“, – მომიგო მასპინძელმა. არადა, ის ოთახი საჭიდაო დარბაზს სულაც არ ჰგავდა. უზარმაზარი და ამავდროულად, ძალიან სუფთა წითელი ხალიჩები იყო დაგებული. სავარაუდოდ, სწორედ ამ ოთახში ლოცულობენ მუსულმანები.

ახალციხეში ყოფნისას “გოუ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ა/ო. “ტოლერანტის“ (როგორც ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაციის) ოფისში მიგვიყვანეს, სადაც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ცირა მესხიშვილს შევხვდით. როგორც განგვიმარტეს, ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს დეპორტირებულებს და მათ შთამომავლებს, აქ ჩამოსახლების და ინტეგრაციის საქმეში. ცირა მესხიშვილთან შეხვედრისას ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი ორი ამბავი შევიტყვეთ.

“ტოლერანტის“ ჩარევის შემდეგ, 12–მა ადამიანმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. პრესა.გე–ს კითხვაზე – როგორ შეძელით ამის გაკეთება, როცა რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლებს ჯერ რეპატრიანტის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული–თქო, მესხიშვილმა მოგვიგო: “ჩემი კავშირები გამოვიყენე, ელენე თევდორაძეს, კოკაიას შევხვდი. მათ ვუთხარი, რომ კარგი, სანდო, მშრომელი ხალხია და ჩვენი ჩარევის შემდეგ მათ მოქალაქეობა მისცეს“. 

რაც შეეხება მეორე დასამახსოვრებელ ამბავს – საქართველოში ჩამოსახლების მსურველებს ცირა მესხიშვილი ასეთ რჩევას აძლევს: “ხმამაღლა ნუ იძახით, რომ თურქები ხართ, ერთი წელი მაინც შეიკავეთ თავი“. 

შეგახსენებთ, რომ ჩამოსახლების მსურველთა განაცხადების მიღება 2009 წლის 31 დეკემბერს დასრულდა. 1999 წელს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, საბჭოთა პერიოდში დეპორტირებული მაჰმადიანი მოსახლეობის საქართველოში ჩამოსახლების პროცესი 2011 წელს უნდა დასრულდეს. პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული სარწმუნო ინფორმაციით, ამ წუთისთვის, ჩამოსახლების მსურველთა 5 900 განაცხადია შემოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსახლება 5 900 სრულწლოვანს უნდა; ამას ემატება დაახლოებით ორი ათასი არასრულწლოვანი, რომელთაც ბუნებრივია, კანონის თანახმად განაცხადების შევსების უფლება არა აქვთ. 

ანუ, მთლიანობაში აქ ჩამოსახლება 8 000 ადამიანს სურს. ამასთან, ჩამოსახლების მსურველთა წარმოდგენილი განაცხადების თითქმის ნახევარი ხარვეზებითაა შევსებული; 2011 წლის იანვრამდე, ხარვეზებიან განაცხადებს უკან დაუბრუნებენ, რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლებს, რის გამოსასწორებლად მათ ოთხთვიანი ვადა მიეცემათ.

არც ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება და არც კანონი რეპატრიაციის შესახებ, საქართველოს სახელმწიფოს არ ავალდებულებს ჩამოსახლების პროცესის ფინანსურ უზრუნველყოფას. ისინი, ვინც რეპატრიანტის სტატუსს და შემდეგ გამარტივებული წესით მოქალაქეობას მიიღებენ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეეძლებათ სახლების შეძენა.