ტერეზა მეის გადადგომას გამოხმაურება მოჰყვა

ტერეზა მეის გადადგომას გამოხმაურება მოჰყვა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთში.

პრეზიდენტმა ტრამპმა ტერეზა მეის მიმართ სიმპათია ვერ დამალა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ წუხს მომხდარის გამო.

„ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, მე მართლა მომწონს ის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით მოსკოვში ტერეზა მეის მოღვაწეობა ნეგატიურად შეაფასეს და რუსოფობიაში დაადანაშაულეს.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, მეის პრემიერობის პერიოდში რუსეთისა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობა უკიდურესად იყო დაძაბული.

„სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ რაიმე ისეთ ქმედებას, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს. პირიქით, ქალბატონ მეის პრემიერობის დროს ეს ურთიერთობა მძიმე პერიოდს განიცდიდა“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა კი ტერეზა მეის გადადგომამ ხუმრობის ხასიათზე დააყენა. Facebook-ის გვერდზე მან შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „June ends May” („ივნისის დადგომით მაისი სრულდება“). გვარი (May) რომელსაც ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ატარებს, ინგლისურ ენაზე „მაისს“ ნიშნავს.

მეის გადაწყვეტილებიდან მალევე ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის მსურველი კანდიდატების ვინაობაც.

ტერეზა მეი პოსტს 7 ივნისს დატოვებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტი მან 2016 წელს დევიდ ქემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა.

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.

Brexit-ის ახალი გეგმა ტერეზა მეიმ ცოტა ხნის წინ თემთა პალატასაც წარუდგინა. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ თუ კანონმდებლები დოკუმენტს მხარს დაუჭერდნენ, ის კომპრომისზეც წავიდოდა.