სააკაშვილი ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს

სააკაშვილი ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა. წერს რუსული მედია სააკაშვილის ადვოკატზე დაყრდნობით.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ შესაბამისი წერილით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე მიმართა.


„ყველა იურისტი ამტკიცებს, რომ ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონოდ მოხდა. რადგან უკრაინის კონსტიტუციით არ შეიძლება მოქალაქეობის ჩამორთმევა, ხოლო საერთაშორისო სამართლის პრინციპებით არ შეიძლება ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება“ - ნათქვამია წერილში, რომელიც სააკაშვილმა ადვოკატს გადასცა.


ასევე უკრაინის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში სააკაშვილი აცხადებს, რომ მას არ სჭირდება თანამდებობები და პრეფერენციები.


ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებიდან რამდენიმე საათში მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.


ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად 20 მაისს გახდა და უკრაინის უმაღლესი რადა დაითხოვა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.


2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, იმ მიზეზით, რომ მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის დროს სააკაშვილმა სახელმწიფო ორგანოებს წარსულში ნასამართლეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 2018 წლის თებერვალში უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, საიდანაც ის 2017 წლის შემოდგომაზე უკრაინაში უკანონოდ შეაღწია. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი ანუ მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა.


საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ხოლო უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმეს, მეუღლის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ცხოვრების და მუშაობის უფლების დამადასტურებელი ცნობა მისცა.


ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს.