ძველი უბნები მანქანების გარეშე?!

ძველი უბნები მანქანების გარეშე?!

თბილისის ძველ უბნებში შესაძლოა, ავტომობილებით მოძრაობა აიკრძალოს. ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ თემატური მოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.

მაგალითად, სოლოლაკში, რომელიც ინტენსიური დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით გამოირჩევა და, თანაც, ტურისტულად მიმზიდველი ადგილია, შესაძლოა, ყველანაირი ავტოსატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალოს. გამონაკლისი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჰიბრიდული და ელექტროტრანსპორტი. ეს არა მხოლოდ ჰაერის ხარისხს გააუმჯობესებს ქალაქის ცენტრში, არამედ გამოათავისუფლებს ავტოსადგომის ტერიტორიებს. შედეგად საფეხმავლო ადგილები გაფართოვდება, გაიზრდება ტურისტული პოტენციალი და უფრო მეტად განვითარდება კაფე-რესტორნების ქსელი.

არქიტექტორი ვახტანგ დავითაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მისთვის სიახლეა, მაგრამ საინტერესოა, როგორ უნდა აკრძალონ მანქანების მოძრაობა, როდესაც მანქანა ჩვენთვის უბრალოდ კომფორტი კი არ არის, არამედ ყოფითი აუცილებლობაა. მანქანა მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანების გადაადგილების საშუალება არ არის და ის სხვადასხვა ტიპის მომსახურეობისთვისაა საჭირო, მათ შორის, პროდუქციის გადასატანად, მაღაზიებისთვის, სასწრაფო დახმარებისთვის. ამდენად, არქიტექტორისთვის ძნელად წარმოსადგენია ამ ჩანაფიქრის განხორციელება.

„არა მგონია, ეს გონივრული იდეა და ერთადერთი სწორი გზა იყოს. მესმის, უცხოეთის გამოცდილება, უცხოეთში ძველ უბნებში არის ზონები, სადაც მანქანები არ მოძრაობენ, არის პარკირების ადგილებიც, სადაც ჩერდებიან მანქანები და 1-2 კილომეტრს ტურისტები და ადგილობრივები ფეხით გადიან, არის კიდევ სხვა წესები, ქალაქის შემოსასვლელთან ველოსიპედებისა და მოტოციკლების პარკირების ადგილებიდან ადამიანები სამსახურში ფეხით ან საქალაქო ტრანსპორტით მიდიან. უამრავი წესი აქვს ცივილიზებულ მსოფლიოს დედაქალაქის ცენტრალური ნაწილებისა და ისტორიული ადგილების განტვირთვისთვის. თუმცა სოლოლაკთან მიმართებით რამდენად რეალური იქნება ამ გეგმის განხორციელება? ეს გადაწყვეტილება თუნდაც 1-2 დღით რომ მივიღოთ, ხომ არ იქნება დიდ ადამიანურ დისკომფორტთან დაკავშირებული?

მსოფლიო უკვე ორიენტირებულია და ცდილობენ, ქალაქებში ელექტრონულმა მანქანებმა იარონ, თბილისშიც ცოტა არ არის ელექტრონული მანქანები, რომელიც ჩვენი ქალაქის ხვალინდელი დღეა. ამიტომ მთავარია, მანქანები იყოს გამართული და არ გამოყოფდეს ისეთ აირებს, რომლებიც ადამიანებისთვის მავნეა“,-აღნიშნა ვახტანგ დავითაიამ.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისში ავტომობილების შეზღუდვა ძალიან გაჭირდება. თანაც, სოლოლაკი ერთი პატარა ქუჩა არ არის, აქ უამრავი ადამიანი ცხოვრობს. ამიტომ შეიძლება მინიმალური შეზღუდვა დაწესდეს, მასობრივი შეზღუდვის დაწესება კი არ ივარგებს.

„ერთი პერიოდი, გიჟმა „ნაციონალებმა“ რუსთაველზე ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალეს, ფეხით უნდა გავისეირნოთო, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. თუ არ ვცდები, ეს ჭიაბერაშვილის მოფიქრებული იყო, მალევე მიხვდნენ, რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება და ხელი აიღეს განზრახვაზე. ასევეა სოლოლაკიც, ვერ ვიტყვი, რომ სოლოლაკი მთლიანად უნდა გადაიკეტოს, ცალკეულ ქუჩებზე შეიძლება შეზღუდვა დაწესდეს, მაგრამ ამხელა სოლოლაკი მთლიანად რომ გადაიკეტოს, ეს გამორიცხულია. მართალია, თბილისში არის ისტორიული შენობები და მათ მოფრთხილება სჭირდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც თბილისს აღა-მაჰმად-ხანი შემოესია, აღარაფერი დაგვრჩა, ყველაფერი განადგურდა. მხოლოდ მე-19 საუკუნის ძველი ძეგლებიღა შემოგვრჩა“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.

კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ძველი უბნები ტურისტულ ზონებადაა ქცეული, სადაც ადამიანები სეირნობენ. ამდენად, თუკი ძველ უბნებში ავტომობილების შეზღუდვა ადამიანების ჯანმრთელობას დადებითად შეეხება, თბილისელები ამას გაგებით მიიღებენ.

„ჩვენც ვატყობთ, რომ ბევრი მანქანა მოძრაობს ქალაქში და აბინძურებს დედაქალაქს. ჩვენს ქვეყანაში ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესი უნდა იყოს. გუშინ გახლდით ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, ე.წ. წითელ ბაღს რომ ეძახიან და მოვიხიბლე, არაჩვეულებრივადაა გაკეთებული, ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი ქალაქის მერს. კარგია, რომ ხეები ირგვება ამ ქალაქში, გავოცდი, ვაკის პარკში უამრავ ხეს რომ რგავდნენ. ვფიქრობ, ავტომანქანებთან მიმართებითაც მერია არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სპეციალისტებთან შეთანხმებული არ იქნება“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა For.ge-სთან საუბრისას.

 

უ ც ხ ო :
ამ, ე.წ. გარემოს და ბუნების დამცველებს ფანტაზია არ ეყოთ საიმისოდ, რომ სოლოლაკში სუნთქვაც აუკრძალონ მოსახლეობას, რადგან ამდენი ადამიანის ამონასუნთქი ნახშირორჟანგი უარყოფითად მოქმედებს გარემოზე!
*
ჭკვიანებო, ისა და... მანქანებს რა ვუყოთ, თუ გიფიქრიათ? უზარმაზარი პარკინგები რომ გაქვთ მოწყობილი თავისუფლების მოედნის ქვეშ, იქ დავაყენოთ, თუ გავყიდოთ და მთელი სოლოლაკი ველოსიპედებზე გადავსხდეთ?.. (სოლოლაკის აღმართები მისწრებაა ველოტრანსპორტისთვის!..).
ისე, ავტომობილი რომ მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის, ეს ბატონმა ვახტანგ დავითაიამ შეგახსენათ, თორემ თქვენ ამდენიც არ გექნებათ ნაფიქრი! უბრალოდ, გონება არ გეყოფოდათ ამის მისახვედრად!..
*
მთელი ძველი თბილისი რომ ნაკრძალად გაქვთ გამოცხადებული, ამდენ უსახურ, მოფამფალებულ, დამსკდარ-დახლეჩილ შენობას რომ არც ხელისუფლება ეკარება და არც ინვესტორს აკარებს, რომ დაანგრიოს და მის ადგილზე, გარემოსთან ადაპტირებული ახალი სახლები ჩადგას (როგორც, ვთქვათ, ათენში) და მოსახლეობას აიძულებთ, მუდმივ შიშში დაიძინოს და გაიღვიძოს, ყოველ დილა-საღამოს ("ცისფერი მთების" მარკშეიდერივით"), ბზარები ითვალოს ჭერზე, იქნებ ამაზე ეფიქრა ვინმეს, ამ სისულელეების მაგივრად?!
მაგრამ... მეტი არ იქნა ჩემი მტერი, თქვენ ამაზე არ იფიქროთ!
4 წლის უკან