ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აპირებს

ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აპირებს

ირანი ტრამპის შეთავაზებას უარით პასუხობს. ამის შესახებ CNN ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში მოჰამედ ჯავად ზარიფმა თქვა, რომ აშშ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს, როდესაც რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს. 

„არ გვაქვს სურვილი ვესაუბროთ ხალხს, რომელიც თავის დაპირებებს არ ასრულებს“, - თქვა ირანელმა დიპლომატმა.

დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკების ინიციატივას გამოთქვამს, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, პრობლემური საკითხები დიალოგის გზით მოაგვაროს.

მაისის დასაწყისში აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.

გადაწყვეტილება ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ნაწილიდან გასვლას მოჰყვა. სანქციები ირანის ლითონის მოპოვებას შეეხება, რომელიც ამ ქვეყნისთვის ნავთობის შემდეგ უდიდესი ინდუსტრიაა.   

თუმცა ტრამპმა თქვა, რომ ირანის ლიდერთან შეხვედრის და მოლაპარაკებების იმედს იტოვებს.

2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა. როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა.