მადურო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინადადებით გამოდის

მადურო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინადადებით გამოდის

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარების წინადადებით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

წინა საპარლამენტო არჩევნები ვენესუელაში 2015 წელს ჩატარდა. მათი შედეგებით მიხედვით, ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში ადგილების უმრავლესობა ოპოზიციურმა ბლოკმა „დემოკრატიული ერთიანობის მრგვალმა მაგიდამ“ მიიღო, პარლამენტის თავმჯდომარე კი ამ ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პარტიის „ხალხის ნების“ წარმომადგენელი ხუან გუაიდო გახდა.

2019 წლის 30 აპრილს ხუან გუაიდომ სამხედროებს და ვენესუელის მოქალაქეებს ნიკოლას მადუროს ხელისუფლების დამხობისკენ ღიად მოუწოდა.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.