პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის ყველაზე კოლოსალური შედეგი – დამორჩილებული ქართული მედია

პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის ყველაზე კოლოსალური შედეგი – დამორჩილებული ქართული მედია

ევროკავშირმა გასულ წელს დაახლოებით 500 ათასი, ხოლო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ – 100 ათას ევრომდე გამოყო ქართული მედიის, როგორც მაკონტროლებლი ინსტიტუტის როლის გაზრდის ხელშეწყობისთვის. ეს თანხები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში გაიხარჯა. ქართული მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის არაერთხელ წამოსულა კოლოსალური თანხები, მაგრამ აქ საკითხავი ისაა, რა გაუმჯობესდა რეალურად, მათი გახარჯვის შემდეგ?

 

ქართული მედია, გავლენები და მილიონები...

გავრცელებული ინფორმაციით, იანვრიდან შეერთებული შტატების მთავრობა დაახლოებით 10 მილიონ აშშ დოლარამდე გადმორიცხავს ზუსტად ქართული მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის. ეს 10 მილიონი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის - USID-ის ანგარიშზე დაჯდება და გრანტების სახით დაიხარჯება... 

 

ალბათ, საინტერესოა, რაში დაიხარჯა უკვე გადმორიცხული თანხები ევრაზიის ფონდის მიერ. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მედიისა და ინოვაციური პოგრამების მენეჯერის, ანა ჯობავას თქმით, ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფნანსებული პროექტის ფარგლებში 14 ჟურნალისტური გამოძიება დაფინანსდა.

 

ჯობავა: “ჟურნალისტები მომზადდნენ საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში. ჩატარდა ტრეინინგები ჟურნალისტებისთვის, მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. შეიქმნა მედიასამართლის ცენტრი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბაზაზე. ეს ცენტრი ჟურნალისტებს უწევს კონსულტაციებს და დახმარებას, თუ მათ პრობლემები ექმნებათ, მათ შორის – სასამრთლოში წარმომადგენლის სახითაც. პროექტის შემდეგი მიმართულებაა ადგილობრივი მაუწყებლობა. ჩვენი პატნიორია “ადგილობრივ მაუწყებელთა ასოციაცია” და პროექტის მიზანია მისი გაძლიერება, რათა მან უკეთესად შეძლოს საკუთარი წევრების დაცვა”.

 

ევრაზიის ფონდის 18–თვიანი პროგრამა დასასრულს უახლოვდება და რამდენიმე დღის წინ ფონდმა შუალედური შედეგები შეაჯამა. ფონდის დირექტორმა, ქეთევან ვაშაკიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მუშაობის პროცესში ზოგადად მედიაგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით რაიმე დიდი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ. როგორც მან განაცხადა, განსაკუთრებული პრობლემები პროექტის მონაწილეებს ინფორმაციის მოპოვების დროს ექმნებოდათ.

 

ვაშაკიძის თქმითვე, ფონდმა დააფინანსა ის პროექტები, სადაც არ იყო ინტრიგა, რათა რეალური ცვლილებები მოჰყოლოდა დაფინანსების ფარგლებში შექმნილ ჟურნალისტურ მასალებს. თუმცა, შუალედური შედეგების შეჯამების დროს ცალსახად აღინიშნა, რომ ეს შედეგები, ჯერჯერობით, სახეზე არ არის.

 

ვარდების რევოლუციიის შემდეგ ქართული საზოგადოება ნელ-ნელა  შეეჩვია იმ ფაქტს, რომ ის ტელეკომპანიები, რომლებიც მთელ საქართველოს ფარავენ, ყოელდღიურად დითირამბებს უძღვნიან ხელისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციის - “კონსტიტუციის 42-მუხლი” - ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში არსებობს მეორე უკიდურესობა ბევრად მცირე მასშტაბის გავრცელების არეალის მქონე ტელევიზიების სახით, რომლებიც მხოლოდ აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

 

მესამე მხარეა ბეჭდვითი მედია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე იმხელა გავლენას ვერ ახდენს, როგორსაც ტელეკომპანიები. რაც მთავარია, ამ ორი უკიდურესობების ფონზე ქართული მედიასივრციდან გაქრა ობიექტური ინფორმაცია – ანუ ერთი მხარე მუდმივად აკრიტიკებს ხელისუფლებას, მეორე მხარე კი - მუდმივად ცდილობს, ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები შეალამაზოს.

 

ქართული პრესა ძირითადად ოპოზიციურია, თუმცა, მოსახლეობის არამსყიდველუნარიანობის გამო (განსაკუთრებით, რეგიონებში) ისინი მკითხველზე გავლენას ვერ ახდენენ. იგივე შეიძლება ითქვას ინტერნეტმედიაზე, რომლის გავრცელების არეალიც ასევე შეზღუდულია, რადგან ინტერნეტი არ აქვს ყველას. ერთი სიტყვით, ექსპერტთა აზრით, ქვეყნის მოქალაქეთა სრული უმრავლესობისთვის ინფორმაციის მიღების უფასო საშუალება სამი ტელევიზია - “რუსთავი-2”, “იმედი“ და პირველი არხია, რომლებიც სრულად ფარავენ რეგიონებს და რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს.

 

საერთაშორისო საზოგადების დიდი ზეწოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციის - NDI-ის ძალისხმევით ქართულ მედიასივრცეში კვლავ ამოქმედდა “მეორე არხი”, რომელიც სრულად აშუქებს როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების ყველა პრესკონფერენციას, ბრიფინგსა თუ სხვა სახის ღონისძიებას. თუმცა, აქაც დგას სერიოზული პრობლემა - “მეორე არხი” ვერ ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, მეტიც - მისი მაუწყებლობა მხოლოდ საქართველოს დიდ ქალაქებში ვრცელდება.

 

აქვე, არ შეიძლება, დაგვავიწყდნენ რეგიონალური მაუწყებლები, რომელთაგან ძალიან ცოტას აქვს არასახელისუფლებო კურსი აღებული და რომლის ჟურნალისტები ბევრად უფრო მეტი წნეხისა, თუ თავდასხმების ობიექტები არიან, ვიდრე დედაქალაქის მედიასაშუალებების წარმომადგენლები. თუმცა, მათი დამსახურებით, რაღაც დოზით ადგილობრვი მოსახლეობა მაინც იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რა არ კეთდება ქვეყანაში, ან - რა კეთდება არასწორად და უსამართლოდ..

 

როდის იქნება დემოკრატიული შედეგი სახეზე?

საერთო ჯამში, ექსპერტები, როგორც ქართველები, ასევე – უცხოელები, თანხმდებიან, რომ ყველა მედია საშუალება ერთად აღებული ვერც “რუსთავი-2”-ს, ვერც “იმედს”და ვერც საზოგადოებრივ მაუწყებელს პირველ, მეორე და მესამე ადგილს ვერ შეეცილება. შესაბამისად, პროსახელისფლებო და ანტისახელისუფლებო ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც, ხელისუფლების მომხრეები აშკარად მომგებიან პოზიციებზე არიან.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის - “კონსტიტუციის 42- მუხლი” -აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე: “ღიად აფიქსირებენ საერთაშორისო ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ისიც კი ვერ შევძელით დღემდე, საჯარო ინფორმაციის სახით მოგვეპოვებინა ზუსტი მონაცემები, ვისია ეს ტელევიზიებიო. ცალსახაა, რომ ამ ტელევიზიებს სახელმწიფო აკონტროლებს, მაგრამ რა ფორმით მოხდა კერძო საკუთრების გადაცემა თუნდაც - იგივე სახელმწიფოს კონტროლირებად სფეროში - ეს ყველაფერი ისევ გასაიდუმლოებული და ტაბუდადებული თემაა, მიუხედავად საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი მცდელობისა.

 

რაღაც ყრუ კედელია აღმართული, რომლის იქით შეღწევა შეუძლებელია. ნამდვილად რთულია, ასეთ გარემოში ჟურნალისტი იყო და ჟურნალისტის მდგომარეობაში ნამდვილად შევდივარ. თუმცა ეს ის პროფესიაა, როდესაც ადამიანს შინაგანად უნდა ჰქონდეს მოთხოვნილება, მოიპოვოს ობიექტრი ინფორმაცია და გააშუქოს. მაგრამ დღეს ეს წამყვან არხებზე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამავდროულად, გვაქვს მეორე უკიდურესობა – “კავკასია” და “მაესტრო”, რომლებიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობენ და ცალსახად ოპოზიციური არხები არიან.

 

უამრავი დაფინანსება მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ქართული მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის. თუმცა, მედიაგარემოს გაჯანასღებას სჭირდება ხელისუფლების პოლიტიკური ნებაც... რას შველის დაფინანსება, თუ ის ვერ მოიცავს მთლიანად ქართულ მედიას?

- მადლობა ამ კითხვისთვის. მე რამდენადაც ვიცი არსებობენ ფონდები, მათ შორის ევრაზიის ფონდი, ღია საზოგადოების ფონდი და კიდევ რამდენიმე, რომლებიც საკმაოდ საინტერესო პროექტებს ახორციელებენ და ისინი უშუალოდ მიმართულია მედიის უფლებების გაფართოებისკენ, ჟურნალისტების უფლებების დაცვისკენ, დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, რადგან თითზე ჩამოსათვლელი სტუდიები, თუ გამოცემები ახერხებენ ჰყავდეთ დამოუკიდებელი ჟურნალისტები, მოიპოვონ ობიექტური ინფორმაცია, დაამუშაონ და გაავრცელონ ისინი.

 

ამ ვაკუუმში, სადაც ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება მართლაც პრობლემაა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დაფინანსებები, მაგრამ მე ვფიქრობ, სიტუაცია იმდენად საგანგაშოა, რომ უფრო სერიოზული რეგირება უნდა მოჰყვეს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ამ ყველაფერს. ის, რომ რაღაც ფინანასები შემოდის, რაღაც პროექტები ხორციელდება, ეს იმდენად უმნიშვნელოა ზოგად სიტუაციასთან შედარებით, რომ ისინი მხოლოდ მცირე ძვრებს იწვევენ. აქ მართლაც მივდივართ მთავარ პრობლემამდე, ანუ პოლიტიკური ნების არარსებობამდე – ე.ი. სახელმწიფოს არ სურს თავისუფალი მედია.

 

რამდენიმე დღის წინათ თბილისის ქუჩებში მანქანები დადიოდნენ, საიდანაც ხალხს რუპორით ეუბნებოდნენ - “მოდით 25 ნოემბერს სახალხო კრებაზეო”. მე გამახსენდა საბჭოთა დრო, როცა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს უწევდათ იგივეს კეთება და კარდაკარ სიარული. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ არცერთი არხი ამ ინფორმაციას არ გაუშვებს და დარწმუნებული ვარ, რეკლამის დროსაც არ გაყიდის ამისთვის. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკა. ეს ძალიან ცუდია, როცა ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებათ.

 

ასეთი რაღაცეები საერთოო ჯამში ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს, როცა ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება ძნელია, იზღუდება გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლების საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. ფაქტობრივად, თუ დაამყარებ მედიაზე კონტროლს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ტოტალური კონტროლი გაქვს ყველაფერზე. რაც გააკეთა სააკაშვილმა და ძალიან კოლოსალურ შედეგებსაც მიაღწია.

 

რას გეუბნებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როცა ამ პრობლემების შესახებ უყვებით?

- ისინი გვისმენენ. რა თქმა უნდა,  ეს ყველაფერი არ მოწონთ, ამას ინიშნავენ და გვპირდებიან, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს ამ თემებს წინ წამოწევენ, კორექტულად და დიპლომატიურად ექნებათ საუბარი. ამას ამბობს ევროსაბჭოც, ევროკომისიაც, იგივე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება სადღაც ანგარიშებში, კომენტარის დონეზე, რადგან ზეწოლის რეალური ბერკეტი, გარდა ფინანსური სანქციისა - არც იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ. მათ შეიძლება, გრანტი შეუწყვიტონ ქვეყანას, ან უბრალოდ -ფინანსური დახმარება არ გაუწიონ...