ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები იმართება

ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები იმართება

18 მაისს ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები იმართება. ქვეყანაში 46-ე პარლამენტის წევრებს ირჩევენ. ლაპარაკია ქვედა პალატასა და სენატის ნახევარზე. ამის შესახებ BBC წერს.

ეს ავსტრალიის მთავარი არჩევნებია. ფორმალურად ქვეყნის ხელმძღვანელად დიდი ბრიტანეთის მონარქი მიიჩნევა, მაგრამ სინამდვილეში ქვეყანას პრემიერმინისტრი მართავს. ამ არჩევნების შედეგებით მმართველი პარტია შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას და პრემიერმინისტრის დანიშვნას. ძირითადად ბრძოლა ტრადიციულად ლეიბორისტებს და ლიბერალებს შორისაა. ლიბერალების სათავეში მოქმედი პრემიერმინისტრი სკოტ მორისონია, ლეიბორისტების ლიდერი კი - ბილ შორტენი.

არჩევნების წინა დღეს ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, ლეიბორისტები ლიდერობენ. ოფიციალური შედეგი ცნობილი გახდება კვირას გამთენიისას.

სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც შეიძლება ავსტრალიის პარლამენტში მოხვდნენ, არიან „მწვანეები“, „გაერთიანებული ავსტრალია“ და „ნიკ კსენოფონის გუნდი“.

საარჩევნო უბნები ავსტრალიაში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. არჩევანის დაფიქსირებას ადგილობრივები 18:00 საათამდე შეძლებენ.

ავსტრალიაში სულ 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქედან ხმის მიცემის უფლება 16,5 მილიონ ადამიანს აქვს. მათ უნდა აირჩიონ წარმომადგენლობით პალატაში 151 დეპუტატი და სენატის 76 დეპუტატიდან 40. სენატის (პარლამენტის ზედა პალატა) დანარჩენ დეპუტატებს 2 ნოემბრამდე აირჩევენ. 4 მილიონზე მეტმა ავსტრალიელმა ხმის წინასწარი მიცემის უფლებით ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის კანონებით, მათთვის ვინც არჩევნებში ხმის მიცემაზე უარს იტყვის, ფინანსური ჯარიმაა გათვალისწინებული (დაახლოებით 20 დოლარი, რომლის არ გადახდის შემთხვევაში ჯარიმა 180 დოლარამდე შიძლება გაიზარდოს). „მწვანე კონტინენტის“ ზოგიერთ შტატში არჩევნებში მონაწილეობაზე უარის გამო შეიძლება მართვის მოწმობა ჩამოგართვან.