იმ ქართველ მომღერლებს შორის, რომელთაც ხელისუფლების კარის მომღერლობაზე უარი თქვეს და ამისთვის მთავრობამ ისინი შიმშილისთვის გაწირა, ეკა კვალიაშვილიც იყო. ქართულ შოუბიზნესში არსებულ პრობლემებზე, ე.წ. "შავ სიებზე", ურთიერთშუღლზე, ის ყოველთვის ღიად ლაპარაკობდა და ამის გამო ისჯებოდა კიდეც. 29 სექტემბერს "ქართული ოცნების" შემაჯამებელ აქციაზე ეკა სხვა მივიწყებულ და მონატრებულ მომღერლებთან ერთად წარდგა მაყურებლის წინაშე და საკუთარი სიმღერა "უფლის სადიდებელი" შეასრულა.
- ემოციისგან ვარ დაღლილი, მაგრამ ახლა გაცილებით კარგი ემოცია მაქვს. იმ უსამართლობის გახსენებაც არ მინდა, რაც წლების განმავლობაში გადავიტანე. ძალიან ძლიერი ვყოფილვარ, ამ ყველაფერს რომ გავუძელი. საშინელი ნერვიულობა და ღრმა დეპრესია გამოვიარე. რას მოაქვს დეპრესია? - უიმედობას, რომელიც მე ზოგადად არ მჩვევია, ღმერთის იმედი ყოველთვის მაქვს, მაგრამ ბოლოს აქამდეც მივედი. წინ ვეღარაფერს ვხედავდი. ამ ყველაფერმა ნერვული სისტემა ისე დამიავადა...…ნუ ჩამომათვლევინებთ რაც მჭირდა.
- რა იყო ნერვიულობის მიზეზი?
- ბოლომდე მომისპეს საარსებო წყარო. შოუბიზნესი ხომ ისედაც არ გვაქვს და ამ მარტო შოუშიც აღარ იყო ჩემი ადგილი, გამრიყეს. უმუშევრობისა და უმოქმედობის ფონზე ვალები დამედო. ყოველღამე იმაზე ვფიქრობდი, შვილისთვის რა მეჭმია. არ ვიცოდი, რით გადამეხადა კომუნალური გადასახადები. იშვიათი გამონაკლისების გარდა, არც არავის დაურეკავს და უკითხავს, როგორ ხარო. რა იყო ჩემი ცხოვრება, დილით ხალათს ჩავიცვამდი, საღამოს ვიხდიდი, ვწვებოდი და ხვალინდელ პურის ფულზე ვფიქრობდი. ვერ ვიძინებდი, დილას ისევ დასივებული თვალებით ვდგებოდი. შეიძლება, ასე ადამიანს მოექცე?! საშინლად მომექცნენ. ერთხელ, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის საღამო იყო. ჩემმა მეორე მეგობარმა ჰკითხა, რატომ არ არის ეკა შენს საღამოზეო. კვალიაშვილი დღედაღამ მთავრობას ლანძღავს და მე როგორ გამოვიყვანო სცენაზეო, უთქვამს. სად ნახა ნეტავ, მე რომ მთავრობას ვლანძღავდი. ჩემი პოლიტიკური განცხადებები არავის ახსოვს. თუ გამოვდიოდი და შოუბიზნესში არსებულ "შავ სიებზე" ვლაპარაკობდი, იმიტომ, რომ მაწუხებდა, მეც და ბევრი სხვა პატივსაცემი მომღერლები სცენაზე აღარ იდგნენ. პრესის ფურცლებით კულტურის მინისტრ ნიკა რურუასაც მივმართე. შეხვედრას ვითხოვდი, რომ გაგვერკვია, რა ხდებოდა ქართულ კულტურაში, იმ სეგმენტში, რომელიც უშუალოდ მეხებოდა, მაგრამ პასუხი არავინ გამცა. პასუხი ვიღაცამ უნდა აგოს ამ ყველაფერზე. ახლა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება. ჯერ ისევ მეშინია, რომ ვიღაც მისმენს ტელეფონზე. ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ აქვს უფლება სხვას, ჩემი პირადი საუბრები მოისმინოს. იქნებ, საყვარელი მყავს და მომენატრეო, მირეკავს. რატომ უნდა მისმენდეს ვინმე, ახალაია იქნება თუ მერაბიშვილი, რა მნიშვნელობა აქვს. არ მინდა!
- ეკა, ამ გაჭირვების ფონზე შენ მოსკოვში წახვედი სამუშაოდ...…
- ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. კონცერტზე წავედი, რომელიც "ქართულ სახლში" იმართებოდა და სხვა ქართველ მომღერლებთან ერთად მიმიწვიეს. შემდეგ მივიღე შემოთავაზება დავრჩენილიყავი და ამ სახლის ქართველი თუ არაქართველი კლიენტებისთვის საღამოები გამელამაზებინა. უარი არ ვთქვი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დიდხანს არ გასტანდა. მე სხვა ქვეყანაში ცხოვრება მიჭირს. არაერთხელ გადამიდგამს ეს ნაბიჯი და მალევე უკან დავბრუნებულვარ. ეს კარგად იცის ყველა ქვეყნის საელჩომ და ამიტომ ვიზას ყოველთვის მაძლევენ (იცინის).
არაჩვეულებრივი პირობები მქონდა, დაფასება და პატივისცემა. ხუთი თვე დავრჩი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დროა. მომენატრეთ ყველა, მაგრამ ეს პერიოდი იმ დიდი გაჭირვების გადატანაში დამეხმარა. არავის ეგონოს, რომ მილიონები ვიშოვე. ვშრომობდი და ამაში ანაზღაურებას ვიღებდი. მაგრამ როგორც კი დავინახე, რომ საქართველოში დაიწყო მოძრაობა, რომელსაც შეეძლო, ბოლო მოეღო ამ საშინელი დიქტატისთვის, იქ რაღა გამაჩერებდა! აგვისტოში დავბრუნდი.
- როგორ მოხვდი კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კონცერტებზე?
- სპონტანურად. პირდაპირ ბათუმში ჩამოვფრინდი, რადგან ჩემი შვილი და სიძე, ჩემი მეგობრები იქ ისვენებდნენ. იქიდან მანქანით თბილისში რომ ვბრუნდებოდით, გზაში ერთ-ერთ რესტორანში შევიარეთ საჭმელად. იქ სრულიად შემთხვევით ანსამბლ "თბილისის" წევრები, ჩემი მეგობრები, მერაბ თავაძე, ზაზა მამალაძე შემხვდნენ. გაგიჟდნენ, რომ დამინახეს, არავინ იცოდა, ჩამოსული თუ ვიყავი. მაშინ მკითხეს, ხომ იმღერებ ჩვენთან ერთადო და რასაკვირველია დავთანხმდი. ხუთ დღეში ჩავები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში, ოღონდ სიმღერით, ჩემი საქმით.
- ჰონორარზე არ შეთანხმებულხართ?
- არავითარი ჰონორარი! ყველამ კარგად იცოდა ჩემი განწყობა. ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, სრულ ენთუზიაზმზე, დიდი გულითა და ბედნიერი მომავლის იმედით დავდექი იქ, სადაც ჩემი საქართველო იდგა. პოლიტიკის არაფერი ვიცოდი, დღეს ყველაფერში გავერკვიე. გავგიჟდი, ციხის კადრები რომ ვნახე და ასე გაგიჟდა ყველა. ბოლო ტრაგედია, ჩვილი ბავშვის მკვლელობა, რაც გურჯაანში დატრიალდა, საერთოდ შოკი იყო ჩემთვის. ამ ამბის გამო მეორე დღეს, როცა ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა, გარეთ ვერ გავედი, ვერ შევძელი მეზეიმა.
- 29 სექტემბერს "ქართული ოცნების" შემაჯამებელ აქციაზე სიმღერა "უფლის სადიდებელი" შეასრულე. რა განცდა გქონდა, იქ, იმ მომენტში?…
- სხვათა შორის, ვტიროდი, როცა ვმღეროდი. სხვაგვარად ამ სიმღერას ვერ ვმღერი. მაგრამ ის მუხტი, რაც იქ ერთად სიყვარულით შეკრებილმა ხალხმა ჩემში გამოიწვია, მაინც სხვა იყო. ბედნიერი ვიყავი ხალხის სიხარულით. მონატრებული ხალხი დაინახეს სცენაზე, მონატრებული ხმები გაიგონეს, ჩვენც მოგვენატრა ჩვენი მსმენელი. ყველაზე მეტად ახალგაზრდების გამოცოცხლება მახარებს.
- როგორ გგონია, დაბლოკილი მომღერლების სია აღარ იქნება ქვეყანაში? ხომ არ გადავვარდებით მეორე უკიდურესობაში და იმ მომღერლებს ხომ არ შეაქცევს ზურგს ერი, რომლებიც აქამდე აქტიურად ჩანდნენ ეკრანსა თუ სცენაზე?
- არავითარ შემთხვევაში. მე არ ვარ ის ადამიანი, სამაგიერო გადავუხადო ვინმეს. მე ბევრი სამაგიერო გადამიხადეს, ოღონდ რისთვის, არ ვიცი. ჩვენ, ყველამ, ვინც იმ სცენაზე ვიდექით, კარგად ვიცით სატელევიზო ეთერის დაბლოკვის, სცენაზე დგომის აკრძალვისა და სახლებში ჩაჯდომის "გემო", ამიტომ მსგავსი სიბინძურისთვის ვერავის გავიმეტებთ. მე რა უფლება მაქვს ვინმე დავსაჯო, განაჩენი გამოვუტანო. მაგრამ მე გამომიტანეს განაჩენი, შიმშილი, სახლში ჯდომა, დეპრესია მომისაჯეს. ჩემნაირი მომღერალი ქვეყანამ ხელისგულზე უნდა ატაროს, და ამათ კიდევ ის აკვირვებდათ, სახელისუფლებო კურსს რომ არ ვეთანხმებოდი. დიახაც, არ ვეთანხმებოდი! არ მქონდა ამის უფლება? ამიტომაც წავედი და სხვა ქვეყანაში ვიმღერე, იქ, სადაც დამაფასეს. ამათ კიდევ, ოკუპანტების ქვეყანაში როგორ წახვედიო, მაძახეს... რუსმა ხალხმა რა დააშავა? მახსოვს, როცა ქართველთა მასობრივი დეპორტაცია მოხდა, რუსები ქუჩაში იდგნენ, "ია გრუზინ" ეწერათ მაისურებზე და ამ ფაქტს აპროტესტებდნენ. პუტინის დიქტატის რეჟიმში ხალხს ეს როგორ არ უნდა დაუფასო?!. ის დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ იყო, არ მინდა მომავალში ვინმეს გაუმეორდეს! ყველა თავის გზას ირჩევს. ვიღაც ხელისუფლების კარის მომღერალი იყო, ვიღაც სახლში იჯდა. მე არავის მომღერალი არ ვყოფილვარ არასდროს, სახალხო არტისტი ვიყავი და ვიქნები ყოველთვის, ხალხისთვის ვმღეროდი და ვიმღერებ.