ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტს ვეღარ დაითხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტს ვეღარ დაითხოვს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმაღლესი რადის დათხოვნის შესაძლებლობა აღარ მიეცემა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ფრაქცია „სახალხო ფრონტმა“ დღეს მმართველი კოალიცია დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ახალი კოალიცია უნდა შეიქმნას. კოალიციის ფორმირებისთვის პარლამენტს 30 დღე მიეცემა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ ზელენსკი რადის დათხოვნას იმ შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს, თუ კოალიციის ფორმირება ვერ მოხერხდება.

მოქმედი კონსტიტუციით, რადის უფლებამოსილების ბოლო 6 თვის პერიოდში პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს. ბოლო 6 თვის განმავლობაში პარლამენტს კოალიციის გარეშეც შეუძლია იმუშაოს.

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება. ზელენსკის მრჩევლის, დიმიტრი რაზმუკოვის თქმით, ინაუგურაციის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი რადის დათხოვნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აპირებდა.