Reuters: მადუროს და ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის ნორვეგიაში ჩავიდნენ

Reuters: მადუროს და ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის ნორვეგიაში ჩავიდნენ

ვენესუელის ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ ნორვეგიაში მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ოპოზიციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ორმა დელეგაციამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღო მიწვევა ნორვეგიელი დიპლომატებისგან.

შეხვედრაზე ხელისუფლების ინტერესებს ვენესუელის კომუნიკაციისა და ინფორმაციის მინისტრი ხორხე როდრიგესი წარადგენს. ოპოზიციის მხრიდან კი, სავარაუდოდ, ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლის მოადგილე სტალინ გონსალესი იქნება.

2019 წლის 30 აპრილს ხუან გუაიდომ სამხედროებს და ვენესუელის მოქალაქეებს ნიკოლას მადუროს ხელისუფლების დამხობისკენ ღიად მოუწოდა.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.