ირანმა აშშ-ის სანქციები დაარღვია და ჩინეთს ნავთობი მიაწოდა

ირანმა აშშ-ის სანქციები დაარღვია და ჩინეთს ნავთობი მიაწოდა

ირანულმა ტანკერმა ჩინეთის ქალაქ ჩჯოუშანთან ნავთობი გადაზიდა, - წერს გამოცემა Reuters-ი.

ირანმა ჩინეთს ნედლეული აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით მიაწოდა. ტანკერ Marshal -ზე დაახლოებით 130 ათასი ტონა ნავთობი იყო.

გასულ კვირას აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.

გადაწყვეტილება ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ნაწილიდან გასვლას მოჰყვა. სანქციები ირანის ლითონის მოპოვებას შეეხება, რომელიც ამ ქვეყნისთვის ნავთობის შემდეგ უდიდესი ინდუსტრიაა.   

თუმცა ტრამპმა თქვა, რომ ირანის ლიდერთან შეხვედრის და მოლაპარაკებების იმედს იტოვებს.

2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა.

როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა.