შსს დაჭერებს წინასწარ შედგენილი გრაფიკით ახორციელებს?!

შსს დაჭერებს წინასწარ შედგენილი გრაფიკით ახორციელებს?!

შინაგან საქმეთა სამინისტრო უბრალო მოხელეებს და წვრილ ბიზნესმენებს ყოველდღიურად იჭერს. მიზეზი მარიტივად ასახსნელია - შესავსებია ბიუჯეტი. ბაზრობის მოვაჭრეების შემდეგ აფთიაქარების ჯერი დადგა, შემდეგ კი “მებაღეების”. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჭერებს წინასწარ შედგენილი გრაფიკით ახორციელებს.

 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქუთაისში საბავშვო ბაღების 6 დირექტორი და 7 ბუღალტერი დააკავეს.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული არიან ივეტა გეგუჩაძე - დირტექტორი, ლალი თევდორაძე - დირექტორი, მზია სანაძე - დირექტორი, ქეთი ფანჩულიძე - დირექტორი, ცისანა კუბლაშვილი - დირექტორი, თინათინ სვანაძე - დირექტორი, ლამზირა ლიკლიკაძე - ბუღალტერი, მზექალა ჩარკვიანი - ბუღალტერი, მარეხი ჩიტორელიძე - ბუღალტერი, მარინა ბაჯაძე - ბუღალტერი,ნარგიზა ლაღაძე - ბუღალტერი, ნინო ჭილაძე - ბუღალტერი და ცირა ვადაჭკორია - ბუღალტერი.

შსს-ში ამტკიცებენ, რომ დირექტორები და ბუღალტრები სისტემატურად შედიოდნენ მეწარმეებთან კორუფციულ გარიგებაში და დანაშაულებრივად ითვისებდნენ ბავშვების კვებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად სახსრებს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშულებრივი სქემა მოქმედებდა ორი წლის განმავლობაში, რის შედაგადაც მითვისებლია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 მილიონ ლარამდე თანხა. დანაშაული ითვალისწინებს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

მართალია, დიდი გამოძიების შედეგად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მხოლოდ 7 ბაღზე მიიტანა ეჭვი, მაგრამ იმერეთის გუბერნატორმა განაჩენი ყველას გამოუტანა.

 

ბაღის გამგეების დაკავებასთან დაკავშირებით პრეზილენტის რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლაშა მაქაცარიამ სპეციალური ბრიფინგი მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ ქუთაისის ყველა ბაღის გამგე თანამდებობიდან გათავისუფლდება.

 

“ამ სფეროში კორუფციული სქემა კარგა ხანია არსებობს და ერთხელ და სამუდამოდ წესრიგს დავამყარებთ”, - განაცხადა ლაშა მაქაცარიამ.

 

ბაღების სისტემაში რეორგანიზაცია უკვე დღეიდანვე დაიწყება და გამოცხადდება კონკურსიც ახალ ვაკანსიებზე. ქუთაისში სულ 35 საბავშვო ბაღია. ყველა ბაღს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.  წელს ამ ბაღებისათვის 4 900 000 ლარი იყო გამოყოფილი.

 

სანამ ბაღების საქმეს მოაგვარებდა, მანამდე შსს-მ აფთიაქებისკენ გაილაშქრა და საკმაოდ “წარმატებითაც”. ამ რამდენიმე დღის წინათ 40 აფთიაქარი დააკავეს და გვარიანი თანხაც აართვეს გირაოს მეშვეობით.

 

აფთიაქების საქმეზე დაკავებული 40-მდე პირიდან უმრავლესობას გირაო 20-დან 40 ათასამდე შეეფარდა. აფთიაქების ხელმძღვანელების დაკავება 5 დღის წინ განხორციელდა და ფსიქოტროპული წამლების რეალიზაციას უკავშირდებოდა. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებების გარეშე საქონლის, კერძოდ ფსიქოტროპული ნივთიერების “კოაქსილის” გადაზიდვა-გასაღებას რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ჯანდაცვის მინისტრი კი მომხდართან დაკავშირებით დეტალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. როგორც ურუშაძემ განაცხადა, “გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ”. მინისტრმა მხოლოდ ის განმარტა, რომ ნარკოტიკულ და მათ მსგავს ნივთიერებათა შემცველ მედიკამენტებზე “განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს”.