რატომ მოიგებს ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებს?

რატომ მოიგებს ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებს?

[მანანა აბაშიძე]
”ენ-დი-აი”-ს მიერ გამოქვეყნებული, პოლიტიკური გარემოს სოციოლოგიური კვლევის შედეგები მეტად საინტერესო და მრავალმხრივ ყურადსაღებია. დასმული იყო ძალიან საინტერესო კითხვები და მიღებული პროცენტული მაჩვენებლები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აშკარად, დასაშლელია და თითოეული მათგანია - და არა მხოლოდ მთლიანად კვლევა, კომპლექსურად - მინიმუმ ცალკეული სტატიისა თუ ინტერვიუს თემა. თუმცა, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ, გვინდა ამჯერად, კვლევების შედეგების ე.წ. პარტიულ ნაწილზე შევჩერდეთ.

კვლევის შედეგის თანახმად, გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ პარტიები ხალხის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ”ძალიან ცოტას აკეთებენ”, 4% თვლის, რომ ისინი ამ მხრივ ”ბევრს მუშაობენ”, 20% კი მიიჩნევს, რომ პარტიები ამ მხრივ ”არასაკმარისს აკეთებენ”.

შედეგი იმდენად მძიმეა, რომ პარტიებს ალბათ, მისი გაპროტესტების სურვილი გაუჩნდებათ. თუმცა იქამდე, უმჯობესია, თავად გაიაზრონ, სწორი იყო თუ არა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები... ყველაზე უარესი ისაა, რომ გარდა პოლიტიკური შეცდომებისა, პარტიები ვერც საპროტესტო ამომრჩეველთან ურთიერთობის ხელოვნებას ფლობენ. უფრო ზუსტად კი, მათი საქმიანობა მოკლებულია მეცნიერულ საფუძველს.

მთელს მსოფლიოში ათეულობით წლების წინ გაიაზრეს, რომ პარტიისა თუ ლიდერის წარმატება, პოლიტიკური სვლების გარდა, დიდ წილად, ამომრჩევლის ემოციაზეცაა დამოკიდებული. ემოციებსა და მათ მართვას კი პოლიტ-ტექნოლოგები, ფსიქოლოგები თუ სხვა მომიჯნავე მეცნიერებები თუ პროფესიები სწავლობენ.

არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, კუბოკრული პერანგებისა და კოპლებიანი ჰალსტუხების ერთად ტარების დიდი მოყვარული - ზურაბ ნოღაიდელი. და ასე არასოლიდურად გამოწყობილი პოლიტიკოსი ხელისუფლებას ”ხელ-ფეხის მიმტვრევით” ემუქრება. უკითხავს ოდესმე ნოღაიდელს, რომელიმე ფსიქოლოგისთვის როგორ აღიქვამს ასეთი არასოლიდურობის ფონზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ამომრჩეველი? რამდენად დამაჯერებლი ან არადამაჯერებელია ისინი მათთვის?

ნინო ბურჯანაძეს დიდი, თვალში მოსახვედრი, ძვირფასიანი ოქროს სამკაულების ჭარბად გამოყენება უყვარს. ასე იგი ხშირად ჩნდება საზოგადოებაშიც, ტელეეთერშიც და შეწუხებული საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონია. უკითხავს ოდესმე ბურჯანაძეს რომელიმე ფსიქოლოგისთვის, რამდენად გულწრფელად ჟღერს, რამდენად დამაჯერებელია მისი ეს შეშფოთება მოსახლეობისთვის ამ სამკაულების ფონზე?

გოგა ხანდრავამ თბილისელებს რაც გვიწოდა, გახსოვთ ალბათ; გუბაზ სანიკიძემ კი, ამომრჩეველს ”საქონელი” თუ რაღაც მსგავსი ეძახა... სანამ ამას იტყოდნენ, რომელიმე მათგანმა ჰკითხა შესაბამის სპეციალისტებს, თუ როგორ მიიღებდა ამას ამომრჩეველი ანუ რა გავლენას მოახდენდა ეს მათ რეიტინგებზე?

ბოლო დროს ირაკლი ალასანიას ლექსიკაში ახალი სიტყვა გაჩნდა - ”ტრანზიცია”. ადვილი მისახვედრია, რომ მისი არსი საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების მინიმუმ ნახევარმა ვერ გაიგო... საინტერესოა, მოეთათბირა ალასანია ფსიქოლოგებსა თუ სხვა მომიჯნავე სპეციალისტებს იქამდე, სანამ პოლიტიკურ ლექსიკაში კიდევ ერთ, ახალ და უმეტესობისთვის რთულად გასაგებ ტერმინს შემოიტანდა?

მართლაც მოკლებულია თუ არა პარტიების საქმიანობა ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველს? ”პრესა.გე” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რა ქნან პარტიებმა ამ შედეგის შემხედვარე... თავში ხელი შემოირტყან?
- საერთოდ, უმჯობესია, რომ ამა თუ იმ პარტიამ - როგორც პროფესიონალი პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა - უფრო ადრე შეამჩნიოს ხოლმე ტენდენციები და იქმადე შემოირტყას თავში ხელი სანამ ამას მოსახლეობა გაიაზრებს და სოციოლოგიაშიც აისახება. ვიმეორებ, გაცილებით უფრო ადრე იყო ნიშნები იმისა, რომ მოსახლეობაში პარტიების მიმერთ უკმაყოფილება მწიფდებოდა.

ალბათ, ასეთი შედეგის მიზეზია არამარტო ის, რასაც აკეთებენ პარტიები არამედ ისიც, რასაც ისინი არ აკეთებენ. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ პარტიები უფრო ქმედითები უნდა იყვნენ და იმის შიშით, რომ რამე არ გააფუჭონ, გაჩერებულები არ უნდა იყვნენ. სწორედ ამაზე მიუთითებს ეს შედეგები.

პარტიები პასიურები არ უნდა იყვნენ და პასიურნი რომ არიან, ეს განსაკუთრებით, ამ არჩევნებზე გამოჩნდა. ამიტომ დაკრისტალდა ეს დამოკიდებულება ასე ამ შედეგებში. ადრე, მოსახლეობის ცნობიერებაში ეს ასე მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ იყო. თუმცა, აპრილის მოვლენების შემდეგ ეს უკმაყოფილება ნელ-ნელა იზრდებოდა. ამ არჩევნებში გამოჩენილმა პასიურობამ კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა მოსახლეობაში იმის განცდა, რომ ეს პარტიები თავიანთ ფუნქციებს ვერ პასუხობენ.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში - და არამარტო წლევანდელი, არამედ, წინა ორი არჩევნების დროსაც - არც ერთი პარტია არ დაინტერესებულა ისეთი მეცნიერებებით, როგორებიცაა: პოლიტ-ტექნოლოგიები, ფსიქოლოგია... სოციოლოგიაში მხოლოდ რეიტინგები აინტერესებდათ და არა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ პოლიტიკური ბრძოლის მეცნიერულ მეთოდებს ხელისუფლების გარდა საერთოდ არავინ იყენებდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ ძალიან მძიმე შედეგის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა,რომ პარტიების საქმიანობას გამოცლილი აქვს მეცნიერული საფუძველი?
- დიახ, გეთანხმებით. მართლაც, ამ და ასეთი ტიპის ცოდნას არავინ იყენებდა ხელისუფლების გარდა. სამაგიეროდ, ისინი იყენებდნენ ძალიან ფართოდ და ძალიანაც მოქნილად.

ოპოზიცია ზალიან ხშირად ლაპარაკობდა ხოლმე ირონიული ღიმილით, რომ აი, ხელისუფლება პოლიტ-ტექნოლოგიებით მუშაობსო... თუმცა, ირონიული ღიმილი საქმეს არ აკეთებს. აღმოჩნდა, რომ ეს პოლიტ-ტექნოლოგიების გამოყენება შედეგს იძლევა. მათი ღიმილი კი უშედეგოდ დარჩა.

თქვენ განათლებითა და საქმიანობით ფსიქოლოგი ბრძანდებით. ოდესმე, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას თავში აზრად მოსვლია, რომ თქვენთვის ეკითხა: რომელი ფერი როგორ განაწყობს საზოგადოებას; როგორ ვიმეტყველო; საუბრის როგორი მანერა თუ ტემპო-რიტმია გამაღიზიანებელი მოსახლეობისთვის და პირიქით; რამდენად გასაგები თუ გაუგებარია ჩემი ლექსიკა და ტერმინოლოგია ამომრჩევლისთვის?
- სიმართლე რომ გითხრათ, უკითხავთ, მაგრამ მთელი პრობლემა ისაა, რომ პოლიტ-ტექნოლოგიებთან მუშაობა უნდა იცოდე. სწორედ ამით განსხვავდება ხელისუფლება ოპოზიციისგან. ხელისუფლება მათ დიდი ხნით აბარებს ხოლმე საქმეს, უჯერებს მათ და ასე შემდეგ... ოპოზიცია მოიწვევს ხოლმე პოლიტიკასა და პოლიტ-ტექნოლოგიებში ჩახედულ ადამიანებს რაღაც ერთი-ორჯერ შეხვდება, კითხავს მათ აზრს - სწორედ ისე, როგორც ჟურნალისტები გვეკითხებით - მაგრამ ასეთი ჟურნალისტური ინტერვიუს იქით მუშაობა არ მიდის.

რატომ?
- იმიტომ, რომ პოლიტ-ტექნოლოგებთან მუშაობა არ იციან. პოლიტ-ტექნოლოგებთან მუშაობა ნიშნავს ჩათვალო, რომ შენ რაღაც არ იცი, მაგრამ იცის მან. პოლიტიკოსებს კი ხშირად უჭირთ იმის აღიარება, რომ რაღაც არ იციან. ამიტომ პოლიტ-ტექნოლოგებთან მუშაობაა საჭირო და თანაც, არა ინტერვიუების აღება მათგან არამედ, რეგულარად უნდა იმუშავონ.

და დასავლელი პოლიტიკოსები რომ მისხალ-მისხალ ასრულებენ პოლიტ-ტექნოლოგების მითითებებს, რას აგებენ ამით? ან საქართველოს ხელისუფლებამ რა წააგო? რატომ ვერ მიხვდა ამ ყველაფერს ოპოზიცია?
- ვერ გეტყვით ოპოზიცია ვერ მიხვდა თუ არ მიხვდა... დიდი ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის ინტერესი არ აქვს. მან, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისას მიაღწია - ის მიჩნეულია ოპოზიციად! მას აღებული აქვს გარკვეული რაოდენობის ხმები; თუ გადალახა კანონით დადგენილი ბარიერი, მაშინ ამისათვის მიიღებს გარკვეულ თანხას რომელიც კვალიფიციურ პოლიტიკურ ძალას ეკუთვნის. რაში ჭირდება შემდგომი ბრძოლა და ხელისუფლებაში მოსვლა?

თუმცა, ოპოზიციაში არის ორი გამოკვეთილი ფიგურა - ბურჯანაძესა და ალასანიას ვგულისხმობ; მიუხედავად იმისა, ისინი დღეს ამაზე საუბრობენ თუ არა, ფაქტია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ორივე თანაბრად მოიაზრება პრეზიდენტობის სავარაუდო მსურველად. შესაბამისად, ბურჯანაძესა და ალასანიასთან დაკავშირებით ალბათ, რთულია იმის თქმა, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლა არ სურთ...
-ალასანიასა და ბურჯანაძეს რაც შეეხებათ, მე ვერ გამოვყოფდი ასე მკამიოდ რომელიმე ჯგუფს. თუმცა გეთანხმებით, რომ ამ ორმა ჯგუფმა თავადაც არ დაიტოვეს უკან დასახევი გზა და იბრძვიან. მაგრამ ერთია განაცხადი, მეორე - რეალობა.

ანბანის პირველ ასოებს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერ გუნდს, დღეს, შეუძლია, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი დააკომპლექტოს? ”ჩრდილოვანი კაბინეტი” ხომ არც ერთს არ აქვს. ბურჯანაძეს კიდევ, როგორც ჩანს, რაღაც ეკონომისტების ჯგუფი ჰყავს - რაღაც პროგრამა დაწერეს და წარადგინეს... ჰყავს რაღაც-რაღაც პროფესიებით მომუშავე ჯგუფები. ალასანიასთან ხომ დიპლომატების მეტი არავინაა...

რატომ? ალასანიას ეკონომისტების ჯგუფმა წინასაარჩევნოდ მცირე ბიზნესის განვითარების ეკონომიკური პროგრამა ხომ დაწერა?
- კარგი, ვთქვათ, ეკონომისტების ჯგუფი ჰყავს, მაგრამ არის ეს რაოდენობა საკმარისი იმისათვის, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოყალიბდეს? არის აღმასრულებელი სპექტრის ყველა მიმართულებით ამუშავების შემძლე?

”ჩრდილოვანი კაბინეტის” ერთ-ერთი ფუნქცია ხომ ხელისუფლების ცალკეული მიმართულებების კონტროლია. არის ეს კონტროლი? ვისმენთ მის შედეგებს ყოველთვიურად? ჩვენ ჟურნალისტებისგან ვისმენთ ხოლმე მძიმე სოციალური ფონის, არასწორი თუ უკანონო პრივატიზაციების შესახებ და ა.შ. ჟურნალისტები კი არა, პარტიები უნდა აკეთებდნენ ამას, მაგრამ აქვთ მათ ამის პოტენციალი?

ანუ მათ დრო სჭირდებათ?
- თუ მათ ამის პროფესიული პოტენციალი არ აქვთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ რეალურად უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა? თუ გულში მაინც ფიქრობენ: ახლა ხელისუფლებაში რომ მოვიდე, მთელი ეს გაუკეთებელი საქმე ხომ უნდა გავაკეთო... იქნებ, გაუცნობიერებლად, მაინც უფრო ოპოზიციონერობისკენ მიუწევთ გული და არა, ხელისუფლებაში მოსვლისკენ?

იქნებ, უნდათ, მაგრამ რესურსები არ აქვთ და დრო სჭირდებათ?
- მეტი რა დრო უნდა სჭირდებოდეთ? ალასანიას და ბურჯანაძის პარტიები ყველაზე ახალგაზრდა პარტიებია, მაგრამ ჩვენ ვიცით პოლიტიკური სუბიექტიები, რომელთა ისტორიაც ათეულ ან რამდენიმე ათეულ წელს ითვლის... მეტი რაღა დრო უნდა სჭირდებოდეთ?

დღეისათვის არსებული რეალობა თითქოს, ერთი, ძალიან მძიმე, დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა... ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ თუ პარტიები ახლავე არ დაიწყებენ კვალიფიციურ - მათ შორის, პოლიტ–ტექნოლოგებთან, ფსიქოლოგებთან თუ სხვა, მომიჯნავე პროფესიების სპეციალისტებთან - შეთამაშებულ მუშაობას, 2012 წლის არჩევნებსაც მმართველი პარტია მოიგებს. თან, ძალიან მძიმე უპირატესობით. ასეა თუ ეს, არასწორი შთაბეჭდილებაა?
- რა თქმა უნდა, მოიგებს! კიდევ ერთი რამ არ იციან: ჩვენ ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ იმის გამო, რომ ყურს არავის უგდებს. არც ოპოზიცია უსმენს ვინმეს. ის კი არა, მგონი ხელისუფლება უფრო უსმენს და ოპოზიცია - არა! სწორედ ამითაა განპირობებული ხელისუფლების შედეგები.

რამდენჯერმე, იმ ჯგუფის შემადგენლობაში, ექსპერტებს რომ ეძახიან, კონსულტაციებისთვის მივუწვევივართ და უკითხავთ, გადაედგათ თუ არა ესა თუ ის ნაბიჯი; მოწმე ვყოფილვარ, როგორ უთქვამს ყველას, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი არ იყო, მაგრამ მაინც გადაუდგამთ.

აბა რა აზრი ჰქონდა თქვენთან კონსულტაციას?
- ეტყობა, თუ დავეთანხმებოდით, ისინიც უფრო ომახიანად იქნებოდნენ და იტყოდნენ, ექსპერტებიც მხარს გვიჭერენო! ეს, მხარდაჭერის დეკლარირება აკლდებოდა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს, თორემ დანარჩენი ყველაფერი ისევე რჩებოდა როგორც გეგმავდნენ.

იყო შემთხვევა, როდესაც ერთ კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით რამდენიმე ექსპერტს აზრი გვკითხეს. ყველამ ვთქვით, რომ ამის გაკეთება საჭირო არ იყო. თავად პოლიტიკოსებიც ასევე ფიქრობდნენ; ყველა, გარდა ერთისა - იმის, ვისაც ლიდერის ფუნქცია ჰქონდა აღებული. ლოგიკური არგუმენტებით ვერაფერს გავხდით, რადგან მას ემოციური არგუმენტები ჰქონდა.

სწორედ ეს ემოციის პირველობა ფარავს ლოგიკასაც, საექსპერტო თუ პროფესიულ რჩევასაც, სხვისა აზრსაც... ”მე ასე ვგრძნობ” და მიდის ამ თავისი გრძნობების მიხედვით.

არადა, ხელისუფლებამ რა კარგად ისწავლა ემოციების დამორჩილება...
- კი, ისწავლა! უნდოდა გალახვა და არ გალახა მთელი სამი თვე! ვინ იცის, მოითმენდა თუ არა ოპოზიცია, რომ სამი თვე არ გაეკეთებინა ის რისი გაკეთებაც უნდოდა...

ამ ტიპის დეტალებზეა ლაპარაკი. თუ ემოციებს ვერ მართავ, მაშინ მართლა არ გჭირდება პოლიტ-ტექნოლოგიები. პოლიტ-ტექნოლოგიები ხომ მაშინ მუშაობენ, როდესაც გარანტიაა, რომ მოიქცევი არა ისე, როგორც გინდა არამედ, ისე-როგორც საჭიროა. ამათ ჯერ არ შეუძლიათ მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროა, იქცევიან ისე, როგორც უნდათ. გარკვეულ ასაკში ეს ბავშვებს ახასიათებთ.

ოპოზიციას საყმაწვილო სენი ჭირს?
- საყმაწვილოს არ ვიტყოდი, რადგან ყმაწვილობა უფრო ზედა ასაკია.

არადა, დღეს არსებული ვითარება ობიექტურად სახიფათო შეიძლება იყოს - რამდენ ხანს გასტანს ეს სტაგნაცია?
- სახიფათო მართლაც შეიძლება იყოს, მაგრამ ისევ და ისევ ვუბრუნდები იმას, ვინც არის პირველწყარო მიღწევებისაც და შეცდომებისაც - საზოგადოებას. ამ ოპოზიციონერებმაც ტავი დაუსჯელად რომ იგრძნეს, საზოგადოების ბრალია; საზოგადოებამ დაიწყო ლაპარაკი, რომ ოპოზიციას ნუ გავაკროტიკებთ, ისიც ეყოფათ, ოპოზიცია რომ არიანო.

ყველას კრიტიკაა საჭირო. მოსახლეობა კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი ყველა იმის მიმართ ვინც მისი სახელით ლაპარაკობს - ხელისუფლებაში მყოფისაც და ოპოზიციაში მყოფისაც. ანუ ვინც უნდა გააკეთოს ის რაც ხალხს არ მოეწონება, მოსახლეობას ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს. პოლიტიკურ რეალობას თვალი ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც თანაბრად უნდა გაუსწოროს თვალი. არც ერთი და არც მეორე ბავშვურ მდგომარეობაში არ უნდა დატოვო.

ინფანტილიზმით დავაავადეთ ხელისუფლება, ამის ძეგლად, შადრევნები გვიდგას ყოველ ნაბიჯზე. იგივე ინფანტილიზმი ჭირს ოპოზიციასაც, რომელმაც ჯერ ძეგლის დადგმა ვერ მოასწრო - თვითონ დგება ძეგლის მაგივრად ყოველ მეორე ქუჩაზე, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არ არის.