სააკაშვილი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს თავისი პარტიის დაფინანსებას და ბილეთების ფულს, ფლორიდაში ფეშენებელური ვილის ყიდვით არის დაკავებული – არჩილ თალაკვაძე

სააკაშვილი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს თავისი პარტიის დაფინანსებას და ბილეთების ფულს, ფლორიდაში ფეშენებელური ვილის ყიდვით არის დაკავებული – არჩილ თალაკვაძე

„ადამიანი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს თავისი პარტიის დაფინანსებას და ბილეთების ფულს, ადამიანი რომელიც თავის საზოგადოებას საქართველოში ტელეხიდებით სთხოვდა თითოლარიან შემოწირულობას – სინამდვილეში  მაიამიში, ფლორიდაში ფეშენებელური ვილის და ოკეანისპირას ახალი სახლის ყიდვით არის დაკავებული” – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილის მიუნხენიდან გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ფაქტი საერთოდ არ იქნებოდა აღნიშვნის ღირსი, რომ არა ერთი გარემოება – „ეს  არის ვითომ შეჭირვებული ბატონი სააკაშვილი და მისი ოჯახი, რომლებიც სინამდვილეში ამ მომეტში, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ეკონომიკაზე და სიღარიბის დაძლევაზე – მაიამიში, ფლორიდაში ბინას ეძებენ. ეს არის თქვენი სახე და არ შეიძლებოდა ეს უპასუხოდ დაგვეტოვებინა” – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძე უტიფარ ტყუილს უწოდებს სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს გაკოტრებული შემოვიდა პოლიტიკაში.

„Forbes-ის სიას თუ ჩავხედავთ, ბიძინა ივანიშვილის ქონება სწორედ 2012 წელს  იყო ყველაზე მეტი, 2012 წელს სწორედ ბიძინა ივანიშვილის აქტივები და ქონება იყო ყველაზე მაღალი ნიშნულით შეფასებული. ეს არის როგორი მატყუარებიც ხართ და შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება” – განაცხადა თალაკვაძემ