„სათქმელი თუ ჰქონდა, მანამდე უნდა ეთქვა...“ - „ოცნება“ საკუთარ ყოფილ მინისტრს ბოიკოტს უცხადებს

„სათქმელი თუ ჰქონდა, მანამდე უნდა ეთქვა...“ - „ოცნება“ საკუთარ ყოფილ მინისტრს ბოიკოტს უცხადებს

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებასთან დაკავშირებით თუ გვქონდა რაიმე კონკრეტული წინადადებები, კარგი იქნებოდა ტრიბუნიდან მაშინ  გაჟღერებულიყო, როდესაც ჩვენ მას არაერთხელ მოვუსმინეთ, როგორც ეკონომიკის მინისტრს - ამ რანგში არაერთი მოსმენა იყო,“ - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ხვალინდელ მისვლასთან დაკავშირებით.

დეპუტატთა ჯგუფის მოწვევით, ხვალ პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა. შეხვედრა 13:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზშია ჩანიშნული, სადაც, როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან გარკვეული შეკითხვები იქნება დასმული.  

„კითხვა მექნება - გაჟღერდა, რომ თითქოს ჩვენ 10%-იანი ზრდის პოტენციალი გვაქვს, მაგრამ გარკვეული ფაქტორები ხელს უშლის. კარგი იქნებოდა ეს ფაქტორები გვცოდნოდა მაშინ, როდესაც თვითონ გახლდათ ეკონომიკის მინისტრი; თუ ეს ფაქტორები ვიცოდით, რატომ არ შევეცადეთ ამ ფაქტორების აღმოსაფრთხვრელად შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას; ან თუ შევიმუშავეთ ეს პოლიტიკა, რატომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაცა თანხვედრა არის პოზიციებში?“ - ამბობს ზოიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხვალინდელ შეხვედრას არ უნდა დაესწრონ.

„ვფიქრობ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ უნდა დაესწრონ, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდიდან წასული მინისტრების და დეპუტატების შეხვედრაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. ასევე საზოგადოება კარგად ხვდება კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ გადადგა ეს ადამიანი,“ - ამის შესახებ მდინარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

აკაკი ზოიძისთვის ხვალინდელი შეხვედრა განსაკუთრებული არ არის და მდინარაძის ამ განცხადებას ნაწილობრივ ეთანხმება კიდეც:

„ჩემი დასწრების არ ვიცი. უჩემოდაც მგონი დეპუტატთა რიცხვი საკმარისია, ვინც აპირებს, რომ ამ შეხვედრას დაესწროს. ხვალინდელ შეხვედრაზე თუ რაღაც განსაკუთრებული ან არაჩვეულებრივი იქნება გამოთქმული, ინტერესით მოვუსმენ და მივიღებ მონაწილეობას.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას თავისი პოზიცია გააჩნია, მე - ჩემი. შესაბამისად, ეს პოზიციები მეტ-ნაკლებად ემთხვევა. კარგი იქნება, თუ რაიმე სიახლეს იტყვის - სიახლე მანამდე უნდა ეთქვა და რახან არ თქვა, დიდად საინტერესო არ იქნება ეს,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.