ცნობილი ქართველი მსახიობი გივი ბერიკაშვილი ამ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებს:
„წინა საუკუნის სამოცდაათიანი წლებია. კახეთში ვიღებთ სურათს “ამკლების დაბრუნება”, მე ინსპექტორის როლი მქონდა ამ ფილმში.
ზაფხულია, პაპანაქება სიცხე. ვდგავარ შარაგზაზე ინსპექტორის ფორმაში გამოწყობილი. კინოკამერა დამალულია და მძღოლებმა არ იციან, რომ ნამდვილი ინსპექტორი არ ვარ.
ცოტა ხანში როლში შევიჭერი და რომელიმე მანქანის გაჩერება მოვისურვე. მართლაც გზაზე ერთი “გრუზავიკი” გამოჩნდა. აღვმართე ჭრელი ჯოხი და ჩავუსტვინე ნამდვილი ინსპექტორივით. გაჩერდა მანქანა. ჩამოსრიალდა მძღოლი, მსუქანია და ძალიან მაღალი. კახი კავსაძეს სიმაღლეში გვარიანად ასწრებდა. ჩამოვიწიე ქუდი თვალებზე, არ მიცნოს-მეთქი.
- საბუთები, თუ შეიძლება! – ვეუბნები მძღოლს. უხმოდ გამომიწოდა.
- კაცო, - ვეუბნები მკვახე ხმით, - შენა, რო დაბღუილობ აქა, ეს ტრასა საშლიგინო ხომ არა გგონია?
მძღოლმა მოწყალედ გამიღიმა, ალბათ იფიქრა, სიცხემ იმოქმედა ამ საწყალზეო. ცოტა ხანში მიხვდა, რომ რაღაცა ხდებოდა, მაგრამ - რა, ბოლომდე ვერ გაითვითცნობიერა. დაეჭვდა. ცოტა ჩაიმუხლა, რომ (დაბალი ვარ) სახეზე შემხედოს, მეც ჩავიმუხლე. იმან უფრო ჩამოიწია, მეც ჩავიწიე, იმან უფრო, მეც უფრო. ამ უფრო-უფროსობაში ჩამომვარდა ქუდი და შევრჩი ხელში გივი ბერიკაშვილი.
- ვაა! – იღრიალა, - გივი არა ხარ, კაცო შენა, ჩვენი გივი-ლონდრეი?
- ხო. კარგი, კარგი დაწყნარდი, - ვუბრუნებ საბუთს.
- იცი, რა? – დამეღრიჯა – დახიე ეგ საბუთი და ისე მამეცი.
- გაგიჟდი, რატომ უნდა დავხიო?
- ყველას ვეტყვი, გივი ბერიკაშვილმა დახია-მეთქი, სუვენირად მექნება. მიდი, დახიე რა.
ახლა მე დავეჭვდი, რომ მთლად დალაგებული არ იყო, მაგრამ ხელში ამიტაცა და იმდენი მკოცნა, სამმა კაცმა ძლივს დაგვაშორა ჩვენი გადამღები ჯგუფიდან”.