"ცდილობენ შვილმოკლული მამები ერთმანეთს დაუპირისპირონ, მაგრამ არ გამოუვათ"

ცდილობენ ორი შვილმოკლული მამა ერთმანეთს დაუპირისპირონ, მაგრამ ეს არ გამოვა, ორივე საქმეზე აუცილებლად იზეიმებს სამართალი, - ამის შესახებ ფეისბუქზე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე წერს.

ლონდარიძის თქმით, ზაზა სარალიძე ყოველთვის იდგა მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით.

"შვილმოკლული მამა წელიწადზე მეტია იბრძვის უსამრთლობის წინააღმდეგ. წარმოგიდგენიათ რა რთულია მამისთვის, უყურებდეს 12 ჭრილობით დასახიჩრებულ შვილის სხეულს და არ იცოდეს ვინ მოკლა. დილით სკოლაში მშვიდად გაშვებული შვილი ასე უმოწყალოდ დაჩეხილი დაუბრუნდა. თქვენ, ვინც ასე გულმოდგინედ აკრიტიკებთ დღეს მის ქმედებებს, შეძლებთ თუნდაც ერთი წუთით წარმოიდგინოთ თავი მის ადგილზე და ისე შეაფსოთ მისი ნაბიჯები. ზაზა სარალიძეს უმძიმეს ბრძოლასთან გამკლავება უწევს, მის წინააღმდეგ არაერთი პროვოკაცია დაიგეგმა. დაზარალებული ბრალდებულად აქციეს ისე, რომ არავის დაუსვავს კითხვა რამ მიიყვანა იმ კადრებამდე, რაც მთელმა საზოგადოებამ ნახა.

ზაზა სარალიძე მხოლოდ მის საქმეზე სიმართლის დასადგენად არ იბრძოდა, სადაც თუნდაც ერთ სიტყვას მისი შვილის მკვლელების დასასჯელად ამბობდა, მეორე სიტყვა აუცილებლად თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს შეეხებოდა. დიახ, მე ვარ ამის მოწმე და დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რა აქტივობაც არ უნდა დაგვეგეგმა ზაზა ყოველთვის გვთხოვდა, რომ აუცილებდა ერთად აგვეღნიშნა ეს ორი ძალიან მძიმე საქმე. დღეს კი მის მიმართ ცრუ ბრალდებები გაისმის, ათასგვარ სიბინძურეს ავრცელებენ. ცდილობენ ორი შვილმოკლული მამა ერთმანეთს დაუპირისპირონ, მაგრამ ეს არ გამოვა. ორივე საქმეზე აუცილებლად იზეიმებს სამართალი. ზაზა სარალიძე კი არსად წასულა, მას უკან არ დაუხევია და არც აპირებს, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს მისი ბრძოლა ურყევია, მისი მოთხოვნა კი უცვლელი. ადამიანის უფლებათა ცენტრი კი იდგება მის გვერდით, სამართლიან ბრძოლაში", - წერს ლონდარიძე.