მას არც ერთი წვეთი ღვინო არ მიუღია

მას არც ერთი წვეთი ღვინო არ მიუღია

მცდელობა იმისა, ტექნიკური ხარვეზი როგორღაც დაუკავშირონ პრემიერის თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობას, ძალიან სამარცხვინოა, - ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.

მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, ტრანსლაციისას მართლაც ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი და ის, რომ გარკვეულ ადამიანებს ბახტაძე თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფად მიიჩნიეს, აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ არის და სიცრუეა.

"ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტყუილი და სიცრუე. მცდელობა იმისა, რომ ტექნიკური ხარვეზი როგორღაც დაუკავშირონ პრემიერის თითქოსდა არაფხიზელ მდგომარეობას, ძალიან სამარცხვინოა. მისი სიტყვით გამოსვლის დროს იყო ტექნიკური ხარვეზი, რამაც გამოიწვია ის, რომ პრემიერის სიტყვები ისმოდა გაგრძელებულად, რასაც ჩემთვის აბსოლუტურად არ შეუქმნია ეს შთაბეჭდილება, მაგრამ გარკვეულ ადამიანებს აფიქრებინა, რომ პრემიერი თითქოს იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც არის სრული სიცრუე. ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ყველას შეუძლია, დარწმუნდეს, რომ მთელი დღის განმავლობაში, დილის 10 საათიდან პრემიერი წირვაზე იდგა, ყველა ერთად ვიყავით. მას იქ არც ერთი წვეთი ღვინო არც წირვის მსვლელობის დროს და არც წირვის შემდეგ არ მიუღია", - განაცხადა მამა გიორგიმ „ინტერპრესნიუსთან".

მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძის საუბარი შენელებული იყო და წყდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით "პირველმა არხმა" განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტრანსლაციის დროს ტექნიკური წუნი დაფიქსირდა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.