MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები N85 და N95 მარშრუტების მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. მწვანე ფერის 50 ავტობუსი ხუთ მარშრუტზე, მათ შორის, მუხიანის დასახლების, ვარკეთილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით გადანაწილდა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მუმლაძესთან და სხვა პირებთან ერთად, N95 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ახალი ავტობუსით იმგზავრა, მოქალაქეებს გაესაუბრა და მათგან ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„90 ერთეული ავტობუსიდან, რომელიც შევისყიდეთ, 50 უკვე ქალაქშია და დღეიდან, თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. დარჩენილი 40, ათმეტრიანი ავტობუსი ერთ თვეში ჩამოვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოვაწესრიგოთ. გარდა ამისა, 220 ერთეული, ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსები წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. ისინიც ევრო 6 ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებია. ასევე, უკვე ვიწყებთ მუშაობას დამატებით, 200 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე, რომელთაგანაც 100 – გაზზე მომუშავე იქნება, ხოლო 100 – ელექტრო. ამ ყველაფრის შედეგად, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას შეძლებთ, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, საჭიროა სიახლე, მეტი კომფორტი, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.