„ჩვენ, აზერბაიჯანელებს ოდესმე იქ გვილოცია? ჩვენს ისტორიაში მოიპოვება რაიმე ცნობები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელებს ამ კომპლექსის მშენებლობაში ოდესმე მიუღიათ მონაწილეობა? -არა. მაშ, მოდით, უფრო კეთილგანწყობილები ვიყოთ ქართველების მიმართ, წავიდეთ დათმობაზე, ქართველებისთვის დავით გარეჯი წმინდა ადგილია... მოდით, გავუგოთ ქართველებს“, - ამ სიტყვების ავტორია საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელი, რუსეთის მოქალაქე, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე ვიდადი აბასოვი.
ეხმიანება რა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ვიდადი აბასოვი თანამემამულეებს შეახსენებს, რომ დავით გარეჯი ქართველებისთვის არა მხოლოდ ისტორიული ძეგლია, არამედ ეს არის სასულიერო სიწმინდე, სალოცავი, სადაც წმინდანთა ნეშტები განისვენებს, სადაც ქართველი სასულიერო პირები დღემდე ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ეს არის ადგილი, რომელსაც ქართველები უდიდესი მოწიწებით ეკიდებიან. ეს არ არის უბრალოდ მიწა, არამედ საკრალური ადგილი, რომლის დასაცავადაც ქართველები იბრძვიან, რადგან თვლიან, რომ ეს მათი ერთგვარი ვალდებულებაა ღვთის წინაშე.
აქედან გამომდინარე, ვიდადი აბასოვი მოუწოდებს აზერბაიჯანელებს, გაითავისონ ყოველივე ზემოთთქმული და ნუ აღიქვამენ ქართველების ამ ხედვას ტერიტორიულ პრეტენზიად. მით უმეტეს, რომ საუბარია მთელს სამონასტრო კომპლექსზე, რომლის ნაწილიც ბოლშევიკების დროს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოექცა. ვიდადი აბასოვი ეჭვობს, რომ ბოლშევიკებმა საზღვარი გამიზნულად გაატარეს იმგვარად, რომ ქართველებისთვის წმინდა ადგილის ნაწილი აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩენილიყო, რათა შემდგომში ეს ორ ხალხს შორის შენელებული მოქმედების ნაღმი გამხდარიყო.
„აზერბაიჯანელებისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ არქიტექტურული ძეგლია, მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რომ ეს ადგილი ქართველებს ეკუთვნით და არა აზერბაიჯანელებს“, - ასკვნის აბასოვი.
ამ განცხადების პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ფაშა ზადეს წარმომადგნელ ალი ალიევთან შეხვედრა გაიმართა. საუბრისას ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას მოფრთხილება სჭირდება და დაძაბულობის გაღვივება დაუშვებელია, რადგან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს.
რა შედეგს გამოიღებს აზერბაიჯანელ ინტელიგენტთა მსგავსი მიმართვები და აღდგება თუ არა ისტორიული სამართლიანობა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებით?! რატომ არ იმაღლებენ ხმას სამართლიანობის დასაცავად საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ინტელიგენციის წარმომადგენლების პოზიცია სულ სხვაა, პოლიტიკა კი სულ სხვა. დავით გარეჯის საკითხიც უკვე პოლიტიკაა. ამიტომ გააჩნია, როგორი ზეწოლა მოხდება პირადად ილხამ ალიევზე საზოგადოების, ინტელიგენციის, თვითონ აზერბაიჯანის სასულიერო წრეების, უცხოეთის მხრიდან, რომ მეგობრობამ გადაძლიოს პოლიტიკას და ალიევმა პიროვნულად მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
„მე მაინც მგონია, რომ დავით გარეჯის საკითხის მოგვარება რაღაც კომპრომისით დამთავრდება, რომელსაც საიდუმლო მუხლები ექნება და ამ საიდუმლო მუხლებს ჩვენ ვერასდროს გავიგებთ. ახლა დავით გარეჯზე ვსაუბრობთ, მაგრამ საინტერესოა, რატომ მივივიწყეთ საინგილო? ესეც ხომ სახელმწიფო პოლიტიკაა. სხვათა შორის, კომუნისტების დროს მომიხდა საინგილოში ჩასვლა, მაშინ მეცნიერებათა აკადემიაში ვმსახურობდი, ვიზიტისას გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლები გვახლდნენ, პატრიოტები, ერთი ინგილოც გვახლდა. ადგილზე ჩასვლისას ისეთი კონფლიქტი მოხდა, რომ მერე ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი მჟავანაძემ დაიბარა და სიტყვა-სიტყვით გეტყვით, ასე უთხრა: „შენ გინდა საათივით აწყობილი რესპუბლიკა დამიშალო?“ ვინც გვახლდა საინგილოდან, მან აზერბაიჯანული იცოდა და კარგად ესმოდა, იქაური პოლიციელები რას ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. ეს საშინელება იყო, რის მეგობრობა, რა მეგობრობა, იგინებოდნენ, არ შემოვუშვათ, საჭმელი არ ვაჭამოთო. მოკლედ, მშივრები დაგვტოვეს“, - ასეთნაირად იხსენებს წარსულში მომხდარ ფაქტს სოსო ცინცაძე.
მისივე განმარტებით, თითქოს აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, ამ დროს კი დავით გარეჯი მათთვის მხოლოდ ქვა-ღორღი და უდაბნოა, სადაც რეალურად აზერბაიჯანს არაფერი აინტერესებს. განა ვინმეს სჯერა, რომ ილხამ ალიევს, ან აზერბაიჯანელ რომელიმე ისტორიკოსს ღრმად სწამთ, თითქოს დავით გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლია?! ცხადია, ეს არავის სჯერა, მაგრამ ეს არის კოზირის კარტი აზერბაიჯანის ხელში, რადგან, თუკი სამხედრო კონფლიქტი მოხდება აზერბაიჯან-სომხეთს შორის, მაშინ ეს კოზირი ამოქმედდება და ორივე მხარე შეეცდება საქართველო გაიხადოს თავის სამხედრო მოკავშირედ.
„დღეს როგორც არ უნდა ვირტყათ მჯიღი, რომ ისინი ჩვენი ძმები არიან, ფაქტია, ჩვენ გვაქვს სერიოზული კონფლიქტი აზერბაიჯანთან. ამას ჰქვია სასაზღვრო კონფლიქტი და ჩვეულებრივ ენაზე თუ გადავიტანთ მომხდარს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ იქ ქარხანა გქონდა აშენებული, თუ მონასტერი. უბრალოდ, მონასტერს დამატებითი დატვირთვა აქვს, რელიგიური, მორალური დატვირთვა, მონასტერი უკვე ფასეულობაა. იქ რომ ყოფილიყო ფაბრიკა, ქარხანა, დიდი მეურნეობა, განა რამე შეიცვლებოდა? ეს კლასიკური სასაზღვრო კონფლიქტია, აზერბაიჯანი იძახის, ჩვენია ეს ტერიტორია, ჩვენ ვიძახით, რომ დავით გარეჯი ჩვენია. ჯუმბერ პატიაშვილის დროს სამჯერ მეტ ზღაპრულ ტერიტორიებს ვთავაზობდით აზერბაიჯანელებს ბერთუბნის სანაცვლოდ, აკადემიაში მზადდებოდა პროექტები, მაგრამ აზერბაიჯანის მხარე კომპრომისზე არ მიდიოდა. იმ პერიოდში მამა ალიევი უკვე მოსკოვში მსახურობდა, იგი ცეკას მდივანი იყო, შევარდნაძეს კი მაშინ იმდენი გავლენა არ ჰქონდა“.
„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ერთპიროვნული მოთხოვნა და თხოვნაა ორივე ხელისუფლების მიმართ, რომ ეს საქმე დროულად, მშვიდობიანად, მეგობრულად გადაწყდეს, რათა არ დაზიანდეს არც საქართველოს, არც აზერბაიჯანის ინტერესი.
„ჩვენ წინააღმდეგნი ვართ იმ ადამიანების მხრიდან გაკეთებული განცხადებების, რომლებიც პროვოკაციულია და ეროვნული დაპირისპირებისკენ მოუწოდებს ხალხს. ამის უკან ჩვენ ვხედავთ სხვა ქვეყნების ინტერესებს. ცალკეული ადამიანები ცდილობენ, სტრატეგიული, ისტორიულად მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპირონ, მაგრამ იმედი მაქვს, ქართული საზოგადოების უმრავლესობა, ისევე, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანში მცხოვრები აზერბაიჯანელები ამ ზრახვების განხორციელებას არ დაუშვებენ“, - აცხადებს ალი ბაბაევი.
მისი თქმით, პირადად იგი სადაც კი ყოფილა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, დარწმუნდა, რომ ფრესკები და წარწერები მთლიანად ქართული ისტორიული მემკვიდრეობისაა, ეს ქართული ისტორიული ძეგლია და დავით გარეჯთან მიმართებით პრეტენზია აზერბაიჯანში არავის აქვს. უბრალოდ, არსებობს სადავო ტერიტორია, რომლის კუთვნილებაც სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს. კომისიაში უნდა შევიდნენ კომპეტენტური ისტორიკოსები, ანალიტიკოსები, კავკასიოლოგები, ქართველოლოგები, ალბანოლოგები.