ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობენ

ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობენ

ჩემი მეგობრების უდიდესმა ნაწილმა საქართველო 90-იანი წლების დასაწყისში დატოვა. წასვლის მიზეზი საკმაოდ პროზაული იყო - გადარჩენა. მათ არა მხოლოდ საკუთარი თავი - საქართველოში დარჩენილი ახლობლებიც გადაარჩინეს. უცხო მიწაზე ისინი შედგნენ, როგორც პროფესიონალები, თავისუფალი ადამიანები; დღეს, ემიგრანტების ყურადღება საქართველოსკენაა მოპყრობილი. ისინი გაფაციცებით აკვირდებიან პოლიტიკურ მოვლენებს, მსჯელობენ, აფასებენ, ვარაუდობენ, შიშობენ...და, დიდი ნოსტალგიის მიუხედავად, საქართველოში დაბრუნებას არ ჩქარობენ.

ია

“ხშირად მესიზმრება თბილისი ღამით. წარმოიდგინე, სიზმარში, საოცარი სიჩქარით ქალაქის ცაში დავფრინავ. მერე დაბლა ვეშვები, ჩემი მეგობრების ფანჯრებში ვიჭყიტები. მაინტერესებს გავიგო, როგორ არიან, რას აკეთებენ, ვისთან არიან... ამ უცვლელ სიზმარს ჩემი ემიგრანტული ცხოვრების მანძილზე ძალიან ხშირად ვხედავ“ - ამბობს ია, რომელიც უკვე თითქმის 20 წელია ინგლისში ცხოვრობს.

„გაღვიძების მომენტს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თვალებს დიდი ხნის განმავლობაში არ ვახელ. ვემზადები, რომ დავინახავ ჩემი ბინის ჭერს რუსთაველის პროსპექტზე და იმელის შენობის რელიეფს მარქსით, ენგელსით და ლენინით. ამ სურათს ვხედავდი მთელი ბავშვობა ოთახის ფანჯრიდან. მაგრამ სოციალიზმის იდეოლოგების ნაცვლად, ბლო ოცი წელია ლოიდის ბანკის სილუეტს ვუყურებ მსოფლიო კაპიტალიზმის ცენტრში - ლონდონის სიტიში.

იას არც სოციალიზმის ნოსტალგია აქვს, არც ამ იდეოლოგიის შემოქმედთა სიყვარული. მას თბილისი და ბავშვობის ხატები ენატრება: მშობლების ბინა, სადაც დაიბადა და გაიზარდა, რუსთაველის პროსპექტი და მთაწმინდის პანთეონი, სადაც ახალგაზრდობაში ხშირად ადიოდა.

45 წლის ია ბრიტანეთის მოქალაქეა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლონდონში ცხოვრობს; მთაწმინდის ნაცვლად, თავისუფალ დროს ჰაიგეიტის სასაფლაოზე დახეტიალობს. მსოფლიოს ამ განთქმულ განსასვენებელში, რომელსაც მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების ტურისტები ლონდონის მთავარ ღირსშესანიშნაობად თვლიან, ია ბავშვობის ნოსტალგიას იქარვებს - თბილისში, გაღვიძებისას მარქსის პროფილს ხედავდა, ჰაიგეიტში ფილოსოფოსის საფლავის ქვაზე ზის და მის მასიურ ბიუსტს შესცქერის- „აქ გასაოცარი სიმშვიდეა - ამბობს ია - და მეც, ყოველდღიურ ორომტრიალს მოცილებული, მარადიულზე, თბილისზე და ბავშვობაზე ვფიქრობ“.

იას ოჯახი არ ყავს. ჩასვლისთანავე ენები ისწავლა და საქმიანი შეხვედრების ორგანიზებას მიყო ხელი. „ემიგრაციაში მეტისმეტად ბეჯითი და მიზანსწრაფული გავხდი“ - ამბობს სიცილით. შრომობს, იხდის გადასახადებს, თავს საშუალო კლასს მიაკუთვნებს. ინგლისმა ძალიან ბევრი რამ მისცა და ასწავლა: „მნიშვნელობა არ აქვს ცხოვრებაში რამდენჯერ წაიქცევი. მნიშვნელოვანია, რამდენჯერ შეძლებ ადგომას. ეს ქვეყანა სწორედ ფეხზე დადგომაში დამეხმარა. აქ სახელმწიფო ზრუნავს შენზე: შესაძლებლობას გაძლევს იმუშაო, არ მუშაობ - სოციალურად გიცავს. უყურადღებოდ არ გტოვებს - ბინით უზრუნველგყოფს, სამსახურის შოვნაში გეხმარება. სოციალური დაცვის მიუხედავად, თუ არ ვმუშაობ, თავს ინფუზორიად ვგრძნობ. როგორი დიდიც არ უნდა იყოს გადასახადი, ვალდებული ვარ გადავიხადო. ვიცი, რომ ჩემი ფული დევიდ კემერონის და სხვა ჩინოვნიკების ჯიბეში არ წავა. ის ხალხს მოხმარდება. აქ ცივილიზაციაა – გაწონასწორებული, თავშეკავებული ხალხი, რომელიც შენს სიტყვას უსმენს . შენი ხმა არასდროს დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. აქ აზრის გამოთქმის უფლება გაქვს. უკმაყოფილებაზე ყოველთვის გაგეცემა პასუხი და იცი - შენს წუხილს გაითვალისწინებენ. კანონდარღვევები ყველგან არის, მაგრამ ყველაფერი ფარდობითია. ამ ქვეყანაში პირველ რიგში კანონის უზენაესობას იცავენ“.

დასავლური ცივილიზაციის სიკეთეზე პასაჟის შემდეგ, უადგილოდ მეჩვენება ემიგრანტთან საქართველოში დაბრუნების პერპექტივაზე კითხვის დასმა, მაგრამ მაინც, ნოსტალგია ხომ ძლიერია!..იას მშობლიური ქალაქი ენატრება, მაგრამ ლონდონში ურჩევნია ცხოვრება - „საქართველო, ჯერჯერობით არ არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი: არ არსებობს განვითარების პერსპექტივა, არც - განსხვავებული აზრის პატივისცემა“.

20 წლის განმავლობაში ია მხოლოდ ერთხელ ჩემოვიდა მშობლიურ ქალაქში. ეს იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ , 2003 წლის იანვარში. ქალაქმა და ადამიანებმა მასზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს. გარემო და ურთიერთობები შეცვლილიყო. „ჩემი ეზო რუსთაველზე პრაქტიკულად მკვდარი დამხვდა. ბინების ფანჯრები - აჭედილი. ძველი მეზობლებიდან მხოლოდ ორი ოჯახი იყო დარჩენილი. სხვებს თურქებზე გაეყიდათ ბინები და სადღაც გადასულიყვნენ. მომეჩვენა, რომ ურთიერთობების სფერო გაფუჭდა, ფასეულობები აყირავდა. მთავარ ღირსებად ითვლებოდა, ვის რა ეცვა და რა მარკის მანქანას მართავდა. უცხოური ორგანიზაციების ოფისებში მოკალათებული ტიპები ყველა დანარჩენებს ზემოდან უყურებდნენ და „განსაკუთრებულ კასტას“ ქმნიდნენ. პატიოსანი ადამიანი ყველას ფეხზე ეკიდა. მდიდრებად და ღატაკებად დაყოფილ საზოგადოებაში მე ვერ დავინახე პროგრესი, ვერც მატერიალური, ვერც - გონებრივი. ხალხი ან იგივე დონეზე იყო, ან - უარესად“.

ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება იაზე ლტოლვილებით დასახლებულმა სასტუმრო „ივერიამ“ დატოვა. მას შემდეგ რვა წელი გავიდა და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. „ივერია“ ფეშენებელურ „რედისონად“ გარდაიქმნა, მაგრამ სასიკეთო ცვლილებები მის სკეპტიციზს ვერ ანელებს. ის ყოველდღე კითხულობს სტატიებს, აგროვებს სტატისტიკას, უყურებს საინფორმაციო გამოშვებებს და ქვეყნის განვითარებას აკვირდება: „საქართველოზე არეული შთაბეჭდილება მრჩება. ძალიან კარგია, ქურდები რომ აღარ ბლატაობენ, პოლიციის იმედი რომ გაქვს და ქუჩაში თამამად დადიხარ. მაგრამ მიშა არ ტოვებს გონიერი კაცის შთაბეჭდილებას. ჰალსტუხის ჭამა და ყვირილი საჯარო გამოსვლებისას არ არის ნორმალური ადამიანის ქცევა. გაეროში მისმა ბოლო გამოსვლამ ომამდელი ჰიტლერის ქრონიკები მომაგონა - როცა ის „მაინ კამფს“ წერდა და ექსპანსიისთვის ემზადებოდა. ძალიან მინდა, ჩემს ქვეყანას დაბალანსებული ადამიანი მართავდეს, რომელიც „მეტი სარგებლის“ კომერციული ლოზუნგით არ ეცდება ხალხის მოტყუებას“

გლდანის ციხის კადრები ბრიტანეთის ტელეარხხებმაც აჩვენეს. ამან რადიკალურად შეცვალა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება - „ახალაიების დედა რომ ვიყო, ალბათ, ჯერ შვილებს დავხოცავდი, მერე თავს მოვიკლავდი და შვილების მამას მარადიული ტანჯვისთვის გავწირავდი“ - ამბობს ია.

მისი თქმით, ბრიტანეთის ემიგრაციას არჩევნებზე დიდად არ უაქტიურია. საარჩევნო უბანზე უმეტესად ნაციონალების მხარდამჭერები და დიპკორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ.

არჩევნების შემდგომ, ია, საქართველოს ამბებს გაათკეცებული ინტერესით ადევნებს თვალს: „ვაკვირდები ახალ პოლიტიკიურ ძალას. არ მინდა ქართველები ისევ იმედგაცრუებულნი დარჩნენ. ივანიშვილი კომერსანტია, მაგრამ არ ვიცით, როგორი პოლიტიკოსი იქნება. არჩევნებიდან ორი კვირაც არ გასულა და უკვე არასასურველი, ძველი ხალხი გამოჩნდა: კიტოვანი, კანდელაკი, კიდევ ვიღაც-ვიღაცეები.... დიდი შიში მაქვს ჩრდილოეთიდან მზის ამოსვლის - ეს ჩვენ სამუდამოდ ჩამოგვაშორებს ცივილურ სამყაროს. ეს დაუშვებელია!

ია ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში: „საშუალება რომ მომეცეს, სიამოვნებით გავუზიარებდი თანამემამულეებს ჩემს გამოცდილებას. ინგლისში ურთერთობა მაქვს როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო სექტორთან, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მიმართ ინტერესი აქაურ ბიზნესწრეებში არ შემიმჩნევია. ჩემი ქვეყანა მიყვარს, მენატრება. დიდი სურვილი მაქვს ცხოვრების დარჩენილი ნაწილი საქართველოში გავატარო, ოღონდ ისეთ ქვეყანაში, სადაც ფეხი თუ გადამიბრუნდება, წამომაყენებენ. დღეებს ვითვლი. ვიმედოვნებ, ამ დროს მოვესწრები“.

ანა

ანა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქმართან ერთად ვარდების რევოლუციის შემდეგ წავიდა მას შემდეგ, რაც მის მეუღლეს, წვალებით ნაშოვნ სამსახურში ხელფასი ჯერ გაუნახევრეს, მერე გაუმესამედეს. მწირი შემოსავლით ოჯახს ვერ შეინახავდნენ, ამიტომ გამგზავრების შანსი გამოიყენეს და არც ნანობენ: „საქართველოში დაბრუნების სურვილი არ მაქვს - ამბობს ანა - დიდად არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან. თუმცა, როგორც საქართველოს მოქალაქემ, არჩევანი გავაკეთე და ხმა „ქართულ ოცნებას“ მივეცი. ჩემი აზრით, მიშა უნდა წასულიყო. ვხედავდი, რომ საქართველოში იგებოდა გზები, შენდებოდა ტურისტული კომპლექსები, მაგრამ რად გინდა აჭარის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, რომლებიც მანჰეტენის სასტუმროებზე ძვირია, მითუმეტეს, საყოველთაო უმუშევრობის და გაჭირვების ფონზე?! ხელისუფლებისადმი ნდობა დიდი ხანია დავკარგე. საქართველოში კარგად იწყებენ და ცუდად ამთავრებენ. მიშას ხელისუფლება ვარდებით მოვიდა და ცოცხით წავიდა. თუ ვერც ახალი ძალა ივარგებს, ვფიქრობ, მასაც მალე მიაწვდიან ცოცხს“ - ამბობს ანა.

საქართველოში დაბრუნებაზე არც კი ფიქრობს. ნანობს, რომ 20 წლის ასაკში არ დატოვა ქვეყანა. „რამდენი დრო დავკარგე ერთი ადგილის ტკეპნაში, უშუქობასა და უგაზობაში, გაჭირვებასთან ბრძოლაში! არადა, რამდენი რამის სწავლა შეიძლებოდა! - დანანებით აღნიშნავს ანა - საქართველოში დიდად ვერ განვვითარდი. ემიგრაციაში კი უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა - ვიგრძენი, რა არის თავისუფლება. ვმუშაობ, ეკონომიურად აქტიური, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, მაქვს შესაძლებლობა მატერიალურად დავეხმარო ოჯახს, მეგობრებს, ვიარო ნიუ-იორკის მუზეუმებში, მეტროპოლიტენ ოპერაში, განთქმულ ჯაზ-კლუბებში... ვერ ვიტყვი, რომ ამერიკაში ჩემი მომავლისთვის გავაკეთე რამე. არა, ეს გამორიცხულია, როცა ფინანსურად ორ კონტინეტზე გიწევს ცხოვრება. ვიცნობ ძალიან ჭკვიან, ნიჭიერ ადამიანებს, რომელთაც საკუთარ მომავალზე ზრუნვისთვის არც ფული რჩებათ, არც დრო. მუსიკოსი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით აქ არ მიმუშავია. სანამ მე და ჩემი მეუღლე შვილს ამერიკაში ჩამოვიყვანდით, თბილისში, თვეში საშუალოდ 1200 დოლარს ვუგზავნიდით ოჯახის წევრებს. ყველა ხარჯს - სამედიცინო მომსახურებიდან დაწყებული, სახლის მიმდინარე რემონტით დამთავრებული, ჩვენ ვაფინანსებთ. პენსიონერ მშობლებსა და დედმამიშვილებს ფულთან ერთად ტანსაცმელსაც ვუგზავნით. გაჭირვებას საქართველოში ვერა და ვერ მოეღო ბოლო. ვეღარ ამობრწყინდა იბერიის მზე... ასე რომ, ემიგრანტებს ამოსუნთქვის საშუალება არ გვაქვს“.

მას არ აქვს იმედი, რომ საქართველოში, თუნდაც ორ წელიწადში რამე უკთესობისკენ შეიცვლება. საქართველოსნაირ ქვეყანაში გარანტირებული არაფერია. „საქართველო აბსურდების ქვეყანაა. მთავრობაც აბსურდულია. ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ. ელოდები უკეთესს, გამოდის უარესი! ამას გარდა, დაბრუნების შემთხვევაში, ყველაზე რთული ქართულ მენტალობასთან შეგუება იქნება“ – დასძენს ანა.

„მძიმედ მახსოვს სამსახურებრივი ურთიერთობები - ამბობს ანა - მანდ ყველაფერი ჭორაობაზე იყო აგებული. ვითომ მეგობრები, სინამდვილეში ერთმანეთის მტრები იყვნენ. საქმეს არავინ აკეთებდა. მუშა ფუტკრებს კი ათჯერ მეტს თხოვდნენ და შრომას არ უფასებდნენ. თუ არ იყავი ინტრიგანი, ფავორიტი ვერ გახდებოდი. ფავორიტის სტატუსის გარეშე კი სამსახურს ვერ შეინარჩუნებდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თუ რქიანი, თავხედი და „პადხალიმი“ არ ხარ, შენს პოზიციას ვერ იცავ, საკუთარ კუთხეს ვერ პოულობ! გყავს ვიღაც „ხაზეინი“, რომელსაც რასაც უნდა იმას აკეთებს! საქართველოში ცხოვრების პერიოდში ეს პრობლემა ძალიან მაწუხებდა. მეეჭვება, მენტალობის მხრივ რამე შეცვლილიყო. ამას დიდი დრო სჭირდება“.

მენტალობის პრობლემა ანას ამერიკაში არ აწუხებს - მისი დამქირავებელი პენსიონერი მილიონერია, ემიგრანტების ოჯახი ამერიკელი ქალბატონის ერთ–ერთ მამულს უვლის და იქვე ცხოვრობს.

„ემიგრანტების დიდ ნაწილს, ცნობიერება უკვე შეცვლილი აქვს - ამბობს ანა - თუ საქართველო სოციალურად საიმედო ქვეყანა გახდება, ეს ხალხი სამშობლოში დაბრუნდება და ქვეყანას წაადგება. 41 წლის ვარ. ცხოვრება ახლა იწყება. ღმერთმა დაიფაროს და, რამე რომ გამიჭირდეს, მირჩევნია ამ დროს აქ, ამერიკაში ვიყო. ვიცი, რომ სახელმწიფო დამეხმარება. როცა სასწრაფო ოპერაცია გჭირდება, საავადმყოფოს მიმღებში არავინ გეკითხება შეგიძლია თუ არა ფულის გადახდა. პირველ რიგში, შენი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. ყველაფერს აკეთებენ სწრაფად და ხარისხიანად. თუ გადახდისუუნარო ხარ, სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. თამამად შემიძლია ვთქვა - აქაურმა სისტემამ უამრავ ქართველს შეუნარჩუნა სიცოცხლე“.

სანდრო

ის პიანისტია. 18 წლის წინ ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ბედნიერია პროფესიული მიღწევებით: ბადახოსის კონსერვატორიის პროფესორი, აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას პედაგოგიურ საქმიანობასთან ათავსებს. დღის პირველ ნახევარში, საკონცერტო პროგრამას ამზადებს, მეორე ნახევარში - სტუდენტებს ამეცადინებს. ეს არის მისი სამუშაოც და გართობაც. დანარჩენი დრო სოციალური ქსელებითა და ტელევიზიის მეშვეობით საქართველოს ამბებს იგებს.

„სექტემბრის ბოლოს ესპანეთის ყველა არხი ციხის ვიდეოს აჩვენებდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კომენტარებით. სიუჟეტების ყურებისას განსაკუთრებით მომხვდა გულზე ერთი ფრაზა: „საქართველო სამოთხესავით ლამაზია, მაგრამ სტალინი და ბერია სწორედ ამ ქვეყნის შვილები არიან“ - დასანანია, რომ მხოლოდ ბოროტი გენიოსებით გვიცნობენ.

ჩემი აქაური ცხოვრება თბილისურისგან განუყოფელია, რადგან მანდ, სამშობლოში, უახლოესი მეგობრების გარდა, ოჯახის 5 წევრი მყავს. სამი - პენსიონერი, ერთი -უმუშევარი, ერთი - სტუდენტი. რომ არა ჩემი ყოველთვიური ეკონომიური დახმარება, ისინი, ალბათ ცოცხლები აღარ იქნებოდნენ. ვიცი, პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა! თვრამეტი წელია ჩემი ახლობლებისა და მეგობრების გაუსაძლის გაჭირვებას ვხედავ. არადა, თამამად შემიძლია ვთქვა - უკომპრომისობით, პროფესიონალიზმითა და ღირებულებათა ერთგულებით, ისინი ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილს წარმოადგენენ.

ჩემი ქვეყნისა და ახლობლების ლამის ტრაგიკული, დამამცირებელი მდგომარეობა გულს მიკლავს. ამიტომ ვერ ვცხოვრობ, როგორც სრულყოფილი პიროვნება. ჩემს განწყობას უკურნებელი სენით დაავადებულისას თუ შევადარებდი“.

სანდრო ყოველ წელს ჩამოდის თბილისში ოჯახის წევრებისა და მეგობრების სანახავად. მისი ვიზიტები დატვირთული გრაფიკის გამო, დიდხანს არ გრძელდება: „საქართველო სულ მენატრება თავისი ჰაერით და სურნელებით. მენატრება თბილისის ქუჩები... ის ინტელექტუალური გარემო და მეგობრობის გრძნობა, რაც, მაგალითად ესპანეთში, იგივე ძალით არ არის განცდილი“.

„აქაურობაც ძალიან მიყვარს - 24 წლის ვიყავი აქ რომ ჩამოვედი. ესპანეთმა მიმიღო და დამაფასა, მოქალაქეობა მომცა. აქ ყოველდღიურად მახსენებენ, რომ ქვეყნისთვის სარგებლობა მომაქვს, რაც უდიდეს სტიმულს მაძლევს. ბევრს მივაღწიე როგორც პროფესიონალმა და თავს მოვალედ ვგრძნობ ამ ქვეყნის წინაშე. თან საშინელი ბრაზი მაქვს მათ მიმართ, ვინც უგუნური პოლიტიკით ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ემიგრანტად აქცია. მე საქართველო იძულებით დავტოვე- ამის გაკეთების არანაირი სურვილი არ მქონია. ჩემს სამყაროში ვიყავი. ინტერესებიც მქონდა და საქმეც. მაგრამ აღარ იყო საარსებო სახსარი და პერსპექტივა. სხვა გზა აღარ დამრჩა და წამოსვლის შანსი გამოვიყენე. ეჭვი მაქვს, რომ საქართველოდან ხალხის განდევნა ხელოვნურად და მიზანმიმართულად მოხდა. სიამოვნებით ჩამოვიდოდი სამშობლოში.სურვილი მაქვს ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს გავუზიარო. მაგრამ 18 წელი მცირე დრო არ არის - მე ამ ქვეყნის წინაშეც მაქვს ვალდებულებები“ – გვითხრა სანდრომ.

სანდრო ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქართული იდენტობა უძლიერდება, მიუხედავად ამისა, ქართული მენტალობის ბევრი გამოვლინება მისთვის მიუღებელი და გულდასაწყვეტია. „დამოკრატია წარმოუდგენელია რასიზმის, და სხვა რელიგიების მიმართ არატოლერანტობის პირობებში. ესპანეთი კათოლიკური ქვეყანაა, მაგრამ დემოკრატიამ იმას მიაღწია, რომ განსხვავებული მრწამსისა და შეხედულების ადამიანები სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ. ამისთვის მათ არავინ აკრიტიკებს, არც - ზღუდავს. ვისურვებდი, იგივე ვითარება ყოფილიყო საქართველოში“.