პერიოდულად საქართველოს გადარჩენის ერთადერთ გზად ხან ნეიტრალიტეტს გვისახავენ, ხანაც უბლოკო სტატუსს. ამის პარალელურად, აქტიურდებიან ნეიტრალიტეტის მოწინააღმდეგენიც და იხსენებენ მაკიაველის ცნობილ ნათქვამს, „ნეიტრალიტეტს მტრები გვთავაზობენ, რომ მერე შენზე იბატონონ“...
ჰგავს თუ არა ნეიტრალიტეტი, ან უბლოკო სტატუსი მაზოხისტურ თვითგვემას და ნიშნავს თუ არა კაპიტულაციას ოკუპირებული საქართველოსთვის?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე ესაუბრა.
როდესაც ნეიტრალიტეტზეა საუბარი, ყველამ იცის, რომ ცალკე ნეიტრალიტეტი არ გამოვა და ეს სტატუსი უნდა ემთხვეოდეს ყველა სხვა დიდი და ძლიერი სახელმწიფოს სურვილს, იხილოს ნეიტრალური ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე. ეს კი რთულად რეალიზებადი ამოცანაა. რამდენად დაგვაშორებს ეს სტატუსი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს? ხომ არ დავრჩებით დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე?
- თუკი ნეიტრალური სტატუსის ქვეყნად ვიქცევით, ეს ნიშნავს, რომ ვერ ვიქნებით სამხედრო ალიანსის წევრი. ამიტომ პრობლემა მხოლოდ იმით არ ამოიწურება, რამდენად დაგვაშორებს ნეიტრალიტეტი ნატოსთან ინტეგრაცის პროცესში. ზოგადად, მე მგონია, რომ ოკუპირებული ქვეყანა უნდა ცდილობდეს, შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები და არ დაკარგოს ისინი. რეალურად ნეიტრალიტეტის მოთხოვნა არის სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეებზე უარის თქმა. ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ჰყავს მტერი რუსეთის სახით, რომელიც ყველანაირი მეთოდით, პირდაპირი, სამხედრო აგრესიის, თუ არაპირდაპირი, საინფორმაციო ომის მეთოდით, ჰიბრიდული ომის ფორმებით ცდილობს, ჩვენი ქვეყანა არსებობდეს მხოლოდ ფორმალურად, რუკაზე და რეალურად არ იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. ასეთ პირობებში, ზოგადად, პოლიტიკის თეორიაშიც, უსაფრთხოების საკითხების მეცნიერებაშიც და ყველგანაც საუკეთესო გამოსავალია, გვყავდეს ძლიერი მეგობრები, მათ შორის, სამხედრო მეგობრები, ამიტომაც ნატოსთან ინტეგრაცია ამ მხრივ ეროვნული ინტერესის საკითხია.
სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ ხომ არ დაჩქარდა პროცესები და „პატრიოტთა ალიანსი“ ამიტომაც ხომ არ ალაპარაკდა ნეიტრალურ სტატუსზე? მოგეხსენებათ, ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის მშენებლობის იდეას არ იწონებს.
- ბუნებრივია, რუსეთის ინტერესია, საქართველო არ იყოს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სამხედო ალიანსის წევრი. შესაბამისად, საქართველოში რა ფორმულირებას შეიძენს ეს იდეა-მიუმხრობლობის, ნეიტრალიტეტის, უბლოკო სტატუსის, ეს ტექნიკის ამბავია. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს იმ რეფერენდუმის შედეგები, სადაც ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა საკუთარი ეროვნული ნება ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მგონი, პრეზიდენტი ამ ეროვნულ ნებას უნდა ემორჩილებოდეს. დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და საფუძველია ის, რაც ხალხმა რეფერენდუმზე ნათლად თქვა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ყოველწლიურად და წელიწადში რამდენჯერმეც ტარდება, ეს გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებობს ძალიან მტკიცე კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ სამწუხაროა, თუკი პრეზიდენტი არ ითვალისწინებს ამ ყველაფერს.
ამერიკის სამხედრო ბაზებზე იყო საუბარი, ნატოში წევრობა იმას ნიშნავს, რომ ნატოს წევრობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა აღმოჩნდნენ ამერიკის სამხედრო მოსამსახურეები, გაიხსნას ნატოს ბაზა და ა.შ.
ალბათ, ჩვენს საზოგადოებაში იმ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება, რომ ჩვენ არ უნდა გავაღიზიანოთ რუსეთი. მართალია, რუსეთი მუდამ გაღიზიანებულია, მაგრამ ამერიკული ბაზები ამ თვალსაზრისით უვნებელია?
- იცით რა, რუსეთის გაღიზიანება ერთი საკითხია, მაგრამ მარტივად რომ ავხსნათ, როდის უფრო დაუცველია საქართველო, როდესაც ის არ არის ძლიერი სამხედრო ალიანსის წევრი და მას თავდაცვითი ამოცანების შესასრულებლად გვერდით არავინ უდგას, თუ მაშინ, როდესაც საქართველო იქნება უძლიერესი სამხედრო ბლოკის წევრი და მაგალითისთვის თეორიულად დავუშვათ, მის ტერიტორიაზე განთავსებულ იქნება იმ ქვეყნის სამხედრო ბაზები, რომელთა ბიუჯეტიც რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტს ათჯერ და მეტჯერაც აღემატება. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ საქართველო დაუცველია მაშინ, როდესაც ის არის სუსტი და არის მარტო. ცხადია, საქართველო უფრო უსაფრთხოდაა, როდესაც ძლიერ მეგობრებთან აქვს მჭიდრო კავშირი.
ცალკეული ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ძალიან კარგად იცის, ნატოში არ მიგვიღებენ და ამაოდ ვირჯებით. ამ მხრივ თქვენ იმედიანად ხართ განწყობილი?
- ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი თავისთავად უკვე არის ძალიან სერიოზულ პოზიტიურ შედეგთა მომტანი საქართველოსთვის, რადგან თვითონ ამ პროცესით დღესაც კი საქართველო ძალიან დიდ სარგებელს იღებს. შევადაროთ დღევანდელი ქართული არმია 20 წლის წინანდელ არმიას. რასაც დღეს წარმოადგენს ქართული შეიარაღებული ძალები, დიდწილად ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ყველაზე კარგი ლაკმუსის ტესტი იმისთვის, არის თუ არა ნატოში გაწევრიანება რეალურად კარგი ქვეყნისთვის, არის სამხედროებთან საუბარი. ეს უნდა ვკითხოთ თვითონ სამხედროებს და, მე მგონია, სამხედროების პასუხი ამაზე ერთმნიშვნელოვანია. ამ ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან ფასი სამხედრო სამსახურის, ფასი უსაფრთხოების, ფასი თავდაცვის და მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მათი უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს მეგობარი.
პარალელები შეიძლება მოვიყვანოთ უკრანასთან მიმართებით, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკრაინამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, თუმცა რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობა შებღალა, სისხლში ჩაახშო. ასევე, საინტერესოა შევარდნაძის მაგალითიც, რომელმაც დსთ-ში შეიყვანა საქართველო, მაგრამ ამის მიუხედავად, ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღადგინა. პოსტსაბჭოთა სივრცის ეს მაგალითები ხომ არ ადასტურებს, რომ ნეიტრალიტეტის მომხრეებს რუსეთისგან სიკეთის ქმნის 1%-ის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ?
- დავიწყოთ იმით, რომ რუსეთმა უკრაინის დამოკიდებლობა ვერ ჩაახშო. მიუხედავად იმისა, რაც მოხდა ყირიმში, უკრაინის არმია მაინც ფეხზე დადგა და დღითი-დღე ძლიერდება. რა თქმა უნდა, უკრაინის დღევანდელი პოლიტიკური ლიდერები, ახლადარჩეული პრეზიდენტიც და წინა პრეზიდენტიც კარგად ხედავენ და ხედავდნენ იმას, რამხელა დანაშაული და პოლიტიკური შეცდომა იყო, ნატოსთან მჭიდრო კავშირების გაწყვეტა და უკრაინული არმიის პრაქტიკულად დანგრევა იანუკოვიჩის მიერ. სინამდვილეში, ნეიტრალიტეტი სატყუარაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, ჩემი აზრით, ცოტანი არიან საქართველოში. ისინი არ არიან გაცნობიერებულნი ამ საკითხში და ჰგონიათ, ნეიტრალიტეტს რომ გამოვაცხადებთ, მერე ყველა თავს დაგვანებებს. ბუნებრივია, ასე არ იქნება, არსებობს ინტერესი, რუსეთის ინტერესი, საქართველო არ იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამით დამთავრდა ყველაფერი. ჩვენთვის თუ ღირებულია თავისუფლება და დამოუკიდებლობა, უნდა ვეძებოთ სწორედ ასეთი მეგობრები, ანუ თავისუფალი და დამოუკიდებელი დემოკრატიულ სახელმწიფოების კავშირი. ასეთი ერთადერთია და ეს არის სწორედ ნატო.