მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს გია ხუხაშვილს. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ჩანაწერიდან ჩანს, რომ საქმის გამოძიების საფუძველი არსებობს, მაგრამ გაურკვეველია რატომ არ მოხდა შესაბამისი სამართლებრივი მოქმედება და რატომ გაანთავისუფლა სუს–მა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერის მიხდვით სოსო გოგაშვილის მარშრუტს სწავლობდა.
for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
პანკისის ხეობაში ტერორისტების არსებობაზე, პირველად შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში გაკეთდა განცხადება, რასაც ავტომატურად მოჰყვა ამერიკელების შემოყვანა. დღესაც აქტუალურია პანკისის ხეობა და უშუალოდ მაჩალიკაშვილის, როგორც ტერორისტად გამოცხადება. ამის მიუხედავად, ხელისუფლება პასიურობს, მაჩალიკაშვილის მიმართ არ ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, ქართული მხარე ამერიკელებისგან ელოდება კონსულტაციებს, რა შესაბამისი ნაბიჯები გადადგას?
გია ხუხაშვილი: არა მგონია, რომ მაჩალიკაშვილის თემა საერთაშორისო განხილვის თემა იყოს. თუ ხელისუფლება დარწმუნებულია იმ კვალიფიკაციაში, რაც საჯაროდ გაახმოვანეს, თქვენ რასაც ამბობთ, ეს შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ ძალიან ხმამაღალი განცხადებები არ გაკეთდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც საჯაროდ აცხადებ, რომ ადამიანი არის ტერორისტი და ამის შემდეგ მას არ აპატიმრებ, ან ვერ აპატიმრებ – ერთ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ხელისუფლება უბრალოდ არ არსებობს. არა მგონია, რომ მსოფლიოში იყოს პრეცედენტი, ვინმე ტერორისტად გამოაცხადონ და მერე მას ეპატიჟებოდნენ სპეცსამსახურებში და ის პასუხობდეს, რომ დღეს არ მცალია და ხვალ მოვალო.
ჩემთვის გაუგებარია, რა შუაშია არიან აქ ამერიკელები. ამერიკელებთან შეიძლება ზოგადად პანკისის სირთულეებთან დაკავშირებით კონსულტაციები იყოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ რამე კონსულტაცია იყოს. მით უმეტეს, რომ ეს ადამიანი 9 თვეზე მეტია რუსთაველზე კარავში ცხოვრობს. პანკისში ხომ არ ვითარდება მოვლენები, მოვლენები ვითარდება თბილისში და მისი აყვანა არავითარ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ დგამს ამ ნაბიჯს ხელისუფლება, თუკი ეს ადამიანი გეგმავდა ტერორისტულ აქტს?
– აქ იბადება სწორედ კითხვები, თვითონ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს ეჭვმიტანილი მძიმე დანაშაულის მომზადებაში. მაგრამ ეს ტერორისტული აქტია, თუ შურისძიება, ანუ მკვლელობის მომზადება, რაც ასევე ძალიან მძიმე დანაშაულია, აქ უკვე ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. შეიძლება ხელისუფლების დაბნეულობა ზუსტად ამას უკავშირდება, რომ ამ საქმისთვის ტერორიზმის კვალიფიკაციის მიცემა, პროცესუალურად შეიძლება პრობლემატური გახდა.
თითქოს რაღაცა დაბნეულობასთან გვაქვს საქმე...
– აბსოლუტურად გეთანხმებით. უცნაურობა იცით რაშია, ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ ეს ადამიანი არის ტერორისტი და ამ დროს თავისუფლებაზეა. მე ძალიან მაინტერესებს, ის ათეულობით, თუ ასეულობით ადამიანი, რომელთანაც მას ყოველდღიურად აქვს კომუნიკაცია, კარავში ზის, ტელევიზიებში დადის და ინტერვიუებს იძლევა, იმ ადამიანების უსაფრთხოება დაცულია? თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს ტერორიზმისკენ, ხომ შეიძლება რაღაცა უბედურება დაატრიალოს. ძალიან მაინტერესებს ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, რა საქციელი, რა ქმედებებია ეს ყველაფერი? ზუსტად, რომ ხელისუფლების მოქმედების ეს აბსურდულობა აჩენს შეთქმულების თეორიების განვითარების საფუძველს. მით უმეტეს, რომ ის ჩანაწერი რაც მოგვასმენინეს, არ იყო გუშინდელი ჩანაწერი.
სწორედ ამიტომ ჩნდება მთავარი კითხვა და ასევე უნდობლობა, რას ელოდებოდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ჰქონდათ ეს ცნობილი ჩანაწერი, რატომ არ გადავიდნენ ოპერატიულ მოქმედებაზე, რა გარანტია ჰქონდათ, რომ მაჩალიკაშვილი ჩანაფიქრს სისრულეში არ მოიყვანდა?
– სამწუხაროდ, ეს საქმე ტოვებს კითხვის ნიშნებს. ამ ტერაქტში მისი თანამზრახველი – ძმისშვილი დაიბარეს სუს–ში, ელაპარაკნენ შენ რა ტკბილი და მურაბა კაცი ხარო, ჩვენ შენთან პრობლემა არ გვაქვსო, ესეც უთხრეს და გამოუშვეს. კარგით, მაჩალიკაშვილი არ მივიდა, მაგრამ ძმისშვილი ხომ მივიდა? თუ ამ ტერაქტის თანამონაწილე და თანამზრახველი იყო, როგორც გვეუბნებიან, მაშინ რატომ გამოუშვეს ეს ადამიანი?
ეს საქმე დღემდე რჩება სუს–ში კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მაგრამ არ გადადის ქმედით ღონისძიებაზე, იქნებ იმიტომ, რომ სუს რაღაცას მალავს?
– როდესაც ინფორმაცია არის მწირი, ამ დროს, ინფორმაციული შიმშილი ადამიანებში უნებურად იწყებს თეორიების განვითარებას. მე მაგალითად ასეთ თეორიას განვავითარებდი –ის გაუგებრობა, რაც მოხდა პანკისში ცოტა ხნის წინ, ბოლო პერიოდში არ არის ერთეული შემთხვევა, ხოლო სუს–ში, სადაც სერიოზული სკადრო ცვლილებები დაიწყო, შეიძლება მათი საქმიანობის აუდიტიც ჩატარდეს და ა.შ. აჩენს ეჭვს - სისტემა თავს ხომ არ იცავს ასეთი ოდიოზური ფორმით? უწყებაში ჩნდება ახალი მოადგილე, ადამიანი, რომელიც გარედან შედის და შეიძლება დავალებით შედის, გაიგოს რა ხდება ამ უწყებაში, ამ დროს უწყება იწყებს თავდაცვას.
პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია სუს–ში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით...
– ამ ფონზე ვინმეს განთავისუფლება შეუძლებელია და ესაა თავდაცვის რეჟიმი. ანუ, სუს–ის მთავარი ამოცანა ტერორისტული აქტის გახსნა კი არ იყო, არამედ იყო თავდაცვა, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს უწყებაში სერიოზულ ცვლილებს. ტერორიზმის კვალიფიკაცია იმისთვის იყო საჭირო, რომ უწყებრივ დაქვემდებარებაში დაეტოვებინათ ეს საქმე. ნებისმიერი სხვა კვალიფიკაციის შემთხვევაში, ის უნდა გადასულიყო შსს–ს, ან გენერალური პროკურატურის კომპეტენციაში. ასეთ შემთხვევაში სუსკარგავდა კონტროლს ამ საქმეზე. მე არ ვამტკიცებ, რომ ასეა, მაგრამ იმდენად უცნაურად ვითარდება მოვლენები, რომ ეჭვები ჩნდება.
ყველა ვთანხმდებით, რომ შურისძიების მოტივით მკვლელობა და მით უმეტეს ტერორისტული აქტი, ორივე მძიმე დანაშაულია. თუ იმ ვერსიას გავყვებით, რომ თავიდანვე არასწორი კვალიფიკაცია მიეცა ამ საქმეს, გამოდის, რომ სუს რაღაცას მალავს?
– საქმეს თავის სისტემაში კეტავს და რაც მთავარია, ამ ფონზე, რომ ტერაქტი მზადდებოდა სუს–ის უფროსის ან, მოადგილის მოხსნა გაუგებარი იქნებოდა. ანუ, შესაძლოა, სუს–ის ელიტა თავდაცვის რეჟიმშია გადასული და ამ ფორმით იცავენ თავს. ასეთი რაღაცეები ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში და არა ერთი. თანამდებობის პირი როდესაც იგებს, რომ ანთავისუფლებენ, იწყებს რაღაცა მოქმედებას, რომ თავი გადაირჩინოს.
სახიფათო თამაში ისეთ საკითხთან, როგორიც არის ტერორიზმი?
– სახიფათო თამაშებია, როცა ადამიანი თავს იცავს, მაგრამ ის ასეთ საკითხებზე არ ფიქრობს. არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები. რაც პანკისში მოხდა, სადმე იყო სახელმწიფო ინტერესი? შეიძლება უწყებათა შორის დაპირისპირებასთან იყოს კავშირში. ყოველ შემთხვევაში იმის ახსნა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანის ერთი კვირის განმავლობაში დაკითხვა ვერ ხერხდება, იმიტომ, რომ მას ხან არ სცალია და ხან დასვენების დღეა, ეს ხომ მარაზმია? ამას ხომ არანაირი ახსნა არ აქვს. თითქოს პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე და სენსიტურ თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რა შუაშია სენსიტიური თემა. აეყვნათ, არაფერი სირთულე ამას არ მოჰყვებოდა. რადგან დაიწყეს ლაპარაკი და ასეთი სახე მიიღო ამ ყველაფერმა, ახლა საზოგადოება მოითხოვს დამატებით განმარტებებს.
რაც შეეხება სოსო გოგაშვილის ინტერვიუს, ამბობს, რომ 100%–ით მაჩალიკაშვილი არის პოტენციური ტერორისტი და ითხოვს მის დაკითხვას...
– გოგაშვილი, ალბათ, იურისტია და რას ნიშნავს პოტენციური ტერორისტი, ეს რა სამართლებრივი დეფინიციაა? ადამიანის პოტენციურ დამნაშავედ გამოცხადება, ეს არის არაკომპეტენტურობის პიკი. თეორიულ დანაშაულზე ლაპარაკობს? გარდა ამისა, მისი განცხადებები, რომ ახლა მოდით, პოლიტიკოსებს, არასამთავროებს და ჟურნალისტებს მიხედეთო, ეს რა განცხადებებია? არაკომპეტენტურობის პიკი იყო, დაუკრეფავში გადავიდა, დირექტივებს იძლევა ეს ქენით და ის ქენითო.
მიუხედავად იმისა, რომ სუს ამბობს, რომ აღკვეთა ტერორისტული აქტი, კითხვის ნიშნები მაინც რჩება, ალბათ, ხელისუფლებამ უნდა თქვას, ვინ არის დამნაშავე, რა დოზით დააშავა ხელისუფლებამ, რა დოზით დააშავა მაჩალიკაშვილმა...
– ეს არის მთავარი კითხვა. მაჩალიკაშვილის დანაშაული, შურისძიების აქტი, რის გამო ხდება? იმის გამო, რომ მას არ აქვს განცდა, რომ სამართალი იპოვა. ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ამ კონკრეტული ტრაგედიის გამოძიება, ისე, რომ სამართლიანობის განცდა გაჩენილიყო საზოგადოებაში მაინც. ამ დანაშაულის გამოუძიებლობამ ახალი დანაშაული მოამზადა. შესაბამისად, ყველა ვარიანტში უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მე არ ვამართლებ მაჩალიკაშვილს, თუ მას ასეთი გეგმა ჰქონდა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხომ შეიძლება ვივარიდოთ, რომ უსამართლობის განცდამ გამოიწვია ახალი დანაშაულის მოზადება. ეს უკვე პრობლემაა ხელისუფლებისთვის, თან მრავალწახნაგიანი პრობლემა. ლაპარაკი არ არის მარტო სამართლიანობაზე, ლაპარაკია ხელისუფლების უსუსურობაზე.