„საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები აღიარებული და ვალიდური იქნება ევროკავშირში“, - პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ამ ნათქვამის შემდეგ ქართველ უმაღლესდამთავრებულებს ახალი პერსპექტივა გაუჩნდათ. თუმცა იმ სიკეთის პარალელურად, რასაც ქართული დიპლომის ევროპაში აღიარება ჰქვია, გაჩნდა კითხვა, დამატებით ხომ არ აღმოვჩნდებით დიპლომიანთა და სწავლულთა ქვეყნიდან გადინების საშიშროების წინაშე?!
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი მიიჩნევს, რომ ამიერიდან ქართული დიპლომით ევროპაში დასაქმება შესაძლებელი გახდება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან საქართველო უკვე დიდი ხანია, ბოლონიის პროცესის მონაწილეა (2005 წელს დაიწყო ბოლონიის პროცესი). ახლა მთავარია, ჩვენი აკრედიტირებული უნივერსიტეტების კურსები შეესაბამებოდეს ევროპული უნივერსიტეტის კურსებს. საქართველოში განათლების ხარისხის პრობლემა იყო ხოლმე და ახლა, რადგან წევრად მიგვიღებენ, ეს ნიშნავს, რომ განათლების ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ.
„ევროპამ აღიარა ქართული განათლება და მე ვფიქრობ, ამის შემდეგ თვითონ სახელმწიფოს უფრო მეტი მოთხოვნა ექნება უნივერსიტეტების მიმართ. თუ სახელმწიფო მიიღებს აუცილებელ ზომას ხარისთან დაკავშირებით, მაშინ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს უნივერსიტეტებში კვლევებზე და პროფესორები არ უნდა მუშაობდნენ 5-6 უნივერსიტეტში ერთდროულად. ვერსად ნახავთ, რომ ერთი ლექტორი, ერთი პროფესორი მუშაობდეს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ევროპულ უნივერსიტეტებში ასე არ ხდება. შესაძლოა, ეს ჩვენთვის წახალისებასავით იყოს და ჩვენი უნივერსიტეტები ბოლომდე ვერ აკმაყოფილებდნენ ევროპულ სტანდარტს, მაგრამ ამ ავანსის გასამართლებლად ჩვენმა სახელმწიფომ უნდა შემოიღოს რეგულაციები, რომ პროფესორი კვლევით იყოს დაკავებული და არასაკმარისი ანაზღაურების გამო ამდენ ადგილას არ მუშაობდეს“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბრისას მუხრან გულიაშვილმა და შეკითხვის საპასუხოდ, ქართული დიპლომის ევროპაში აღიარება ხომ არ გამოიწვევს დიპლომიანების გადინებას საზღვარგარეთ, განმარტა, რომ წესით, დიპლომის აღიარებამ ქვეყნის დაცლა არ უნდა გამოიწვიოს, რადგან, ვისაც მაღალი ხარისხის დიპლომი აქვს და უკვე დასაქმებულია საქართველოში, საეჭვოა, ქვეყნის დატოვების სურვილი გაუჩნდეს.
მუხრან გულიაშვილის განმარტებით, საზღვარგარეთ წასვლა ბევრ ფაქტორს უკავშირდება, მით უმეტეს, ზოგს საქართველოში ოჯახი ჰყავს და არ აწყობს ჩვენი ქვეყნის დატოვება.
რაც შეეხება საქართველოდან წასულებს, ჩვენი დიპლომი როცა აღიარებულ იქნება ევროპაში, ადამიანს გაუჩნდება დასაქმების საშუალება უცხოეთში. წინათ საქართველოდან წასულ ადამიანს უცხოეთში ცალკე უწევდა კურსების გავლა, რომ სადმე ნორმალური სამსახური ეშოვა. ამდენად, ეს პროცესია და ვნახოთ, რას გამოიწვევს.
„ბოლონიის პროცესის შემდეგ გაცემული დიპლომები, წესით, აღიარებული უნდა იყოს. აქ იგულისხმება ის პროგრამები, რაც მიღებულია ევროპაში და, რასაც ბოლონიის პროცესი მოითხოვს“.
განათლების საკითხების სპეციალისტი ნათია გორგაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპაში ქართული დიპლომის აღიარება დადებითი მოვლენაა და კარგია, თუკი ჩვენს მოქალაქეებს კვალიფიციური სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა მიეცემათ. ნათია გორგაძის თქმით, საზღვარგარეთ წასვლის მოსურნე ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დიპლომს უღიარებენ თუ არა, ეს ფაქტი მას ნაკლებად დააკავებს სამშობლოში. თუ ადამიანს წასვლის სურვილი აქვს, ის მაინც არ დარჩება სამშობლოში. ამიტომ უკეთესია, მისი დიპლომი აღიარებული იყოს ევროპაში.
„ევროპულ დიპლომთან გათანაბრება დაკავშირებულია ინტერნაციონალიზაციის გაფართოებასთან, რაც შესაბამისად უნდა აისახოს კიდეც სწავლების ხარისხზე. როგორ წარიმართება შემდგომი პროცესები, რას მოგვიტანს ახლანდელი საგამოცდო სისტემა და უნივერსიტეტების ავტონომია, ეს ყველაფერი რამდენად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, რაც თავსებადი უნდა იყოს ევროპულ ხარისხთან, ეს ჩემთვის კითხვის ნიშანია. ისე არ აღმოჩნდეს, რომ საქართველოში ჩვენ გვაქვს აღიარებული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს კურსდამთავრებულებს, ისეთივე შესაძლებლობით ისარგებლონ, როგორითაც ევროპის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ხარისხის თვალსაზრისით, შეიძლება თავსებადი არ იყოს ჩვენი დიპლომი უცხოურ დიპლომთან. სასურველია, რომ ჩვენი დიპლომი არ იყოს მხოლოდ ქაღალდი და რეალურად კონკურენტუნარიანი გახდეს ჩვენი განათლების სისტემა“, - აღნიშნა ნათია გორგაძემ.