„სერგო ორჯონიკიძემ პავლე ინგოროყვას შეუთვალა, ინგოროყვა ბევრს თუ ილაპარაკებს, თბილისთან გავუვლებ საზღვარსო“

„სერგო ორჯონიკიძემ პავლე ინგოროყვას შეუთვალა, ინგოროყვა ბევრს თუ ილაპარაკებს, თბილისთან გავუვლებ საზღვარსო“

საბჭოთა პერიოდში საქართველოს მიწის ნაწილი გადაეცა აზერბაიჯანს და აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანის საზღვარმა რამდენიმე კილომეტრით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიწია. გარეჯში იყო ერთი მონაკვეთი-ბერთუბანი, რომელიც 1921 წელს საზღვრების უკანონო განაწილებისას შეცდომით მოხვდა აზერბაიჯანის მხარეს. წარსულის ამ შეცდომას დღეს ვიმკით და დავით გარეჯის გამო სტრატეგიულ მეზობელ აზერბაიჯანთან დაძაბული ვითარება გვაქვს.

სასულიერო პირების შემდეგ დავით გარეჯს ახალგაზრდები ეწვივნენ და ცოცხალ ჯაჭვში ჩადგომით გამოხატეს პროტესტი. საქართველოს დროშებით ხელში აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემის დროზე მოგვარება და ჩვენი ქვეყნის კუთვნილი ტერიტორიის დაცვა მოსთხოვეს.

დავით გარეჯში ვითარება 25 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს. მოგვიანებით აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გზა გაიხსნა. თუმცა აზერბაიჯანელები აცხადებენ, რომ ეს დროებითია.

როგორ ესახება დავით გარეჯის პრობლემის მოგვარება, ამის შესახებ For.Ge-ს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ესაუბრა.

რაც ახლა დავით გარეჯთან მიმართებით ხდება, ეს ყველაფერი სერგო ორჯონიკიძისდამსახურებაა“?

- სერგო ორჯონიკიძემ პირდაპირ მოუწერა ხელი აზერბაიჯანელებს საინგილოს გადაცემაზე და, როდესაც პავლე ინგოროყვამ პროტესტი გამოთქვა, ორჯონიკიძემ მას შეუთვალა, გადაეცით, ბევრს თუ ილაპარაკებს, საერთოდ თბილისთან გავუვლებ საზღვარსო. მაშინ დაიწყო ეს რთული პროცესი და საზღვარი გაივლო დავით გარეჯშიც, საინგილო დარჩა იქით, ლორე-ტაშირიც წავიდა იქით. ეს ყველაფერი ხდებოდა სერგო ორჯონიკიძის წყალობით, სერგო ორჯონიკიძე წარმართავდა იმ სხდომას, რომელსაც სტალინიც ესწრებოდა. პირველად 1921 წელს წამოიჭრა ეს საკითხი, მერე გაგრძელდა და ასეთ შედეგამდე მივედით, რომ დავით გარეჯთანაც უდაბნოს საზღვარია გავლებული. ბევრ რუკაზე საზღვარი გავლებულია მთის თხემზე და უდაბნო აზერბაიჯანის შემადგნელობაშია, მაგრამ არის რუკები, სადაც ეს საზღვარი გავლებულია მთის ძირში და უდაბნო მოქცეულია საქართველოს ფარგლებში. ახლაც ბერთუბანთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან გვექნება თხოვნა, პრეტენზია ვერ გვექნება და კატეგორიულები ვერ ვიქნებით, რადგან ბერთუბანი სადავო საზღვრიდან კიდევ ოთხი კილომეტრითაა დაშორებული.

თუმცა ეს ჩვენი ტერიტორია იყო თავიდანვე, ქართული ფრესკებითა და წარწერებით და საეჭვოა, ალბანელებს, რომელთა მემკვიდრეობასაც აზერბაიჯანელები იჩემებენ, თამარისა და დავით აღმაშენებლის ფრესკები დაეხატათ.

- რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როგორც ეკლესიურად, ისე სახელმწიფოებრივად დავით გარეჯელის მოღვაწეობიდან მოყოლებული, მეექვსე საუკუნის შუა ხანებიდან, ეს ყოველნაირად ქართული ტერიტორია იყო. ჯერ ერთი, აზერბაიჯანელები არ არიან ალბანელების შთამომავლები. გინდაც იყვნენ, ეს არაფერს ცვლის, რადგან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არის ქართული კულტურისა და მემკვიდრეობის ძეგლები, ზედ ქართული წარწერებით და მე-9-10 საუკუნეების დროინდელი კედლის ქართული მხატვრობით. აზერბაიჯანელები, ეს თურქმანული და ირანული მოდგმის ტომები რომ ჩრდილოეთისკენ წამოვიდნენ, ისინი ჩვენსკენ შემოვიდნენ და დასახლდნენ. მათ თურქებთან უფრო მეტი სიახლოვე აქვთ, ისინი თურქული მოდგმის ხალხია. არსებობს ირანის აზერბაიჯანიც - ადარბადაგანი. ეგენი არც იმ ადარბადაგანელების შთამომავლები არიან და არც ალბანელების. გინდაც იყვნენ ალბანელების შთამომავლები, ეს არაფერს ცვლის, რადგან მე-9-10 საუკუნეებიდან ქართული მხატვრობის და ქართული წარწერების გამოსახვას ალბანელები არ დაიწყებდნენ და ბაგრატ მეოთხის პერიოდიდან მოყოლებული, არ გამოხატავდნენ დავით აღმაშენებლის, თამარის, დემეტრე თავდადებულის პორტრეტებს. ვისი პორტრეტები აღარ არის იქ გამოსახული, არც შარვან-შაჰები გამოსახავდნენ ამ პორტრეტებს და არც ალბანელები. ამას თუ გააკეთებდნენ, ისევ ქართველები.

დავით გარეჯთან მიმართებით კომისიების მუშაობა აქამდე წარუმატებელი იყო. ამას რით ახსნით?

- ამის მიზეზები არ ვიცი, ჯუმბერ პატიაშვილის პერიოდში მოლაპარაკებები ჩაიშალა, ახლანდელ კომისიაში კი უნდა შევიდნენ ისტორიკოსები, გეოგრაფიის სპეციალისტები, სასულიერო პირები, პოლიტიკოსები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო დონეზე გადაწყვიტონ ეს საკითხი. სხვათა შორის, ჯუმბერ პატიაშვილის ცეკას პირველი მდივნობის დროინდელ კომისიაში დედაჩემი, მარიკა ლორთქიფანიძეც მოღვაწეობდა. მისგან ვიცი, როდესაც მოლაპარაკებები წარიმართა აზერბაიჯანელებთან, სულ ორი თუ სამი შეხვედრა გაიმართა და ბატონმა ჯუმბერმა მიმართა კომისიის წევრებს, ეთხოვათ აზერბაიჯანელებისთვის, გადმოეცათ ჩვენთვის ბერთუბნის მონასტერი. სწორედ ამ მონასტერზეა დღეს დავა, რომელიც შეწეულია შიგნით 4 კილომეტრით, ანუ სადავო საზღვრიდან კიდევ ოთხი კილომეტრითაა დაშორებული და სამწუხაროდ, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეული. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელებს შესთავაზა, ეგებ, დაგვითმოთ ეგ ტერიტორია, რომელიც ქვაღორღიანი და სამეურნეოდ უვარგისია და მოგცემთ სამ იმდენს, ოღონდ სამეურნეოდ ვარგის ტერიტორიას. თუმცა, მოგეხსენებათ, აზერბაიჯანში მმართველობითი ვერტიკალია, პირველ სხდომაზე ქართულმა მხარემ დააყენა ბერთუბნის გადმოცემის საკითხი, მეორე სხდომაზე აზერბაჯანელებს არ ჰქონდათ ამაზე პასუხი, შემდეგ აღარ გაგრძელებულა მოლაპარაკებები. არ ვიცი, მაშინ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა აზერბაიჯანი, მაგრამ ფაქტია, აზერბაიჯანში პირველი პირი წყვეტს ყველაფერს. მასთან უნდა ყოფილიყო ეს საკითხი შეთანხმებული. ჩემი აზრით, ეს საკითხი მასთან არ იყო მისული და გასაგებ მიზეზთა გამო შეწყდა მოლაპარაკებები.