იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალ სიაში მისი კანდიდატურაც მოხვდეს.
როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე კონკრეტულად არ აქვს გადაწყვეტილი მონაწილეობის მიღება, თუმცა განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ განაცხადების მიღება დაიწყება, შესაძლოა, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატურაზე იფიქროს.
„აუცილებლად შეგატყობინებთ. მეც მაქვს უფლება ალბათ, რომ განცხადებების მიღების პროცესის დაწყების შემდეგ ვიფიქრო ამ საკითხზე. არ გამოვრიცხავ მონაწილეობას, თუმცა გადაჭრით არ შემიძლია ახლა გითხრათ, იმიტომ, რომ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
კითხვაზე, იქნება თუ არა ახალ სიაში მოსამართლეთა ის გვარები, რომლებიც 2018 წლის დეკემბრის ათკაციან სიაში იყო დასახელებული, საბჭოს მდივანი განმარტავს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.
„ეს ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ. ეს არის პერსონალურად კანდიდატის გადასაწყვეტი საკითხი, მიიღებს თუ არა ამა თუ იმ პროცედურაში მონაწილეობას. ამაზე მე ინფირმაცია ვერ მექნება და არ შეიძლება პასუხი მქონდეს ამ კითხვაზე”, – განაცხადა მიქაუტაძემ.