„ალაზანი ჩვენი ხერხემალია, ალაზანი თუ წაგვართვეს, აღარ გვეცხოვრება“, - ასეთია პანკისელების პოზიცია, რომლებიც შიშობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში, მათ სასმელი და სარწყავი წყლის დაკარგვის საშიშროება ემუქრებათ.
„ალაზანი არ დაშრება“, - პასუხობს კომპანია „ფერის“ დირექტორი ლაშა იორდანიშვილი პანკისელებს და ამბობს, რომ ხადორი 3-ის შესახებ არაერთი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის, ისიც, თითქოს ჰესის მშენებლობისას მდინარე დაშრება. მისი თქმით, ხადორი წარმოადგენს დერივაციული ტიპის ელექტროსადგურს, მას არ გააჩნია სათავე ნაგებობა, არ ხდება მდინარის გადაკეტვა, არც დატბორვა, რადგან აღნიშნული სადგური წყალს მოიხმარს არსებული ხადორი 2-ის ჰიდროსადგურიდან და მიემართება დაღმავალი მიმართულებით ხეობისკენ, გასცდება 20-25 ოჯახს და ამის მერე უბრუნდება ალაზნის კალაპოტს. ასე რომ, მოსახლეობის 98-99% ვერც იგრძნობს, რაიმე შეხება აქვს თუ არა ჰესს მდინარესთან.
იორდანიშვილი იმითაც აპელირებს, რომ ალაზანს ამ მონაკვეთში სამი მდინარე უერთდება. შესაბამისად, გამორიცხულია, ალაზანი დაშრობამდე მივიდეს.
იორდანიშვილის ამ განცხადებას კრიტიკულად აფასებს „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი For.ge-სთან საუბრისას ინტერესდება, ვინ თქვა, რომ ალაზანი დაშრება?! ნინო ჩხობაძე განმარტავს, რომ გარემოს დამცველები ლაპარაკობენ არა ალაზნის დაშრობაზე, არამედ იმაზე, რომ ფილტრატებმა შეიძლება დაიწიოს და დღემდე არსებული სასმელი წყალი შეიძლება მომავალში აღარ ჰქონდეთ პანკისელებს, რადგან მილში გატარებული წყლის ზემოქმედება ფილტრატზე შესწავლილი არ არის. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ეს საკითხი არ არის გამოკვლეული. ყველაზე მთავარი, გარემოსდამცველებს კარგად ახსოვთ სომხეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის მაგალითები, სადაც ყველა ასეთმა მცირე ჰესმა პატარა ხეობებში ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.
„ხადორის შემთხვევაში ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს. ზემოთ არის ორი ჰიდროსადგური, ზუსტად იმავე ტიპის, როგორიც ხადორი 3 უნდა იყოს, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, კორელაციური ეფექტი ალაზანზე სწორად გაკეთებული არ არის და ჩვენ გვეუბნებიან, ალაზანის 10%-ს ვტოვებთ, დანარჩენს ვიღებთო. ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ყოველი 10%-ის აღება და ასე დათვლა არ არის სწორი, აუცილებელია, შემუშავდეს მეთოდოლოგია, რამდენი შეიძლება აიღო კონკრეტულად ზუსტად ამ ხეობაში. „იუსაიდის“ პროგრამის მიერ ეს მეთოდოლოგია სამი წლის წინ შემუშავებული იყო, მაგრამ მთავრობამ არ მიიღო, რადგან არ სურდათ მისი მიღება“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე და შეკითხვის საპასუხოდ, სიტუაციას ხომ არ ცვლის ის ფაქტი, რომ ალაზანს სამი მდინარე უერთდება, განმარტავს, „მითხარით, ერთი პროფესიონალი მაინც, რომელმაც თქვა, რომ მდინარე დაშრება. ჩვენ ვამბობთ, რომ წყლის რაოდენობა არ იქნება საკმარისი და ეს არ არის შეფასებული, ბოლომდე შესწავლილი. ფილტრატებზე რა ზემოქმედებას მოახდენს, არც ეს არის შესწავლილი“.
ნინო ჩხობაძის განმარტებით, ფილტრატი იგივე ზედაპირული წყალია, ოღონდ მიწის ქვეშ, ზუსტად ამ ფილტრატზე დგება წყარო, რასაც ჰქვია ჭა. დიდი გვალვისას ალაზნის ნაპირებზე დაფიქსირდა, რომ ხალხს ჭებზე თოკების დაგრძელება მოუწია, რადგან გრუნტის წყლებმა დაიწია. როცა ფილტრატი არ იქნება, შესაბამისად, წყალი კიდევ დაიწევს. ანუ შესაძლებელია, წყალი გაქრეს ჭებში. ეს შეფასება რატომღაც არ არის გაკეთებული. არადა, სწორედ ეს უნდა იყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მთავარი ნაწილი, ამით უნდა განვსაზღვროთ, არის თუ არა ეს ჰესი მწვანე.
სპეციალისტის თქმით, საერთოდ, მწვანე ჰესი თავიდან ბოლომდე არასწორი ცნებაა, მწვანე ჰესების თემა მიღებული იყო აშშ-ში და ეს არის ჰესები, რომლებიც ხელოვნურ არხებზე კეთდება. ასე რომ, ძალიან უნდათ კრიტიკოსებს, სხვანაირად გაასაღონ, მაგრამ ხადორი სულაც არ არის მწვანე ჰესი.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სასაზღვრო საკითხების დამოუკიდებელი ექსპერტი გელა ხუციშვილი პანკისის ხეობაში 22 აპრილს, ანუ კონფლიქტის მეორე დღეს იმყოფებოდა და უშალოდ ადგილობრივებისგან შეიტყო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. For.ge-სთან საუბრისას გელა ხუციშვილი აცხადებს, რომ ასეთივე ვითარებაა სვანეთში, ყაზბეგის რაიონში, რაჭაში. რატომღაც ხელისუფლება კერძო მოგებით დაინტერესებულ რომელიღაც ინვესტორს უჯერებს და არა უბრალო ხალხს. ეს მაშინ, როცა თვით ნაპოლეონმაც კი ეგვიპტე რომ დაიპყრო, შემდეგი სიტყვები თქვა: „მომაშორეთ ისტორია, დამიბრუნეთ საბუღალტრო წიგნები“. გელა ხუციშვილის თქმით, ჩვენ საკმაოდ კომპეტენტური გეოლოგები, გეოფიზიკოსები გვყავს, მათ უნდა დადონ დასკვნა, რას გამოიწვევს მორიგი ახალი ჰესის მშენებლობა პანკისის ხეობაში. რეალურად, სადაც კი შეუცვალეს მდინარეს კალაპოტი, ან მიმართულება, ყველგან კატასტროფით დამთავრდა.
„ეს არავითარი ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირება არ ყოფილა, უნდა დაამთავრონ ეთნიკურობის მიხედვით ადამიანების დაყოფა. პანკისის ხეობა საქართველოს ტერიტორიაა, მისი ადგილმდებარეობა ყველაფერს მიანიშნებს, ეს არის ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბირკიანი. მოგების მოსურნე კერძო კომპანიას სურს, მდინარე ალაზანი 4 კილომეტრზე მოექცეს მილში, ასევე სურთ, რაჭაშიც კარგა დიდ მანძილზე სოფლებს ზემოდან გაუაროს მდინარე რიონმა. ამ დროს მთის მდინარე როგორია, ყველამ იცის. რა ქნა პატარა ვერემ და ამხელა ალაზანი რას იზამს. მე მოვისმინე, რასაც ითხოვდნენ პანკისელები, დაგვიდეთ გეოლოგიური დასკვნა, ვინმე კომპეტენტურმა პირმა დაგვისაბუთოს, რა მოხდება ჰესის აშენების შემდეგო. პანკისელებმა მტკივნეულად აღიქვეს ცალკეულ პირთა ნათქვამი, საიდანაც ჩამოეთრიეთ, იქ წაეთრიეთო. მათ თქვეს, ჩვენ ერთადერთი ეთნოსი ვართ, რომელიც ქართულად კითხულობს და ლაპარაკობს, ქართულ გვარს ატარებს, ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია. ეს ხალხი საქართველოში ოჯახებად ჩამოვიდა, დასახლდა და, როდესაც გვარის არჩევის წინაშე დადგნენ, იმ მხარეში გავრცელებული ქართული გვარები აირჩიეს. ანუ, რაც პანკისში დახვდათ, ის გვარები აირჩიეს. ეს დასაფასებელია“,-განმარტავს გელა ხუციშვილი.
უკონტროლოდ მიგდებულ ვერეს ხეობაში რა ქნა ღვარცოფით ადიდებულმა მდინარემ, ეს ვერ გამოდგება იმის მაგალითად, რას იზამს მოკლე მანძილზე გვირაბში შეყვანილი და უკანვე გამოყვანილი ალაზანი! ასეთი მსჯელობა, უბრალოდ, სასაცილოა.
რაც შეეხება ქ-ნ ნინო ჩხობაძის რიტორიკულ და ვითომ ნიშნის მომგებ კითხვას - რომელმა პროფესიონალმა თქვა, რომ ჰესის აშენებით ალაზანი დაშრებაო... პროფესიონალმა - არავინ (!), მაგრამ მისი "მწვანე ალტერნატივის" წევრ ქალბატონს (გვარი არ მახსოვს), ამაოდ უმტკიცებდნენ სტუდიაში მოწვეული პროფესიონალები(!), რომ ჰესი წყალს არ სვამს... წყალი დაატრიალებს ტურბინას და გაივლის თავისი გზით! - ეგ არის სულ. არ მოსდის წყალს არაფერი. ტურბინის დანატრიალებელი წყალი არც ოდენობაში იკლებს, არც ქიმიურ თვისებებს იცვლის! - ეს აუხსენით თქვენი არასამთავრობოს წევრებს, ხალხს რომ აპანიკებენ და ისეთ სისულელეებს ალაპარაკებენ, თითქოს ამ პატარა ჰესის აშენების მერე მათი საძოვრებიც კი გადახმება!..
P.S.
სხვა საკითხია ის, თუ რამდენად რაციონალურად არის გამოყენებული უკვე არსებული ჰესები. აქ, როგორც ჩანს, საქმე ძალიან ცუდად არის... აი, ამაზე უნდა გაიმართოს დისკუსიები, სანამ ქუჩაში გამოვვარდებით ბატიფეხურით დაწერილი ლოზუნგით - "არა ჰესებს!!!"