მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებითაღდგომილი ქრისტესაგან.
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და ღვთისმოყვარე შვილნო:
ლოცვითა და მარხვით განვასრულეთ წმინდა და დიდი მარხვა, მივეახლეთ ქრისტე ღმერთის მაცხოვნებელ ვნებასაც, დღეს კი მისი დიდებული აღდგომის სიხარულის მოზიარენი ვხდებით.
აღდგომისეული გამოცდილება მართლმადიდებლური იდენტობის კუთვნილებაა. უფლის აღდგომას მხოლოდ საპასექო პერიოდში კი არა, არამედ ყოველ კვირა დღესა და თითოეულ ღვთაებრივ ლიტურგიაზე ვდღესასწაულობთ, რომელიც თავად მუდმივად ბრწყინვალე დღესასწაულია. ქრისტიანული ცხოვრება თავის ყოველ განზომილებაში - ღვთისმსახურებასა თუ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, აღდგომისეულ სულს მოიცავს და აღდგომილი ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების ხსოვნითა და მისი სამეფოს მოლოდინითაა განმსჭვალული.
ადამიანს არ შეუძლია საკუთრი ძალისამებრ სიკვდილის შიშსა და გარდაუვალობას გაუმკლავდეს, რასაც (სიკვდილის შიშს, გ.ლ.) არა მხოლოდ სიცოცხლის მიწურულს, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე განიცდის. შეგრძნება იმისა, რომ ცხოვრება"სიკვდილისკენ სვლაა" მისგან თავისდაღწევის იმედის გარეშე, არ მიგვიძღვის სიცოცხლის გაკეთილშობილებისკენ (ბერძნ. ἐξανθρωπισμόν τῆς ἀναστροφῆ), პასუხისმგებლობის გაზრდისა და აწმყოსა და მომავალზე ზრუნვისაკენ; პირიქით, ადამიანი იზღუდება, წყდება ცხოვრების არსებით მახასიათებლებს, მიექანება ცინიზმის, ნიჰილიზმის, სასოწარკვეთილებისა და ცრუ თვითრეალიზაციისაკენ; უმადლო ბედნიერების (ბერძნ.ἀχαρίτωτον εὐδαιμονισμόν) გზას ირჩევს: ,,ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით.’’ (1 კორ. 15, 32). მეცნიერების, საზოგადოებისა თუ პოლიტიკურ აქტივობას, ეკონომიკურ პროგრესსა და მიწიერ კეთილდღეობას გამოსავლის შემოთავაზება არ ძალუძთ. მარადიულობის სურვილი შეუძლებელია, ამსოფლიურ სიკეთეებთან გაერთიანდეს, მას სიცოცხლის ხანგრძლივობითა და ცრუ სამოთხით (ბერძნ. ψευδῶν παραδείσων) დაკმაყოფილება არ შეუძლია.
მართლმადიდებლობა სახარებისეულ გამომხსნელ, აღდგომისეულ ჭეშმარიტებას სთავაზობს თანამედროვე რაციონალისტ ადამიანს (ბერძნ. λογοκρατούμενον ἄνθρωπον).
ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის, აღდგომის დღესასწაული უფლის აღდგომის მხოლოდ გახსენება კი არა, არამედ აწ უკვე აღდგომილ ქრისტეში ჩვენი ხელახლა შობის რეალური განცდაა; იგი საღვთო განგებულების ესქატოლოგიური აღსრულების წინმსწრები განცდა და დადასტურებაა. მორწმუნემ იცის, რომ ეგზისტენციალური სისრულე ღვთაებრივი მადლის ძღვენია. ქრისტეში ჩვენი ცხოვრება განღმრთობისაკენ სავალი გზის გარდაქმნა და ფერისცვალებაა. პავლე მოციქულის მიხედვით, ქრისტიანები განსხვავდებიან მათგან, „ვისაც არა აქვს სასოება.“ (შდრ. 1 თეს. 4.13). მათ (ქრისტიანებს, გ.ლ.) ქრისტეს იმედი აქვთ, რომელიც არის „ცხოვრება და აღდგომა ჩვენი“ და „პირველი და უკანასკნელი, აწ ცოცხალი“ (შდრ. გამ. 1. 17-18).
ქრისტეს მაცხოვნებელი მყოფობა და ზეციური სასუფევლის იმედი ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებას განუშორებლად უკავშირდება, რომელიც სამყაროს შემოქმედებითი და გარდამქმნელი ძალის მსგავსად მოქმედებს. შემთხვევითი არაა, რომ მანამ, სანამ თანამედროვე ცივილიზაცია ადამიანს ისტორიის შემოქმედად მიიჩნევდა და განიხილავდა, მორწმუნეები მოწოდებულნი იყვნენ, რომ „ღვთის თანაშემწენი“ (1 კორ. 3, 9) გამხდარიყვნენ. როგორც მართლმადიდებლური თვითშეგნებისთვის, ასევე ეკლესიის სოციალური და ქველმოქმედებითი მსახურებისთვის, მოსაზრება, თითქოსდა მართლმადიდებლობა ჩაკეტილ, არამიწიერ, ისტორიისა და ცივილიზაციისთვის ინდიფერენტულ სისტემას წარმოადგენს, სრულიად მიუღებელი და გაუგებარია.
მაღალღირსო ძმებო და საყვარელო შვილებო,
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის აღდგომა უბრალოდ უდიდესი დღესასწაული და ზეიმი არ გახლავთ. აღდგომა ჩვენი მთელი რწმენა, ერთობითი საეკლესიო ცხოვრება და მართლმადიდებლობის მთელი ცივილიზაცია, დაუშრეტელი წყაროა, რომლისგანაც მართლმადიდებლური ცხოვრების მთელი ესქატოლოგიური სწრაფვა მოედინება და იკვებება. აღდგომაში და აღდგომისაგან მორწმუნეები ჩვენს მარადიულ მისიას შევიმეცნებთ და ჩვენი თავისუფლების ჭეშმარიტების მნიშვნელობას ვპოულობთ. ის, ვინც ქვესკნელში შთახდა, ჯოჯოხეთის ბჭენი და სიკვდილის მეუფება შემუსრა, საფლავიდან აღდგება, როგორც კაცობრიობისა და მთელი შესაქმის გამომხსნელი. თავისუფლების ძღვენია, რომ ადამიანური მყოფობა თავისუფლების მიღებისა და ეკლესიაში დამკვიდრებისთვისაა მოწოდებული, რომელიც (ეკლესია, გ. ლ.) არის „განღმრთობის ერთობა“, რომელშიც თავისუფლება არის საფუძველი, გზა და მოწოდება. ქრისტესმიერ ნაბოძები თავისუფლება განიცდება და გამოიხატება როგორც „სიყვარულში მყოფობა“(შდრ. ეფეს. 4.15), „ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვის ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.“ (გალ. 5.13) ეკლესიაში „აღდგომის გზაზე მყოფობით ვმწირობთ“, მოველით „საყოველთაო აღდგომას“ და „დღესა მას დაუღამებელსა.“
ამგვარად, აღდგომილ უფალს წმინდა გულით დიდებას ვუძღვნით, რომელმაც აღმოაბრწყინა „ყოველი ცხოვრება“ (ბერძნ. «ἀνατείλαντα πᾶσι τήν ζωήν»). ღმერთს, რომელიც არის „ჩვენთან“ და „ჩვენთვის“, რომელმაც „ვიდრე სოფლის აღსასრულამდე“ ჩვენთან ყოფნა აღგვითქვა. აღდგომისეულ უწყებას სიხარულით ვქადაგებთ - „ქრისტე აღდგა!“. სამყაროს შემოქმედს, მხსნელს და ყოვლისმბოძებელს, შევთხოვთ, რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრება აღდგომისეული ნათლით გაანათლოს, სრული სიხარული და მაცხოვნებელი ნიჭები მოგვმადლოს, რათა იგალობებოდეს და კურთხეულ იყოს მისი ყოვლადწმინდა ზეციური სახელი.
ფანარი, წმინდა აღდგომა, 2019
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი
მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტეს მიმართ თქვენთვის დაუცხრომელად მლოცველი