მას შემდეგ, რაც ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა №338-ში 150-მდე დახვრეტილი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა, რეპრესირებულების შთამომავლებმა წინაპართა მოძიება დაიწყეს.
სამარხების მოკვლევა იოლი არ იყო. თუ როგორ მოიძიეს მნიშვნელოვანი მოწმეები, ამის შესახებ For.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელი აჭარაში ზურაბ ზაქარიაძე ესაუბრა, რომელიც თავად რეპრესირებულის შთამომავალია და უშუალოდ მოჰყვება ის დიდი ტკივილი, რასაც დახვრეტილი ბაბუის, ბაბუის ძმისა და დიდი ბაბუის ტრაგედია ჰქვია.
ზურაბ ზაქარიაძე: დახვრეტილთა პირველი სიები უშიშროების არქივიდან გაზეთ „სრულიად არასაიდუმლოში“ გამოქვეყნდა. ჩვენ ვთხოვეთ აწ განსვენებულ ბატონ ალი სამსონიას, გაზეთ „აჭარის“ მთავარ რედაქტორს, რომელსაც დახვრეტილი ჰყავდა მამა, ეს სიები მრავალტირაჟიან გაზეთ „აჭარის“ საშუალებით გაევრცელებინა. სიების გამოქვეყნების შემდეგ ხალხი აცრემლებული მოდიოდა, ბევრმა არ იცოდა, რომ გარდაცვლილი ჰყავდა მამა, დედა, ბებია, ბაბუა. ეს ტრაგიკული სიტუაცია იყო.
ვინც თქვენ გაკითხავდათ, ძირითადად აჭარლები იყვნენ?
- ამ სიაში მხოლოდ აჭარლებზე არაა საუბარი, აქ არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლები, ქართველების გარდა არიან ეროვნებით სომხები, აზერბაიჯანელები, მუსლიმანები, ქრისტიანები, ებრაელები, მოკლედ, მრავალეროვანი მოსახლეობა. ჩვენს ორგანიზაციას რეპრესირებულების შთამომავლებთან მჭიდრო კავშირი აქვს, მიზნად დავისახეთ სამარხების მოძიება, ამ იდეით შევადგინეთ პროექტი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 2015 წელს შევთავაზეთ. საკრებულომ ეს პროექტი მოიწონა, შემდეგ ეს გადაეგზავნა გამგებელს, ბატონ ნადიმ ვარშანიძეს, რომელიც თავად ისტორიკოსია და ბატონი ნადიმის 172-ე ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ბატონმა ნადიმმა მთხოვა ამ საქმეს სათავეში ჩავდგომოდი, ჯგუფის ხელმძღვანელი მე გახლდით, ამ ჯგუფში შედიოდა რეპრესირებულის ოჯახში დაბადებული, ისტორიკოსი რამაზ სურმანიძე, აჭარის ყოფილი მუფტი ბეჟან ბოლქვაძე, რომელიც, ასევე, რეპრესირებულის ოჯახიდანაა. დიასპორებიდან ჩვენ შევეხმიანეთ ბატონ ემილ კრუპნიკს, ებრაელთა სათვისტომოს ხელმძღვანელს, რადგან დახვრეტილთა სიაში არიან ებრაელებიც, გამოგვეხმაურა აზერბაიჯანის სათვისტომოს ხელმძღვანელი ვიდადი ახუნდოვი, იოსებ ბოლქვაძე და სხვები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახლანდელი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე აქტიურად იყო ამ საქმეში ჩართული.
1937-38 წლებში უდანაშაულოდ რეპრესირებულთა სამარხების მოძიების სამუშაო ჯგუფის სახელით შევუდექით საქმიანობას, პრესის, ტელევიზიის მეშვეობით მოვუწოდეთ მოსახლეობას, თუ ვინმე ინფორმაციას ფლობდა ამ თემასთან დაკავშირებით, გამოგვხმაურებოდა. ამ ხნის განმავლობაში 90-ე სატანკო ბატალიონში მოვიძიეთ მნიშვნელოვანი მოწმე, ზურაბ ჯიხაძე, ვინც მიუთითა ის ადგილი, სადაც 150 ნეშტი აღმოჩნდა. ბატონი ზურაბი 1978 წელს სატანკო ბატალიონში მუშაობდა ზუსტად იმ ადგილას. მე მაშინ ვმუშაობდი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში, როდესაც 90-ე სატანკო ბატალიონში აღმოჩნდა ეს მნიშვნელოვანი მოწმე. მოგვიანებით სალიბაურის მოწმეც ინახა, სადაც ჯერ გათხრები არ დაწყებულა. ჩვენთან განყოფილების უფროსი იყო გიორგი თევდორაძე, ამ ახალგაზრდა კაცმა გულთან ახლოს მიიტანა ეს საქმე და შემოგვთავაზა, სანამ გათხრები დაიწყება, იქ დახორცილი ხალხის საპატივსაცემოდ მემორიალი დავდგათო. ეს მემორიალი აღიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გურამ სოსელიას, „საქართველოს მემორალის“ თავმჯდომარეს.
დავუბრუნდეთ ისევ მნიშვნელოვან მოწმეს-ზურაბ ჯიხაძეს. მან დახვრეტილთა სამარხი როგორ აღმოაჩინა?
- ზურაბ ჯიხაძემ საკუთარი თვალით ნახა ეს საშინელება. როცა ქვაბულს იღებდნენ, ტრაქტორს ამოჰყვა ფრაგმენტები. ამის შემდეგ ეს ადამიანი ამ საიდუმლოს ამდენი ხნის განმავლობაში, ანუ 2015 წლამდე ინახავდა. ეს დახურული ზონა იყო, სამხედროები არიან დღესაც, მაგრამ მოხდა სასწაული და იმ ტერიტორიაზე შეგვიშვეს. ჩვენ არა მარტო ამ ადგილზე აღმოვაჩინეთ მნიშვნელოვანი მოწმე, არამედ მოწმე აღმოჩენილი გვყავს სალიბაურის სამარხზეც. სალიბაურის სამარხი შეფუთული იყო, როგორც ლავრენტი ბერიას სამთავრობო აგარაკი, 50 ადამიანი მოჰყავდათ, ხვრეტდნენ და დანარჩენი 50 კაცი დახვრეტილებს მიწას აყრიდა. ამის მოწმეც არსებობს, რომელიც იქ მუშაობდა. მართალია, ეს მოწმე უშუალოდ დახვრეტის ფაქტს არ შესწრებია, მაგრამ საკუთარი თვალით ნახა საძვალე და თავის ქალა. ეს არის სალიბაურელი თენგიზ ქონდარიძე. იგი 1981 წლიდან 90-იან წლამდე მუშაობდა ამ ტერიტორიაზე, დაცვის უფროსი იყო. სალიბაურში ბერიას აგარაკს ჰქონდა საიდუმლო გვირაბები, რომელიც მერე ცეკას დავალებით ამოქოლეს. სხვათა შორის, ეს კაციც მონაწილეობდა გვირაბის ამოქოლვაში. ამ პიროვნებას მივაგენით და წარვადგინეთ პრესის, ტელევიზიის საშუალებით.
ზოგიერთი ცდილობს, ისე წამოაჩინოს, თითქოს სტალინმა დახვრეტების შესახებ არაფერი იცოდა, ხოლო ბერია ქართველი პატრიოტი იყო. თქვენ ამ აზრს არ იზიარებთ?
- ბერიას აგარაკზე ხდებოდა ეს საშინელება, დახვრეტები. საქართველოს „მემორიალს“ მოძიებული გვაქვს მისი უშუალო ბრძანებები, სოციალურ ქსელში რამდენჯერ მაქვს ნანახი, ბერიას რომ მოეწონებოდა ქალი, მის ქმარს ახვრეტინებდა, საზიზღრობას აკეთებდა ეს კაცი. სტალინის ხელმოწერებია კიდევ, თუ როგორ დაეხვრიტათ ხალხი. ეს ყველაფერი ისტორიულად ასახულია. „ტროიკებს“ მისცეს უფლება, დაეხვრიტათ ადამიანები, ეს ბრძანებები სწორედ მათგან მოდის. კარგია, რომ მნიშვნელოვანი მოწმეები აღმოვაჩინეთ. ამის შემდეგ 2017 წლის 27 ივნისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოვაწყეთ დიდი შეხვედრა, მოწმეებიც წარვადგინეთ, მოვუწოდეთ აჭარის ხელისუფლებას, ამ მასალებზე დაყრდნობით შეექმნა სამთავრობო კომისია. ეს კომისია უკვე შეიქმნა. მადლობას ვუხდი ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა რეპრესირებულთა ტკივილი და სამთავრობო კომისია ბოლოს და ბოლოს შექმნა, წინამორბედისგან განსხვავებით.
როგორც ვიცი, სასულიერო პირებს დროებით სარგებლობაში გადაეცათ ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე ეს ობიექტი, სადაც სამარხში ჩაყრილი 150 ნეშტი აღმოჩნდა. ზოგიერთები აკრიტიკებენ სასულიერო პირებს სამარხების თვითნებურად გათხრისა და ამ აღმოჩენის შემდეგ ორწლიანი დუმილისთვის?
- მადლობის მეტი რა მეთქმის მეუფე დიმიტრისა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიმართ, რომ 82 წლის განმავლობაში ერთ ორმოში ჩაყრილი ძვლების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ცხადი გახადეს. მიცვალებულების გაპატიოსნება მოხდა. ახლაც რომ ვუყურებ ამ სურათებს, ჩონჩხებსა და თავის ქალებს, მეტირება. როგორც ვიცი, სამოქალაქო პანაშვიდის წესით უნდა დაკრძალონ ეს ადამიანები. ისიც გავიგე, ხელშეკრულება იდება დნმ-თან დაკავშირებითაც, რომ დნმ-ის საერთო ბანკი შეიქმნას და ყველა საძვალეს თავისი ნუმერაცია ჰქონდეს. 2017 წელს ამიტომაც ვითხოვდით სამთავრობო კომისიის შექმნას, რომ მუშა ჯგუფს ემუშავა ამ საკითხებზე.
სპეციალისტები მოითხოვენ, ამ კომისიაში შევიდნენ მეცნიერები, ექსპერტები.
- ამ კომისიაში აუცილებლად უნდა შევიდნენ მეცნიერები, პირველ რიგში, მწერალი რამაზ სურმანიძე, რომელმაც ეს თემატიკა თავიდან ბოლომდე იცის. თავად იგი რეპრესირებულის ოჯახიდანაა.
როგორ ფიქრობთ, დნმ-ის ანალიზი ძალიან რთული იქნება, რადგან ძვლები ერთმანეთში არეულია?
- მე არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, მაგრამ შესაძლებელია, სპეციალისტების ჩართულობით მოხდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარება, ამის შემდეგ მოხდება შთამომავლებისგან დნმ ანალიზის აღება, შეიქმნება დნმ-ის ბანკი, რომელსაც რეპრესირებულთა შთამომოვლები მიმართავენ. მათ შორის, მეც მივმართავ, რადგან მე სამ უსაფლავო წინაპარს ვეძებ, რომელთა სამარხიც არ ვიცი. მამაჩემი ორი კვირის იყო, როცა 28 წლის ასაკში დაუხვრიტეს მამა.
რეპრესიების წლებში განსაკუთრებით ემტერებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებსა და პატრიოტულად განწყობილ ადამიანებს. თქვენი წინაპრების განადგურება რატომ მოხდა?
- ჩემი დიდი ბაბუა, ყედემ აღა ზაქარიაძე იყო ქართული სკოლის დამაარსებელი სოფელ აჭარისწყალში, მან ჩამოიყვანა ქართულის მასწავლებელი, თავისი შენობა დაუთმო, რაც აპოლონ წულაძის წიგნსა და „ჯვარი ვაზისაში“, ეპარქიის წიგნშიცაა აღწერილი. იგი ქველმოქმედი იყო, მაგრამ 1937 წელს წამებით მოკლეს ეს 70 წლამდე მოხუცებული. ამ ადამიანის მიზანი იყო შვილებისთვის სწავლა-განათლება მიეცა. ჩემმა ბაბუამ-ისმაილმა განათლება მიიღო რუსეთში, ინჟინერი იყო, 28 წლის ასაკში ჩამოვიდა, მანქანათმშენებლობის ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა. მისი ძმა სულეიმანი აჭარის ფინანსთა მინისტრი იყო. ცნობილი „აჭარის საქმე“ რომ შეთხზეს კომუნისტებმა და ამ საქმეზე თანამდებობის პირები ვითომც ტროცკისტობის ბრალდებით დახვრიტეს, სულეიმან ზაქარიაძეც დახვრიტეს ყოველგვარი საბუთის გარეშე 37 წლის ასაკში. ამ დროს ტროცკის საერთოდ არ იცნობდა. ჩემი ბაბუა დახვრიტეს 28 წლის ასაკში, რადგან სოფელში ავიდა და თქვა, თუ ჩემი ძმა და მამაჩემი ხალხის მტერია, მეც თქვენი მტერი ვარო. ორი წლის განმავლობაში დას მიჰქონდა ე.წ. პერედაჩა ძმასთან, ამ დროს ბაბუაჩემი უკვე დახვრეტილი იყო. სხვათა შორის, სია, რომელიც ამ საძვალეს დაუკავშირდა, არასრული სიაა. ამ სიაში შეტანილია 603 კაცი, ამ დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კიდევ სხვა სიაა. ამ სიაში არის ჩემი ბაბუას ძმა, ფინანსთა მინისტრი რომ იყო, მაგრამ ბაბუაჩემი და მისი მამა არიან ეროვნული ბიბლიოთეკის სიაში, სადაც შესაძლოა, ეს 603 -კაციანი სია მეორდებოდეს, მაგრამ იქ კიდევ დამატებით არიან დახვრეტილი ადამიანები.
მამაჩემს ოფიციალურად ჰქონდა რეპრესირებულის შვილის სტატუსი, სასამართლოს წესით ხდებოდა ეს ყველაფერი. ახლა კი არაკონსტიტუციური ქმედებაა, რომ მხოლოდ იმ რეპრესირებულების შვილებს აძლევენ სტატუსს, ვინც 2012 წლამდე მიმართა. ხოლო 2012-დან 2019-მდე, ანუ შვიდწლიან პერიოდში ვინც მიმართა, ის ვერ იღებს სტატუსს, რადგან სტატუსის მიღება შეჩერებულია. ამისთვის იბრძვის ჩვენი ორგანიზაცია „ მემორიალი“, რომ რეპრესირებულების შვილებზე სტატუსის მიღება აღდგეს.
გარდა ამ სამარხისა, აჭარაში კიდევ ყოფილა რეპრესირებულთა სამარხები.
- არანაკლები სამარხია სალიბაურში, სადაც მნიშვნელოვანი მოწმე წარვადგინეთ საზოგადოების წინაშე აჭარის ტელევიზიის საშუალებით. მოწმე ადასტურებს, რომ სალიბაურში დიდი საძვალეა. მეტსაც გეტყვით, სალიბაურის ტერიტორია კერძო მესაკუთრის ხელშია, სამწუხაროდ, არ გვიშვებენ. იმედია, სამთავრობო კომისიას მაინც შეუშვებენ. ყოფილი მუფტი მივაგზავნეთ მეპატრონესთან. მეპატრონემ მუფტს აუხსნა, არ ვიცოდი, რომ აქ სამარხები იყო, ისე ვიყიდე და არ ვარ წინააღმდეგი, შეისწავლონ ეს სამარხიო. იმედიანად ვართ, რომ ორი წლის წინ რასაც ვითხოვდით, ეს კომისია უკვე ჩამოყალიბდა, დნმ-ზეც ეს კომისია იმუშავებს, რეპრესირებულებთანაც და სამარხების თემაზეც.
ინფორმაცია გავრცელდა, რომ შესაძლოა ბათუმში მასობრივ სამარხში აღმოჩენილი 150 ნეშტი თურქ ასკერებს ეკუთვნოდეს.
- გამორიცხულია, რადგან ჩვენ, აჭარლებმა გადმოცემითაც ვიცით, რომ იმ ადგილას, სადაც ეს სამარხი აღმოჩნდა, ადრე იყო ყანები, ანუ უკაცრიელი ადგილი. თურმე მონეტებიც უნახავთ იმ ადგილას და, თუ თურქეთის არის, ჩვენს მონეტებს როგორ ნახავდნენ?! ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს არის 37-38 წლების სამარხი. დნმ ამას ადვილად დაადგენს.