„ორგანიზმისთვის ოპტიმალურია 2500 კილოკალორია, ჩვენი მოსახლეობის უღატაკესი ფენა კი 1800 კილოკალორიის მიღებასაც ვერ ახერხებს, რაც შიმშილობის ფორმად ითვლება“

„ორგანიზმისთვის ოპტიმალურია 2500 კილოკალორია, ჩვენი მოსახლეობის უღატაკესი ფენა კი 1800 კილოკალორიის მიღებასაც ვერ ახერხებს, რაც შიმშილობის ფორმად ითვლება“

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ძილის დროსაც კი ადამიანი უამრავ ენერგიას ხარჯავს, რადგან ხდება უჯრედების ცვლა, ახალი უჯრედების წარმოქმნა, ძველის დაშლა.

ადამიანს უმოქმედობისას დღეში 1700-1800 კილოკალორია ეხარჯება, ხოლო საჭმლის გადამუშავების პროცესში დამატებით კიდევ 200-300 კილოკალორიაა საჭირო. მთლიანობაში, ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი კილოკალორიები 2000-სს აჭარბებს.

საგანგებო მდგომარეობის დროსაც, მათ შორის, საომარი ვითარებისას ადამიანს 2300 კილოკალორია ესაჭიროება. საომარი მდგომარეობისას მაშველებს მოეთხოვებათ კიდეც, რომ ასეთ პირობებში ჩავარდნილ ადამიანს 2300 კკალორია მიაწოდონ. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ადამიანებს საკვებს თვითმფრინავიდან უყრიან.

ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი შოთა ჩხეიძე For.Ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სრულიად უმოქმედო მდგომარეობაში, როდესაც ადამიანს სძინავს და აზროვნებაც გამოთიშული აქვს, ნივთიერებათა ცვლა მაინც მიმდინარეობს ორგანიზმში, მუშაობს გული, თირკმელები, მოძრაობს სისხლი. ამის გამო 1 კილოგრამზე იხარჯება 1 კილოკალორია. თუ 80 კილოგრამია ადამიანის წონა, მაშინ ერთ საათში იგი დახარჯავს 80 კილოკალორიას და ეს ხდება უმოძრაობის, ანუ ძილის დროს. ეს ნიშნავს, რომ იხარჯება 1700-1800 კილოკალორია. თუ ამას დავუმატებთ, რომ საჭმელი მირთმეული აქვს მამაკაცს, ან მანდილოსანს, ეს ნიშნავს, რომ საჭმლის გადამუშავებასაც სჭირდება დამატებითი ენერგია, სადღაც 200 კილოკალორიამდე. ე.ი. მთლიანობაში, სადღაც 1950-2000 კილოკალორია ყოველგვარი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის გარეშე სჭირდება ადამიანს ყოველდღიურად.

„ჩვენი მოსახლეობის უღატაკესი ფენა დღეში 1600 კილოკალორიას ღებულობს, რომელშიც 1200 კილოკალორია პურზე მოდის. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში არიან ასეთი ადამიანები, რადგან ღატაკთა რაოდენობა საქართველოში 800 ათასია. ორგანიზმისთვის ოპტიმალურია 2500 კილოკალორია, 1800 კილოკალორია კი შიმშილობის ფორმად ითვლება. წლების წინ საქართველოში მილიონ 300 ათასი ღატაკი იყო, რომელიც მარტო პურით არსებობდა. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ამ ხელისუფლების პერიოდში 500 ათასი ადამიანი მოაკლდა ამ ფენას, მაგრამ 800 ათასი ღატაკი ხომ ისევ დარჩა?! განა ეს 800 ათასი ცოტაა 3 მილიონ 700 ათას ადამიანში, რომელიც საქართველოში ცხოვრობს? ეს ხომ აბსოლუტურად უპოვარი, მოწყვლადი ფენაა და თითქმის ვერ ჭამს საჭმელს. არასრულფასოვანი კვება სრულიად სხვა რამ არის, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის 70% არასრულფასოვნად იკვებება, მაგრამ ბევრად უარესია, როცა საქართველოში 800 ათასი ადამიანი შიმშილობს“,-აცხადებს შოთა ჩხეიძე.

მისივე განმარტებით, არსებობს 5 ჯგუფი, რომლითაც განისაზღვრება კილოკალორიების რაოდენობა. მაგალითად, გონებრივი შრომით დატვირთულ ადამიანებს (სტუდენტები, ლექტორები, საოფისე სამუშაოს შემსრულებელნი) 2500-დან 3000 კილოკალორიამდე სჭირდებათ. მსუბუქი ფიზიკური შრომის შემთხვევაში, 3000-დან 3500-მდე კილოკალორიაა საჭირო, საშუალო ფიზიკური შრომის დროს-3500-4000 კილოკალორია, მძიმე შრომის შემთხვევაში კი - 4000-4500 კილოკალორია. თუ ამდენი კილოკალორია არ აქვს ადამიანს, მაშინ ნივთიერებათა ცვლა ირღვევა ორგანიზმში და ათასნაირი დაავადება ჩნდება.

„დადგენილია, რომ არასრულფასოვანი კვება ყველა დაავადების საწინდარია. არაინფექციური, არაგადამდები დაავადებების 55% სწორედ არასრულფასოვან კვებაზე მოდის. რამდენიმე დღის წინ „ამერიკის ხმამ“ გადმოსცა ინფორმაცია, რომ 195-მა ქვეყანამ 130 მეცნიერის მონაწილეობით ჩაატარა კვლევები, რომელითაც დადგინდა, რომ არასრულფასოვანი კვება უფრო მეტად აზარალებს ადამიანს დაავადებების თვალსაზრისით, ვიდრე თამბაქოს წევა და ნარკოტიკების მოხმარება“.

საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 75% უსახსრობის გამო არასრულყოფილად იკვებება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 10-17 წლის ასაკში მოზარდი თაობის ნუტრიცია (ხარისხიანი საკვების დაბალანსებულად მიღების ჩვევა). თუ ამ ასაკის მოზარდის ორგანიზმი სწორად არ გამოიკვება, შეფერხდება მისი განვითარება.

პაატა კოღუაშვილის განმარტებით, ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა ძირითადად იკვებება შემწვარი კარტოფილით, ლობიოთი, აჯაფსანდალით, იშვიათად ხორციანი კერძით. ეს მაშინ, როცა ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად, საქართველოში საკვები პური უნდა შეადგენდეს დღეში 350 გრამს, ხორცი-200 გრამს, რძე და რძის პროდუქტები -960 გრამს, კარტოფილი -170 გრამს, ბოსტნეული-370 გრამს, ხილი-210 გრამს, თევზი-50 გრამს და სხვა. ბოლო 25 წელია, ჩვენში დაბალია სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილოვანი საკვების მოხმარება. ხორცის, თევზის, რძის მიღება მნიშვნელოვნად შემცირებულია, ხოლო პურისა და პურპროდუქტების წილი ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით გაზრდილია, რის გამოც საკვები პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულების თითქმის 61% პურ-პროდუქტებზე მოდის.