მომღერალი, ანსამბლ "ივერიის" სოლისტი მანანა თოდაძე, რომელიც ბოლო ხანს რუსეთში მოღვაწეობს, არჩევნებში მონაწილეობისთვის საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში. ჩვენ მას მიმდინარე პროცესების შეფასება ვთხოვეთ:
- შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვცდილობ, საქართველოში ჩამოვიდე. მოსკოვიდანაც თვალს ვადევნებ აქ მიმდინარე პროცესებს, ყველა ქართულ არხს ვუყურებ, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვაა. ჩანდა, რომ ადამიანები წნეხის ქვეშ იყვნენ, დათრგუნულები, რასაც ძალზე განვიცდიდი. რუსეთში მყოფი ხელოვნების წარმომადგენლები, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით ვცხოვრობთ.
- როგორ შეხვდით რუსეთში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი იმ ფაქტს, რომ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მოგეცათ?
- რაკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რუსეთში მყოფი ემიგრანტები ჩამოვედით და აქ მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. მიმაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობით და ჩემთვის სასურველი ძალისთვის ხმის მიცემით მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე. სექტემბრის ბოლოს ესპანეთში ვიყავი ფესტივალზე და საგანგებოდ არჩევნების წინადღეს ჩამოვფრინდი თბილისში. თავს ვერ ვაპატიებდი, ჩემი ხმა რომ დაკარგულიყო. ერთი ხმა, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს მრავალხმიანობაში.
- რას ელით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებისგან ქართველი ემიგრანტები?
- ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სამშობლოში ღირსეული და მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ცხოვრების უფლება. რატომ უნდა წაართვა ადამიანს ბედნიერების უფლება? ან როგორ შეიძლება ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელმა ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი არ გამოხატო და ბუჩქებში დაიმალო საკუთარი კეთილდღეობისთვის? აპოლიტიკური ვარ, სათქმელს ჩემი შემოქმედებით ვამბობ, თუმცა, გარკვეულწილად, ხელოვნებაც პოლიტიკაა, ოღონდ სიკეთისკენ მიმართული პოლიტიკა. საზოდოებისთვის გულგრილობა დამღუპველია, აუცილებლად შენ უნდა გადაგაგდონ ნავიდან, ხმა რომ ამოიღო? ადამიანები ცვლილებებს სამართლიანობის აღდგენისთვისაც ითხოვდნენ, ჩემ გარშემო არაერთ უსამართლოდ დაპატიმრებულს, სამსახურიდან დათხოვნილს ვხედავდი.
- საქართველოდან რუსეთში მრავალი ხელოვანი, მათ შორის, საესტრადო მომღერალია წასული. თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა. ჩვენ იქ ერთ მუშტად ვართ შეკრული: თემურ თათარაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, ლიკა დოლიძე... ეკა კვალიაშვილი მოსკოვში იყო და ახლახან დაბრუნდა საქართველოში. და შეიძლება ითქვას, ჩვენ იქ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით ვცხოვრობთ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც აქ მომიწია ყოფნამ და არსად წავსულვარ, მაშინ, როდესაც ვხედავდი, როგორ გარბოდა ზოგიერთი. ზედმეტი ხმაური არ მიყვარს, ჩუმად ჩამოვდივარ და მივდივარ. მიხარია, რომ ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ვფიქრობ, ჩემი არჩევანით ქვეყანას სიკეთე მოვუტანე. ვიმედოვნებ, ადამიანები აღარ დაიჩაგრებიან, აღარც დაითრგუნებიან და შიშის სინდრომი ერთხელ და სამუდამოდ გაქრება. საზოგადოება მეტს გააკეთებს იმ ტრადიციების შესანარჩუნებლად, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს და რითაც ყოველი ქართველი ამაყობს.
- თქვენ თუ გიწვევდნენ იმ ღონისძიებებში, კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იმართებოდა?
- ქვეყნიდან ტყუილად არავინ მიდის, ამდენი კონცერტი ჩატარდა და ჩემთვის არავის უთქვამს, ჩამოდიო. აღარ მინდა, საზოგადოება ბანაკებად იყოს დაყოფილი და ეკრანზე სულ ერთი და იგივე მომღერლები ჩანდნენ; ის, რაც იყო, წარსულს უნდა ჩაბარდეს.