„თუ ბიზნესჯგუფს ხეობაში შესვლის ეშინოდა, დაცვის პოლიცია დაექირავებინა და ძალოვანი უწყებები დაცვად არ გამოეყენებინა“

„თუ ბიზნესჯგუფს ხეობაში შესვლის ეშინოდა, დაცვის პოლიცია დაექირავებინა და ძალოვანი უწყებები დაცვად არ გამოეყენებინა“

„არ ვაწვალებთ ამ პოლიციას, აქციის ყველა მონაწილე ჩავალთ პოლიციაში და თვითონ ჩავბარდებით... კარგით ბატონო, დასაჯეთ მაშინ მთლიანი ხეობა“, - ასეთია პანკისელების პოზიცია, რომელიც პანკისელმა სამოქალაქო აქტივისტმა სულხან ბორძიკაშვილმა გაახმიანა.

პანკისელები დაკავების მოლოდინში არიან. ისინი ამბობენ, რომ დაკავებების სერია თუ დაიწყება, ადგილობრივებს შორის პროტესტის უფრო დიდი ტალღა დაიწყება. პარალელურად ვრცელდება სამოქალაქო აქტივისტების მოწოდებები იმის თაობაზე, რომ უბრალო ხალხს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, რადგან ერთი კონკრეტული ბიზნესკომპანიის ინტერესის გამო პანკისში სპეცრაზმი და სპეცტექნიკა არ უნდა შესულიყო.

უკვე მეორე დღეა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარებს ხეობაში იმ ადგილას, სადაც ადგილობრივებთან შეტაკება მოხდა. პოლიციამ პირველ ღამესვე გაიტანა მისი კუთვნილი სამი დამწვარი მანქანა, თუმცა დამწვარი ტრაქტორი კვლავაც ტერიტორიაზე რჩება. ასევე, ტერიტორიაზე დარჩენილია ძალოვანების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები.

ხელისუფლების წარმომადგენლები სიტუაციიდან გამოსვლას ცდილობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, ბიზნესსექტორმა შეცდომაში შეიყვანა სახელმწიფო, თითქოს პანკისელები ჰესის მშენებლობას მიესალმებოდნენ და მხოლოდ ცალკეული ადამიანები ბლოკავდნენ ამ საქმეს, ამიტომაც სპეცრაზმელების დიდი რაოდენობით შეყვანა გახდა საჭირო.

ოპოზიციონერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ამოეფარა სპეცრაზმელებს და გასაკვირია, ჩვენივე ხელით რატომ ვაფეთქებთ ასეთ საშიშ სიტუაციას. ამიტომ სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ დაუძვრება.

ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს პანკისში მომხდარის შემდეგ? ეს ხომ არ იყო ქართველებისა და პანკისელების დაპირისპირებით დაინტერესებული ძალების ნახელავი? საეჭვო ჯგუფების გავლენა ხომ არ იკვეთება ბიზნესსექტორსა და შსს-ში?

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, „ხადორი 3“-ის მშენებელმა კომპანიამ და მისმა მფარველმა მოატყუეს მაღალი სახელისუფლებო ეშელონები და შეცდომაში შეიყვანეს შს სამინისტრო, თითქოს პანკისში ყველაფერი რიგზე იყო და მოსახლეობასთან შეთანხმება არსებობდა. თუმცა საინტერესოა, შს მინისტრს ლოგიკური კითხვა რატომ არ გაუჩნდა, თუ ყველაფერი წესრიგშია, თუ ყველაფერი მოლაპარაკებულია, მაშინ რისთვის დასჭირდა ამ კომპანიას ამხელა გაძლირებული ესკორტით ასვლა ხეობაში?!

„ცხადია, გავლენის აგენტურა არსებობს, მაგრამ ასე შორს არ წავალ, ალბათ, აქ უფრო იყო კორპორატიული ინტერესების დაჩქარებულად განხორციელების სურვილი, სახელმწიფო სტრუქტურების გაუაზრებელი ქმედება, რომ, რაც შეიძლება სწრაფად შეესრულებინათ კორპორატიული წარმომადგენლების დაკვეთა. თუმცა ჩვენ გადავრჩით, რომ სიტუაცია ჰიბრიდულ ომში არ გადაიზარდა, რაც დიდ ზიანს მიაყენებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. დროთა განმავლობაში ბევრი რამ გამოჩნდება, რაც ამ ეტაპზე არ ჩანს. იგივე ლაფანყურის ოპერაცია სწორედ რუსული გავლენის აგენტურის წარმომადგენლებმა დაგეგმეს და შეასრულეს, რამაც შემდგომში რუსეთის ეროვნულ ინტერესებზე დაასხა წყალი. ლაფანყურის ოპერაციის შედეგად რუსეთის სპეცსამსახურებმა შეძლეს კავკასიის ისლამური ემირატის საბოლოო დამარცხება. ლაფანყურის ოპერაციის მოთავე იყო ვანო მერაბიშვილი, რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის მთავარი აგენტი. ახლაც, რაც პანკისში მოხდა, ამას დრო გასცემს უფრო ნათელ პასუხს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, პირველ რიგში, შს მინისტრის და მთელი მისი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტროსი, მისი ახლადდანიშნული მინისტრისა და მისი გუნდის. დავით ჭიპაშვილის მოსაზრებით, ამ კერძო პროექტის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც არაფერ შუაში არ იყო კონკრეტულ ჰესთან დაკავშირებით, არ უნდა ჩართულიყო, რადგან მშენებლობის ნებართვა გაიცა არა ეკონომიკის სამინისტროს, არამედ ადგილობრივი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მხრიდან.

„გაუგებარია, რატომ მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ შს სამინისტროს, რათა მას უზრუნველეყო კერძო მცირე ბიზნესჯგუფის დაცვა. პრაქტიკულად, ეკონომიკის სამინისტრომ ამ ჯგუფის დაცვა დაავალა სახელმწიფოს. ამის გამო შს სამინისტრომ მთელი სპეცსამსახურებისა და პოლიციის მობილიზაცია მოახდინა, რომელთა ხელფასებსაც ჩვენივე გადახდილი გადასახადებით ვიხდით იმისთვის, რომ თურმე პოლიციელებმა დაიცვან „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ლაშა იორდანიშვილი და მისი ინტერესები. ეს საკმარისი საფუძველია, რომ დადგეს ბატონი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და გადადგეს, რადგან შს სამინისტროს არც კანონმდებლობით და არც რაიმე ფორმით არავინ ეკითხება, ჰესი სად აშენდება, ან თუნდაც მაღაზია სად გაიხსნება, ან სად დაიხურება. ეს არ არის შს სამინისტროს მოვალეობა. აქ მთავარია, პოლიციის გამოყენება რატომ ხდება ვიწრო ბიზნესჯგუფის სასარგებლოდ, ადგილობრივი მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, რატომ იყენებს ჩვენს პოლიციას და ძალოვან სტრუქტურებს ვიღაც კერძო ბიზნესჯგუფი დაცვის პოლიციად. თუ ამ ბიზნესჯგუფს ეშინოდა ხეობაში შესვლის, ან ცუდი მოლოდინი ჰქონდა, კეთილი ენება და დაექირავებინა დაცვის პოლიცია და მათი თანხლებით შესულიყო პანკისში, ამისთვის რატომ უნდა გამოეყენებინათ სახელმწიფო რესურსები?!“ - აინტერესებს დავით ჭიპაშვილს.

ეკოლოგი კახა ბახტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ პანკისში შექმნილი რთული სიტუაციის გამო პასუხისმებლობა, პირველ რიგში, სახელმწიფოს ეკისრება, რადგან, როცა ასეთი ტიპის ინტერვენცია ხდება თემში და ეს თემი სენსიტიურია, ამას კარგი მომზადება სჭირდება.

„ფაქტია, პანკისის თემთან მუშაობა არ შემდგარა, ბეწვზე გადავრჩით, რომ უბედურება არ დატრიალდა ამ ქვეყანაში. არ არსებობს ობიექტი, რომლის მშენებლობასაც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და ზეგავლენა არ ჰქონდეს. იმის შესახებ საუბარი, რომ თითქოს ამ ჰესს გარემოზე ზემოქმედება არ აქვს, არასწორია. უბრალოდ, ლაპარაკია, ამ ზემოქმედების მასშტაბებზე. შეიძლება, მცირე ჩარევას უზარმაზარი ზემოქმედება არ ჰქონდეს გარემოზე, მაგრამ დიდმა ჩარევამ ძალიან დიდი ზიანი გამოიწვიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, „ხადორი 3“-ის აშენებით გარემოზე ზემოქმედება უარყოფითია, ამას კარგი შესწავლა და მოსახლეობასთან კომუნიკაცია სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სერიოზული კრიზისის წინაშე დავდგებით და ეს მმართველობითი კრიზისი იქნება ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კახა ბახტაძემ.

Maverick საქართველო როგორც სახელმწიფო უნარების გამოცდებს მრავალწლიან შატალოზე მყოფი უმწიფარი, უზნეო, უდისციპლინო ბავშვების გამო დიდი ხანია ვერ აბარებს... მგონი აჯობებს ბაღნების ნაცვლად ზრდასრული ადამიანები მოვიყვანოთ ხელისუფლებაში... ესენი კიდენა დავუბრუნოთ საბავშვო ბაღებს, ან მათ პატრონებს!
5 წლის უკან
Serapina ახლადდანიშნული ეკონომიკის მინისტრის ბიოგრაფია ნახეთ...
მისი საქმიანობებიდან გამომდინარე, უფრო გასაგები გახდება,თუ საიდან უბერავს სიო...და რომ ის ენერგოდამოუკიდებლობა,რომელზეც ბიძინისტები საუბრობენ, ისეთივე მითია, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობა!
5 წლის უკან
tngh ქ-ნო Serapina!!! გასაგებია, რომ ყოველგვარი დამოუკიდებლობა თქვენთვის მითია... თანაც სულ ხალხის გაჭირვებაზე სწუხართ... თუ ჰესები არ აშენდა, ქვეყანა როგორ განვითარდება ეკონომიურად??? იქნებ გაქვთ განსაკუთრებული "რეცეპტი"??? გთხოვთ გაგვიმხილოთ... თუმცა, თქვენი საქმე დემაგოგიაა, არა ქვეყანის განვითარებაზე სერიოზული ფიქრი.
5 წლის უკან
Serapina tngh, ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, ისე როგორც განათლების პოლიტიკა, ხელისუფლების მიერ უნდა იქნას შემუშავებული და არა ჩემს,ან თქვენს მიერ!!!
...ოღონდ, თქვენ ამაზე რაციონალურად ფიქრის საშუალებას, კერპის მიმართ მონური სიყვარული გართმევთ... თქვენთან,ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია და "ძია ლენინის" შემდეგ,სულ კერპებს ეძებთ... სხვათა შორის,იმ ძირგამომპალ რუსეთს ვერ შორდებით, ყველაზე უფრო რომ მიშარასტები ლანძღავენ...იმის გაუცნობიერებლად, რომ მათი ბელადიც სულ რუსეთის სამსახურშია, დღემდე...
...ხოლო, სააკაშვილის საქმეს რომ დღევანდელი მთავრობა ისევ აგრძელებს(თორემ მაშინ იგივე გზებზე არ ივლიდა), ისიც უნდა შეგემჩნიათ.
5 წლის უკან