ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს - კოოპერაციის პროცესი საფრთხეშია ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს - კოოპერაციის პროცესი საფრთხეშია ბატონო პრემიერ-მინისტრო!

კიდევ ერთხელ მოგმართავთ ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გამო, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს. სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში კოოპერაციის პროცესის მნიშვნელობის შესაბამისად გაზრდილიყო მხარდაჭერა და მომხდარიყო მისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მიღებული იქნა სრულიად არაადეკვატური, არაკვალიფიციური და ამ პროცესის დამაკნინებელი გადაწყვეტილება, ქვეყანაში კოოპერაციული სისტემის ერთადერთი მაორგანიზებელი და მაკოორდინირებელი უწყების სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ გაუქმების და მისი ფუნქციების სხვა უწყების მიერ შეთავსების შესახებ, რაც იწვევს სერიოზულ შეშფოთებას.

მიუხედავად მწირი საბიუჯეტო დაფინანსებისა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ძალისხმევით ქვეყნაში მიმდინარეობს არაერთი კოოპერაციული პროექტი მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მევენახეობა-მეღვინეობის და თხილის წარმოების მიმართულებით.

კოოპერაციის პროცესის მართვა მოითხოვს კოოპერაციული შიგასაწარმოო ურთიერთობების და სისტემის განვითარების გამოცდილების სპეციფიკურ ცოდნას, რაც სააგენტოს არსებობის 6 წლის განმავლობაში არაერთი ტრენინგის გავლის შემდეგ შეიძინა მისმა პერსონალმა. ამიტომ მაღალ რისკთანაა დაკავშირებული სხვა უწყების მიერ კოოპერაციის პროცესის მართვის ფუნქციების შეთავსება, სადაც არც მმართველ პირებს და არც პერსონალს ამ სფეროში არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია, თუნდაც ამ უწყებაში არსებობდეს ქვედანაყოფი, კოოპერაციის პროცესის მართვის ნარჩენი ფუნქციებით.

დღეს სოფლად არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძირითადათ კოოპერაციული სისტემის გაძლიერებით არის შესაძლებელი სოფლის მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურება, აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ფორმების დამკვიდრება, რასაც ავტომატურად მოსდევს სინერგიული ეფექტი. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში ჩართულ ყველა პირს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების (აგრონომი, აგროეკონომისტი, ვეტერინარი, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, ტექნოლოგი და სხვა) დახმარება, ისინი ცალ-ცალკე, თავიანთი მატერიალური მდგომარეობის და არაორგანიზებულობის გამო, ვერ ქმნიან ლიკვიდურ მოთხოვნას სპეციალისტებზე. ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება მაშინ, როცა კვალიფიციური სპეციალისტების დიდი ნაწილი სამსახურის გარეშეა დარჩენილი, ხოლო შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ სპეციალობებზე სწავლის მსურველთა ოდენობა პერმანენტულად მცირდება. სოფლის მოსახლეობის არსებული მწირი მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ მათი კოოპერირებით არის შესაძლებელი შესაბამისი ფინანსური რესურსების გაერთიანება, რის შედეგადაც გაჩნდება ლიკვიდური მოთხოვნა დარგის სპეციალისტებზე, რაც თავის მხრივ თვისობრივ გავლენას მოახდენს შესაბამისი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ფუნქციონირებაზეც.

კოოპერაციულ პრინციპზე დამყარებულ საწარმოო ურთიერთობებს განსაკუთრებული და შეუცვლელი ადგილი უჭირავს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და მისი სოციალურ–ეკონომიკური განვითარების თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლაში, რაც დასავლური დემოკრატიის ქვეყნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად ითვლება. გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კოოპერაციისა და აგროსამრეწველო ინტეგრაციის წარმატებული გამოცდილება იძლევა საკმარის მასალას მათი სამეცნიერო და პრაქტიკული განზოგადებისთვის.

აგრარულ სექტორში კოოპერაციის განვითარება სახელმწიფო რეფორმებისა და გარდაქმნების ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და თავის შეკავება ამ კუთხით ადეკვატური ქმედითი ღონისძიებების გატარებისაგან, აუცილებლად შექმნის პრობლემებს, რაც ნეგატიურად აისახება ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე და ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე.

მიმდინარე პერიოდში სოფლის მოსახლეობის, განსაკუთრებით მაღალმთიანეთში მცხოვრებთა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა მოითხოვს როგორც ქვეყნის მთავრობის, ასევე სპეციალიზებული ფონდების და დონორი ორგანიზაციების პროექტები დაიგეგმოს ამ მოცემულობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ინვესტიციების ქმედითუნარიანობა და პროექტების სიცოცხლისუნარიანობა დადგება სერიოზული საფრთხის წინაშე. ამიტომ კოოპერაციის პროცესის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ხელისუფლების სხვა უწყებების, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გატარდეს შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები. კერძოდ, უნდა შეიცვალოს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კრიტერიუმი და დადგინდეს, რომ მთის ზონებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სიმბოლურ ფასად, თუ იგი განახორციელებს ამ ქონების ღირებულების არა 4-ჯერ მეტ (არსებული ნორმა), არამედ მისი ტოლფასი ღირებულების ინვესტიციას, ხოლო მთისწინეთში, ამ ქონების ღირებულებაზე 2-ჯერ მეტს. მაგალითად, მაღალმთიან სოფლებში, სადაც დაწყებულია რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოოპერატივებს მფლობელობაში ჰქონდეთ ფერმები, სადაც ორგანიზებულად განხორციელდება რძის წარმოების, პირუტყვის კვების, ვეტერინარიის და ჯიშთა განახლების ღონისძიებები. ამით საგრძნობლად შემცირდება როგორც პროდუქციის თვითღირებულება, ასევე სხვადასხვა დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები. სოფლებში ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული მეცხოველეობის ფერმები, რომელებიც დღითიდღე ნადგურდება, რადგან კოოპერატივები ვერ ახორციელებენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დადგენილ პირობებს, ოთხმაგი ინვესტირების შესახებ.

აუცილებელია საქართველოში დაარსდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიური დანადგარების დამამზადებელი საწარმო, რომელიც გახდება ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

პროგრამები „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ პროექტები და სხვ. საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტებით განსაზღვრული საწარმოო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენა ხდება სახელმწიფო ტენდერების საშუალებით, სადაც მონაწილეობას იღებენ შუამავალი კომპანიები, რომელებიც ახდენენ სხვა ქვეყნებში წარმოებული მანქანა-დანადგარების შესყიდვას. აღნიშნული სქემით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აღჭურვილობის შეძენა ხდება ამ მანქანა-დანადგარების მწარმოებლის ფასებზე გაცილებით მაღალ ფასებში. შედეგად ათეულობით მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნის გარეთ და ამასთანავე ხმარდება შუამავლების ინტერესების დაკმაყოფილებას. ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, რომელთაც გააჩნიათ სათანადო ურთიერთობები სხვა ქვეყნების ცნობილ კომპანიებთან. პროექტის ფარგლებში ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის გადამზადება და ფინანსური მხარდაჭერა კაპიტალური ინვესტირების კუთხით, განხორციელდება როგორც პროექტში მონაწილე უცხოური კომპანიის, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი პროგრამების და ფონდების მხარდაჭერით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ:

  1. პირად კონტროლზე აიყვანოთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის ინსტიტუციონალური განვითარების საკითხი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე რიგი უწყებების რეორგანიზაციის პროცესი. გარდა ამისა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა გახდეს საჯარო განხილვის საგანი, რომელშიც ჩაერთვებიან სპეციალისტები, აკადემიური და არასამთავრობო სექტორი, როგორც ეს ხდებოდა 2013 წელს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონის მიღების პროცესში;
  2. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებების შეტანის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების საწარმოო-ტექნოლოგიური დანადგარების დამამზადებელი საწარმოს დაარსების მხარდაჭერის მიმართულებით.

ჩვენი მხრივ გამოვხატავთ მზაობას აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნული პროექტის მომზადებაში.