პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს, რომ 1-დან მე-7 კლასის ჩათვლით, ხოლო მომდევნო ეტაპზე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეთა კვება იყოს უფასო.
“ფაქტია, რომ სკოლის სასადილოებში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, სადაც ფიქსირდება,- თვის მანძილზე კონკრეტულმა მოსწავლემ რამდენი ცალი ფუნთუშა, თუ ღვეზელი აიღო.
ამ დღეებში არა ერთი რაიონის მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს ვესაუბრე. როგორც ირკვევა, სკოლის სასადილოებში ეს პრაქტიკა მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. ზოგიერთმა მშობელმა ამიხსნა, რომ თვის ბოლოს მიდის სასადილოში და იხდის მთელი თვის საკვების საფასურს. ზოგიერთმა მითხრა, რომ გადახდა უჭირს და ამის გამო, ბავშვები სკოლაში იმ დრომდე არ მიდიან (გაკვეთილებს აცდენენ), ვიდრე მშობელს ნისიად აღებული საკვების ფული სკოლაში არ მიაქვს. ყველას აქვს ღირსება და თავმოყვარეობა!
მივმართავ განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს: სასწრაფოდაა მისაღები გადაწყვეტილება, რომ საჯარო სკოლებში (პირველ ეტაპზე- პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით, მეორე ეტაპზე- პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით) ბავშვთა კვება იყოს უფასო!
ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც საჯაროდ ვაყენებ ხელისუფლების წინაშე,- ეს არის ბავშვთა შიმშილის დაძლევა. გვაქვს ჩვენ ამისი საშუალება, გვაქვს! ვალდებულია ხელისუფლება დაიცვას ბავშვები შიმშილისაგან, ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ი “– წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქში და აქვეყნებს სკოლის ბუფეტის ე.წ ნისიების რვეულს.