ბათუმში მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ნეშტები 21 აპრილს უნდა დაეკრძალათ, თუმცა მათი დაკრძალვა გარკვეული პერიოდით გადაიდო. მიზეზი ის არის, რომ დაკრძალვას წინ უნდა უძღოდეს ნეშტების შესწავლა და დნმ ანალიზი. წინასწარი ინფორმაციით, ნეშტები 1937-38 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს უნდა ეკუთვნოდეთ. დაღუპულებს ხელები შეკრული ჰქონდათ და კეფაში ნატყვიარი ემჩნეოდათ, ჯიბეებში კი 1935-36 წლების მონეტები აღმოაჩნდათ. ასევე, აღნიშნულ სამარხში აღმოჩნდა რამდენიმე ჯვარი და მასრები.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 5 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტომასალა იმის შესახებ, რომ ბათუმთან, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 1930-იან წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი იპოვა. სულ გაითხარა ოთხი სამარხი, სადაც 150-მდე ნეშტი აღმოჩნდა. სიაში 600 ადამიანია, ხოლო ნაპოვნი მხოლოდ 150 ნეშტია. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, დახვრეტილების შთამომავლებმა დნმ ანალიზის ჩატარება მოითხოვეს.
მკვლევართა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ბათუმში აღმოჩენილ სამარხში არა რეპრესირებულები, არამედ თურქი ასკერები იყვნენ დამარხულნი, რადგან ეს ზონა, ბათუმის მისადგომები აქტიური საბრძოლო მოქმედებების ველი მინიმუმ ორჯერ იყო მეოცე საუკუნეში- 1919 და 21 წელს. თუმცა ეს ვერსია საეჭვოდ ჩანს იმის გამო, რომ გარდაცვლილთა სამოსის ჯიბეებში 1935-36 წლების მონეტები აღმოჩნდა.
ბათუმში აღმოჩენილი 150 ნეშტის შესასწავლად სამთავრობო კომისია შეიქმნა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის ხელმძღვანელობით. ექსპერტიზის ბიუროს დახმარებით შეიქმნება ნეშტების დნმ ბაზა.
სავარაუდოდ, მსგავსი სამარხები სალიბაურისა და ადლიის ტერიტორიაზეც არსებობს. როგორც ისტორიკოსი რამაზ სურმანიძე აცხადებს, მართალია, ბათუმში 150 ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა, მაგრამ, მთლიანობაში, საუბარია 613 ადამიანზე, რომლებიც ბათუმში არიან დახვრეტილნი, მაგრამ ყველა მათგანი წარმოშობით აჭარელი როდია. დახვრეტილთა შორის არიან უცხოელებიც (გერმანელები, იტალიელები). მაგალითად, ასეთი ისტორიაცაა, კაცი სტუმრად ჩავიდა ოჯახში და მასპინძელი რომ დაიჭირეს, ისიც მიაყოლეს.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბათუმთან აღმოჩენილი საერთო სამარხი, სავარაუდოდ, მე-20 საუკუნის მასობრივ სამარხს უნდა განეკუთვნებოდეს. მსგავსი აღმოჩენები ხშირი არ არის საქართველოს შემთხვევაში, თუმცა ამ ეტაპზე გადაჭრით მაინც ვერ ვიტყვით, რასთან გვაქვს საქმე. ზუსტად არც ის ვიცით, სამარხი რომელ პერიოდს მიეკუთვნება, რა ტიპის ტრაგედიის მსხვერპლთა სამარხია. ამის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ინფორმაცია ვრცელდება და არანაირი დასკვნა არ გვინახავს.
„ეს სამარხი დაახლოებით 3 წლის წინ გათხარეს, ამ ხნის განმავლობაში არაფერი გასაჯაროებულა. თუ შეიძლება ასე ითქვას, ძვლები დასაწყობებული იყო ყოფილი კათოლიკური ეკლესიის სარდაფში. მოგვიანებით, როცა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გადაწყვიტა ამ ნეშტების დაკრძალვა იმ ადგილას, სადაც ისინი იპოვეს, ამის შემდეგ ეს თემა გააქტიურდა. ამ ყველაფერს კანონი არეგულირებს, საამისოდ პროფესიული წესებიც არსებობს. უნდა მომხდარიყო სრულფასოვანი დოკუმენტირება, ფოტოგადაღება, უნდა დაეფიქსირებინათ თითოეული ნამარხი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან უკვე შეიქმნა სამთავრობო კომისია, ვფიქრობთ, ჩვენც ჩავერთოთ ამ კომისიის მუშაობაში. გავრცელებული ფოტოები ნაწილობრივ გვაძლევს შთაბეჭდილებას, რომ დახვრეტის მსხვერპლებს წააგავს ეს ნაშთები. ზოგიერთი ნაშთი არცაა, იქ ბევრი ნივთი, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფრაგმენტებია შემონახული. ამას სჭირდება სრულფასოვანი კომპლექსური ანალიზი, რითაც დავადგენთ, რომელი პერიოდია. ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი იმაზე, გვჭირდება თუ არა დნმ-ის ანალიზი. თეორიულად ამის გაკეთება შესაძლებელია. ესეც არ არის მარტივი, უნდა მოხდეს დნმ-ის ვარგისი ნიმუშის აღება და დაიწყოს მუშაობა დნმ ბანკის შესაქმნელად. ყველა მაძიებლის, შთამომავლის, უახლოესი ნათესავის ნიმუშების შეგროვება უნდა მოხდეს, ვისაც წინაპარი რეპრესირებული, დახვრეტილი ჰყავს. ამის მერე უნდა შეუდარონ ისინი ერთმანეთს, ანუ მოხდეს იდენტიფიკაცია“, - აცხადებს ირაკლი ხვადაგიანი.
რაც შეეხება საეჭვო გარემოებებს, მკვლევარი განმარტავს, რომ ამ სამარხთან დაკავშირებით ბევრი რამ ეწინააღმდეგება საბაზისო ცოდნას. გაურკვეველია, რა პერიოდისაა ბათუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ეს მონეტები, ვინმემ შეისწავლა თუ არა იარაღის ვაზნები, ნაპოვნი ჯვარი. როგორც წესი, განსაკუთრებით 1937-38 წლების მასობრივი ტერორის დროს მსხვერპლს ასეთი ნივთები თან არ უნდა ჰქონოდა, რადგან ისინი დიდი ხნის, თვეების ან კვირეების განმავლობაში იყვნენ საპატიმროში, სანამ დახვრეტის განაჩენს გამოუტანდნენ. ჩხრეკისას მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ყოველგვარი პირადი ნივთი, მით უმეტეს, ლითონის ნივთები არ შეიძლება ჰქონოდა ადამიანს თვითდაზიანებისთვის ან სხვების დასაზიანებლად რომ არ გამოეყენებინა. ყველაფერი ეს ბევრ კითხვას აჩენს.
მკვლევარის განმარტებით, ვერც იმას ვიტყვით, რომ ამ ადამიანების დახვრეტა სპონტანურად მოხდა და ჩეკისტებს არ ეცალათ ნივთების ჩამორთმევისთვის, რადგან 1937-38 წლების ტერორი კარგად იყო ორგანიზებული. დახვრეტა და ანგარიშსწორება ხდებოდა არა ადგილზე, არა დაუყოვნებლივ, არამედ რამდენიმე დღის შემდეგ და ამას გეგმაზომიერი ხასიათი ჰქონდა. ამ გარემოებებს, სავარაუდოდ, კომისია დაადგენს.
საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე გურამ სოსელია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს სამარხები 1937 წელს დახვრეტილებს უნდა ეკუთნოდეთ. ისინი ჩაყრილები არიან პირით მიწისკენ, არ არიან დასაფლავებულნი და იქვე აღმოჩენილია 1935-36 წლების მონეტები. ამით ირკვევა, რომ ეს ძვლები არ ეკუთვნით 1921 წელს ნაომარ ხალხს, ანუ თურქ ასკერებს.
„სხვათა შორის, 1924 წელს აჭარაში, ამ ტერიტორიებზე დახვრიტეს 150 ადამიანი, შეიძლება ეს მათი ჩონჩხებიც ყოფილიყო, მაგრამ, რადგან ლაპარაკობენ, რომ ხურდა ფული 1935-36 წლებშია გამოშვებული, მაშინ არ ყოფილა ეს 1924 წლის ტრაგედია. აჭარაში კიდევ არის სალიბაურის ტერიტორია, შესაძლოა, სალიბაურში აღმოჩნდეს 1924 წლის ჩონჩხები. რაც შეეხება დახვრეტილთა 600-კაციან სიას, ეს სია ინტერნეტიდანაა აღებული და იმ 600 კაცის ნახევარზე მეტი თბილისშია დახვრეტილი. არსებობს სხვა სიებიც, აღსრულების აქტები, სადაც პირდაპირ წერია დახვრეტილთა სახელები, გვარები და ხელს აწერს წარმომადგენელი. თუ წარმომადგენელია აჭარის ჩეკისტი, ე.ი. ადამიანი აჭარაშია დახვრეტილი. თუ აღსრულების აქტში წერია თბილისელი დამხვრეტავის სახელი და გვარი, მაშინ ადამიანი თბილისშია დახვრეტილი“, - აცხადებს გურამ სოსელია.
რაც შეეხება დნმ-ის ანალიზის ჩატარებას, გურამ სოსელია მიიჩნევს, რომ ეს საქმის გაჭიანურებაა, რათა საქმე ნორმალურად არ დაამთავრონ. მისი აზრით, დნმ-ის თემა კგბ-შნიკებმა შემოაგდეს. ამით ყველაფერი ისე გართულდება, რომ უკვე თბილისშიც ვეღარ მოიძიებენ მსგავს სამარხებს. გურამ სოსელიას აინტერესებს, რას ნიშნავს ძვლების დნმ-ანალიზი, როცა ძვლები არეულ-დარეულია. ე. ი. ყველა ძვლის ანალიზი უნდა ჩაატარონ, მერე იპოვონ ასეთივე დნმ-ის მქონე შვილიშვილი, ამას ვინ გააკეთებს, ეს ხომ ნიშნავს, რომ ამით საქმის ჩაფუშვა სურთ.
„ხომ ხედავთ, კინაღამ ანათემაზე გადასცეს აჭარის საპატრიარქოს წარმომადგენლები, რატომ გათხარეს სამარხიო. მართალია, არ შეიძლება პარტიზანულად გათხრები აწარმოო, მაგრამ საპატრიარქოს ეს რომ არ გაეკეთებინა, მაშინ ხელისუფლებას უნდა გაეთხარა. ამ დროს კი მთავრობას როცა მიმართეს, დახვრეტის ადგილი აქ არის აჭარაშიო, არც კი გათხარა ხელისუფლებამ. ამიტომაც გათხარა ეკლესიამ. მთავრობაში იციან, სადაც არის დახვრეტის ადგილი, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნებიან და არც თხრიან, რათა კგბ-შნიკებს არ აწყენინონ და დისკომფორტი არ შეუქმნან, რადგან კგბ-შნიკები იძახიან, საბჭოთა კავშირი კარგი იყოო. როგორ იყო კარგი, თუკი ხოცავდნენ ხალხს?!“
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბათუმში მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ნეშტები 1937-38 წლების რეპრესიების შედეგად დახვრეტილ ადამიანებს უნდა ეკუთვნოდეთ. მით უმეტეს, მათ ბორკილები აქვთ დადებული და დახვრეტილები არიან.
„ეს ყველაფერი უნდა გამოიძიონ, დნმ-ის ანალიზი რომ ჩატარდეს, ესეც შესაძლებელია. ამას კატასტროფული თანხები არ სჭირდება. 1937 წელს ქრისტიანებსაც ხვრეტდნენ, მაჰმადიანებსაც და იუდაისტებსაც, რეპრესია განურჩევლად ყველასთვის რეპრესია იყო“.