„კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ. ამიტომ მეც ჩავერთვები და ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
ირკალი სესიაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყავის დასალევად მიიპატიჟა.
ყავაზე დაპატიჟების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, გამოცხადდეს მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში, ყავაზე დაპატიჟების ინიციატივით უპასუხა და თქვა, რომ მისი ნახვის სურვილის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ის ყავაზე მიიპატიჟონ.
„თუ „ევროპულ საქართველოს“ ჩემი დამატებით ნახვა სურს, დამპატიჟონ ყავაზე და მივალ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საპასუხო განცხადება დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ დღეს გააკეთა. “ევროპული საქართველოს” წევრმა აღნიშნა, რომ მზად არის თავად მოუმზადოს ყავა მინისტრს, თუ ის საკანონმდებლო ორგანოში მივა და არსებულ კითხვებს უპასუხებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის შეთევაზებას “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავაც გამოეხმაურა:
“თუ ყავა უნდა ყავასაც დავახვედრებთ პარლამენტში, ოღონდ იმედია, არ ეგონება, რომ შიგნით ციანიდს ვუყრით”, – აღნიშნა უგულავამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლა იგეგმება. გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში 3 მაისს მოუსმენენ.
გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება და მათ კითხვებს უპასუხებს.