ელენე ხოშტარია შს მინისტრს ყავაზე ეპატიჟება

ელენე ხოშტარია შს მინისტრს ყავაზე ეპატიჟება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საკუთარი ხელით მოდუღებულ ყავაზე ეპატიჟება.

გუშინ გიორგი გახარიამ მის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “თუ ევროპული საქართველოს რომელიმე ლიდერს სურსშეუძლიათ, ყავაზე დაპატიჟონ.

ხოშტარია მინისტრს ორ პირობას უყენებს, რომ დალიოს მისი ხელით მომზადებული ყავა და ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.

“დღეს შს მინისტრთან არის ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები, თუ მას აშინებს კომიტეტში და პარლამენტში მოსვლა მას, მინდა შევთავაზო ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი,” –  განაცხადა ელენე ხოშტარიამ

გიორგი გახარიამ ამ განცხადებით გიგა ბოკერიას უპასუხა, რომელმაც გუშინ პანკისის ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ გახარია და ეკონომიკის ახალი მინისტრი, ნათია თურნავა პარლამენტში უნდა მივიდნენ და კითხვებს პასუხი გასცენ.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ, დაველაპარაკები“, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლა იგეგმება. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში 3 მაისს მოუსმენენ.

გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება და მათ კითხვებს უპასუხებს.