“თუ დაკავებები დაიწყება ისევ გამოვალთ” – რა მდგომარეობაა პანკისის ხეობაში

“თუ დაკავებები დაიწყება ისევ გამოვალთ” – რა მდგომარეობაა პანკისის ხეობაში

პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის გამოძიების ფარგლებში მოსალოდნელ დაკავებებთან დაკავშირებით, ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაკავებები არ დაიწყონ. მათი თქმით, თუ დაპატიმრებები დაიწყება, ისევ გამოვლენ და თანასოფლელებს დაიცავენ.

რაც შეეხება ხეობაში არსებულ ზოგად ვითარებას, პანკისის მოსახლეობის  დიდი ნაწილი მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაიწყოს. ადგილობრივები სოფელ ბირკიანში შეიკრიბნენ და გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიეს. პანკისში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებამდე გადაიდო.

როდის ჩავლენ ხელისუფლების წარმომადგენლები პანკისში და როდის გაიმართება გაფართოებული აუდიენცია, ჯერჯერობით უცნობია.

შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად,  სამედიცინო დახმარება სულ 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი იყო.

„არასოდეს განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან“,  – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ  პანკისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. ბახტაძემ ხეობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა, აგრესია სამართალდამცველების მიმართ,  მიუღებელია,  რაზეც კანონის პასუხიც ადეკვატური იქნება.

პრემიერმინისტრის განმარტებით, ელექტროენერგიის დამატებით სიმძლავრის მშენებლობის გარეშე, ეკონომიკაში არსებულ  გამწვევებთან  გამკლავება შეუძლებელია. პანკისში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით , განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმაც.