ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე – „ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ამ სამი არამოსამართლე წევრის გამოწვევას ითხოვს. დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინა. უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ასახელებს. ბრალდებას არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე და „ევროპული საქართველოს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს.
როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათკაციანი სია პარლამენტს 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა. აღნიშნულ სიას საბჭოს 14 წევრიდან მხოლოდ სამმა წევრმა – ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა არ დაუჭირა მხარი.
საპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი ვერ ასრულებს პარლამენტის მიერ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მოქმედებენ საზოგადოების ინტერესების საპირისპიროდ და ასრულებენ კონკრეტული ჯგუფების მითითებას.
როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ის ადამიანები ვინც აირჩიეს კონკრეტული ვალდებულებებით და როდესაც ისინი ამ ვალდებულებებს არღვევენ, არაჯეროვნად ასრულებენ თავის ფუნქციას, პარლამენტმა ამაზე უნდა მოახდინოს რეაგირება.
„პარლამენტმა ისინი უნდა გამოიწვიოს კონკრეტული მიზეზით. იმაზე კი არ არის ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მათ არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება რისთვისაც არიან იქ არჩეულები. ამიტომ ის ადამიანები უნდა გამოვიწვიოთ და ეს კლანი უნდა დავშალოთ. ეს ადამიანები კიდევ ერთ კანონს არღვევენ როდესაც გამოდიან და პოლიტიკურ დებატებში შემოდიან ხან არასამთავრობო სექტორთან და ხან პოლიტიკურ პარტიებთან. ამით ისინი შეურაცხყოფენ „ევროპულ საქართველოს“ კი არა, მთიანად პარლამენტის ინსტიტუტს“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
„ევროპული საქართველოს“ინიციატივას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა თვლიან, რომ ეს პრობლემას მთლიანად ვერ მოაგვარებს. როგორც თინა ბოკუჩავა აცხადებს, ის კლანი, რომელიც დღეს მთელს სასამართლო სისტემას მართავს, მხოლოდ ამ სამ ადამიანზე არ დგას.
„სამი ადამიანის გამოწვევა სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნაა თუმცა, სამწუხაროდ, ის ვერ განკურნავს, ასე ვთქვათ, იმ მანკიერებას, რაც ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ზოგადად, სასამართლოში. იმიტომ, რომ მხოლოდ ამ სამ ადამიანზე არ დგას ის კლანი, მათ ფესვები ძალიან ღრმად აქვთ გადგმული და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ძირეული რეფორმა და არა ის რაღაც ფასადური კრიტერიუმები და ნორმები, რაც ვითომ მეორე მოსმენით მიიღეს ვენეციის კომისიის და ეუთოს რეკომენდაციების უგულებელყოფით“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის გამოწვევას ითხოვს უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, რომლის განცხადებით, საბჭოს ის წევრები, რომლებიც დასახელებული იქნა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ხელფასს ტყუილად იღებენ და ისინი დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ.
„რა თქმა უნდა, ესენი უნდა იყვნენ გამოწვეულები. ეს სამი ადამიანი ტყუილად იღებს ხელფასს, ამ შემთხვევაში ბიუჯეტის ფულს, რომელიც არის ხალხის ფული. ისინი იღებენ ხალხის ფულს, მაგრამ ასრულებენ ჩინჩალაძის დავალებას. არანაირი სახიფათო პრეცედენტი არ შეიქმნება. სამი მუქთახორაა და ეს სამი მუქთახორა გამოწვეული უნდა იქნას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
კითხვები აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს, რომლის განცხადებით, არსებობს კითხვები „ქართული ოცნების“ მიმართ, რატომ დაიმსახურეს გზირიშვილმა, ხარებავამ და ქადაგიძემ პარლამენტში ხმების დიდი რაოდენობა. როგორც დოლიძე აცხადებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ იქნებოდა ის სრული თვითნებობა, რა თვითნებობაც დღესაა, რომ არ ჰყავდეთ მდუმარე თანხმობის მიმცემნი, რომლებიც მათ გადაწყვეტილებებზე ხელს მდუმარედ აწერენ.
„აუცილებელია, აღნიშნულმა წევრებმა საზოგადოებას გასცენ პასუხი, თუ ვინ არიან და რატომ აწერენ ხელს საბჭოს მოსამართლე წევრების გადაწყვეტილებებს მდუმარედ. არაერთხელ განვაცხადე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, დაიწყოს საზოგადოებრივი დისკუსია პარლამენტის მიერ ძალიან მაღალი ხმებით საბჭოში დანიშნული სამი არამოსამართლე წევრის შესახებ.
თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“ ეს სამი წევრი დანიშნა საბჭოში ძალიან მაღალი ნდობით, მაღალი ხმების რაოდენობით, ამიტომ საჭიროა, პარლამენტში და ხალხში დაიწყოს დისკუსია, ვინ არის ეს ხალხი, რომელიც დუმს და მდუმარედ ასრულებს მოსამართლეების დღის წესრიგს საბჭოში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ლევან გზირიშვილი პოლიტიზირებულს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს. როგორც ლევან გზირიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნულმა სამმა არამოსამართლე წევრმა 2018 წლის დეკებერში მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ათკაციან სიას და ამით მხოლოდ პოზიცია დააფიქსირა. ახლა კი, ოპოზიციის მხრიდან ამაზე აპელირება და საუბარი, თითქოს ეს სამი არამოსამართლე წევრი საქმიანობას არაჯეროვნად ასრულებს, საბჭოს წევრის საქმიანობაში ჩარევას წარმოადგენს.
„ამ საკითხის დაყენება პარლამენტში მგონი, ბატონი შალვა შავგულიძის ინიციატივაა. მე, მესმის, რომ ეს საკითხის პოლიტიზირების მცდელობაა, თუმცა მაინც ვუპასუხებ. ჩვენ მიერ ათკაციანი სიის მხარდაჭერას რაც შეეხება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება იყო იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემოვიდა.
14 წევრიდან 11–მა მხარდაჭერა დააფიქისრა, სამმა წევრმა კი მხარი არ დაუჭირა. თუ პოზიციის დაფიქსირება - მხარის დაჭერა ან არდაჭერა განსაზღვრავს იმას, არის თუ არა ჯეროვანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, ეს იურისტების განსასჯელია“, – განაცხადა ლევან გზირიშვილმა.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების გამოწვევის საფუძველს ვერ ხედავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის შეფასებით, არაჯეროვან საქმიანობას ადგილი არ ჰქონია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ანა დოლიძე მუდმივად არღვევს სასამართლო ხელისუფლების სტანდარტს, პრეზიდენტს არ აქვს მისი გამოწვევის საფუძველი. მისი თქმით, დოლიძე უხეშად არღვევს კანონით გაწერილ უფლებებს, თუმცა ეს მაინც არ არის საქმის არაჯეროვანი შესრულება.
„შეგნებულად არ მინდა შემოვიდე პოლიტიკურ და სამართლებრივ დისკუსიაში, რადგან აქ ბევრი რამის თქმა შეიძლება სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხითაც. ერთ–ერთი არგუმენტი, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ პოლიტიკურ დებატებში არ შეიძლება შედიოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. რაც შეეხება გამოწვევას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოწვევა შეიძლება მხოლოდ საქმიანობის არაჯეროვანი შესრულებისთვის. არაჯეროვანი შესრულება რა არის, ეს არის განმარტებული სხვადახვა სფეროში, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.