სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილს უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვს

სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილს უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, ქვეყანაში შესვლის კანონიერი უფლება არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური იუწყება.

„სააკაშვილს, რომელიც უკრაინაში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ საუბრობს, ქვეყანაში კანონიერი შესვლისთვის საფუძველი არ აქვს. 2017 წლის სექტემბერში მან სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რაც ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებითაც დასტურდება. ჩადენილი კანონდარღვევის გამო მის წინააღმდეგ უკრაინაში შესვლასთან დაკავშირებით 2021 წლამდე შეზღუდვები მოქმედებს“, - ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, ვინაიდან, მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის დროს სააკაშვილმა სახელმწიფო ორგანოებს წარსულში ნასამართლეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 2018 წლის თებერვალში უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, საიდანაც ის 2017 წლის შემოდგომაზე უკრაინაში უკანონოდ შეაღწია.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.