გოგა კოხრეიძე: „მას შეეძლო, სამსახურიდან ავტომატურად დაეთხოვა ადამიანი, რომელიც მრჩეველთა საბჭოსთან ურთიერთობას გაბედავდა“

გოგა კოხრეიძე: „მას შეეძლო, სამსახურიდან ავტომატურად დაეთხოვა ადამიანი, რომელიც მრჩეველთა საბჭოსთან ურთიერთობას გაბედავდა“

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და იგი თანამდებობიდან გადააყენა, არასამთავრობოები მედიის თავისუფლებაზე ალაპარაკდნენ. მათ ეჭვი გაუჩნდათ შესაძლო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით.

თავად ნათია კაპანაძე პროცესს შემთხვევითობად არ მიიჩნევს. ის განმარტავს, რომ მათი დამოუკიდებლობა არ სურთ ადამიანებს და, როდესაც მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ მომხდარს სასამართლოში გაასაჩივრებს.

ნათია კაპანაძის გადაყენების გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა. ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაცმოძრაობის“ ქვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ ქვოტა) მიმართეს. გადაყენების მიზეზად სახელდება სატელევიზიო რეიტინგის კლება, პრიორიტეტების შეუსრულებლობა, საბჭოსთან  კომუნიკაციის არქონა. ამ პროცესს წინ უსწრებდა ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება დირექტორის წინააღმდეგ. ასევე, ნათია კაპანაძის გადაყენებამდე დილიდან გაიფიცნენ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ტელეოპერატორები, რომლებიც ხელფასის გაზრდას, ან სამუშაო პირობების შეცვლას ითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წელს აირჩიეს, მას ვადის ამოწურვამდე ექვს თვეზე მეტი დრო რჩებოდა. გამორიცხული არ არის, აჭარის ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ.

ნათია კაპანაძისგან განსხვავებით, სიტუაციას მართულად არ აღიქვამს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილი წევრი გოგა კოხრეიძე. For.ge გოგა კოხრეიძეს ესაუბრა.  

არასამთავრობოთა ნაწილი ნათია კაპანაძეს გამოექომაგა და მის გადაყენებაში უსამართლობა დაინახა. მის მხარეს არიან ენ-ჯე-ო-ები, თავიანთი „სუფთა“, თუ არც თუ უმწიკვლო წარსულით.  როგორია თქვენი თვალით დანახული აჭარის ტელევიზია? რა დააკლო ამ ტელევიზიას ნათია კაპანაძემ?  

- ჯერ კიდევ ერთი წლის წინ და უფრო ადრეც ვსაუბრობდი ნათია კაპანაძის არაკომპეტენტურობის შესახებ, იმ დარღვევების შესახებ, რასაც იგი ახორციელებდა. დღესაც აშკარა იყო არასამთავრობო სექტორის შემოტევა.  

თქვენ მის არაკომპეტენტურობაზე საუბრობთ. თუკი იგი არაკომპეტენტური იყო, თავიდანვე რატომ მოხდა ამ კადრის შერჩევა?

- თავიდან, როდესაც ირჩევდნენ ნათია კაპანაძეს, ალბათ, იმედი ჰქონდათ, რომ იგი რაღაცას გააკეთებდა, მაგრამ ძალიან მალე გამოჩნდა, რომ ტელევიზია არ იყო ის ორგანიზაცია, სადაც ნებისმიერ ადამიანს მიიყვანდი. ადამიანი გარკვეულ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს. სხვათა შორის, თავის დროზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებითაც მქონდა მის მიმართ დიდი შენიშვნა. მოგვიანებით გამოჩნდა კიდეც, რომ ის საზოგადოების ინტერესს ნაკლებად იზიარებდა, იზიარებდა მხოლოდ ენჯეო სექტორის  ინტერესებს. შეიძლება კონკრეტული თარიღი ვერ გავიხსენო, მაგრამ მახსოვს გადაცემები, რომლებიც აშკარად ცალმხრივი იყო. თუმცა რის გამოც სხვას აკრიტიკებდა არასამთავრობო სექტორი, იმ გადაცემებზე საერთოდ დუმდა.

კონკრეტულად თქვენთვის რა იყო ის გადამწყვეტი ნათია კაპანაძის შეფასებისას?

- ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ დაგროვდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზუსტად ის იყო, რომ ხელფასების გადანაწილება მისი სურვილისამებრ ხდებოდა და ის ადამიანები, რომლებიც მის გუნდში არ მოიაზრებოდნენ, იჩაგრებოდნენ. ეს იყო ის, რაც მე შიგნიდან მესმოდა, თორემ ამდენი წლის განმავლობაში ჩაძიებული და ჩაკირკიტებული არ ვყოფილვარ. სიმართლე გითხრათ, მრჩეველთა საბჭომ მაშინაც მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ, ასე თუ ისე, რამოდენიმე წევრი თავს იკავებდა, ბოლოს  ამოუვიდათ ეს ყველაფერი ყელში. მართლაც, ძნელი ასატანია, როდესაც დირექტორი არ ითვალისწინებდა მრჩეველთა საბჭოს ინტერესებს, თანამშრომლების აზრს, რომელთა ძალიან დიდი ჯგუფიც უკმაყოფილო იყო, უბრალოდ, თანამშრომელთა ნაწილს ეშინოდა საკუთარი აზრის გამოხატვის. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თავიანთ პოზიციას ხმამაღალა აჟღერებდნენ. სხვათა შორის, ძალიან „საინტერესო“ დოკუმენტი შექმნა მაშინდელმა დირექტორმა, მან თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ნებისმიერი ურთიერთობა აუკრძალა. ეს ნონსენსი იყო. ანუ ადამიანს თავისი გასაჭირი რომ მიეტანა მრჩეველთა საბჭომდე, ამის უფლებაც არ ჰქონდა.

ამ აკრძალვის არგუმენტი რა იყო?

- ალბათ, არ მოსწონდა მრჩეველთა საბჭოს წევრები, ვითომდა მხოლოდ თვითონ იყო დამოუკიდებლობის გარანტი და ლაპარაკობდა აჭარის ტელევიზიის სახელით. ამიტომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი მასთან უნდა შეეთანხმებინათ. მას შეეძლო, ავტომატურად დაეთხოვა სამსახურიდან ადამიანი, რომელიც მრჩეველთა საბჭოსთან ურთიერთობას გაბედავდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა დიქტატი იყო აჭარის ტელევიზიაში?!

ნათია კაპანაძე ამბობს, რომ იგი ობიექტურობას არასდროს ღალატობდა. ხომ არ ყოფილა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მოახლოებულია არჩევნები და შესაძლოა, სხვაგვარი პოლიტიკა აწყობდეს ხელისუფლებას?

- გარედან ჩარევასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რასაც მე ვხედავ, არ სჭირდებოდა ამ ყველაფერს ჩარევა, უბრალოდ, ყველას ყველაფერი ყელში ამოუვიდა, მათ შორის, იქ მომუშავე ადამიანებსაც და ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება. მე მოვისმინე ბორდის რამდენიმე სხდომის ჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში იყო დადებული, საიდანაც აშკარად ჩანდა, რომ სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა ოთხ წევრთან, რომლებმაც  მის გადაყენებას მხარი დაუჭირეს. ეს ადამიანი პირდაპირ იგნორირებას უკეთებდა მათ აზრს. სხვათა შორის, გამოჩნდება კიდეც, იყო თუ არა ჩარევა, მაგრამ ამაში ეჭვი მეპარება.

როგორც ვიცი, თქვენც გქონდათ კონკრეტული პრეტენზიები აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორთან, რაც რეკლამის გაშვებას უკავშირდებოდა.

- საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო გადაცემა, სადაც ენჯეოების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც დღეს იცავენ ნათია კაპანაძეს, პრეტეზია წაუყენა პირველი არხის წამყვანს, რომ ჩვენ ვართ ორნი ეთერში და მეორე მხარეს არის ოთხი ადამიანიო. რამდენიმე დღის შემდეგ გადაცემა გაკეთდა აჭარის ტელევიზიაში, სადაც ერთ მხარეს ვიყავი მხოლოდ მე, ანუ ერთი ადამიანი და მეორე მხარეს იყო რვა ადამიანი. ამ გადაცემაზე არასამთავრობოებს არანაირი პროტესტი არ გამოუხატავთ. ეს იყო ორმაგი სტანდარტის პირდაპირი ლუსტრირება. შეიძლება გადაცემაში ვერ მოიყვანო იმდენი ადამიანი, რომ ოთხი იქით დასვა და ოთხი აქეთა მხარეს, მაგრამ ორივე მხარეს უნდა მისცე საშუალება, საკუთარი აზრი თანაბრად გამოხატონ. ამ დროს კი აჭარის ტელევიზიაში მე გამომრთეს და რაღაც პერიოდის შემდეგ ილაპარაკეს ჩემს გარეშე, რათა საზოგადოებისთვის უფრო მეტად მოეხვიათ თავს თავიანთი შთაბეჭდილება. მე მაშინვე ვთქვი, თქვენ ახორციელებთ ორმაგ სტანდარტს. გარდა ამისა, აშკარად ჩანდა ფონდების ფულის შედინება აჭარის ტელევიზიაში, თანაც არა გრანტის სახით, არამედ სრულიად სხვა გზით და ამ ყველაფერს თითქოსდა გრანტის სახელი ეძლეოდა. ამის გამო  პროტესტი მაშინვე გამოვხატე.

არაგრანტის სახით ფულის შედინება შედინება რას ნიშნავს?

- მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანის პროექტს აკეთებს, მას რომელიღაც ფონდი აფინანსებს და ეს არის სწორედ გრანტი, მაგრამ არის სხვა შემთხვევებიც, როცა რომელიღაც ორგანიზაციამ გრანტი მიიღო ვიღაცისგან და მას სჭირდება სატელევიზიო მომსახურება, ამ სატელევიზიო მომსახურებაში ორგანიზაცია იხდის ფულს, ანუ ამ ორგანიზაციისთვის ეს არ არის გრანტი, ეს არის ჩვეულებრივი მომსახურება. აჭარის ტელევიზიაში კი ეს იმისთვის სჭირდებოდათ, რომ მათთვის მისაღები თანამშრომლებისთვის ხელფასი პირდაპირ გადაეხადათ და ბიუჯეტში არ შესულიყო თანხა.

ამას წინათ გამოქვეყნდა აუდიტის დასკვნა, რომელმაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის საქმიანობაში საეჭვო ვერაფერი დაინახა. 

- სხვათა შორის, გამიკვირდა, როცა ამას წინათ ვნახე გარე აუდიტის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ყველაფერი თურმე რიგზეა. მე მაინტერესებს ამ აუდიტის კომპეტენცია, რადგან ეს კონკრეტული ფაქტი არსებობს და დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ მე მაშინ მართალი ვიყავი, რადგან ბევრ ფინანსურ ორგანიზაციასთან გავიარე კონსულტაცია და აბსოლუტურად ყველა მეთანხმებოდა, რომ ეს იყო სერიოზული დარღვევა. ამ საშუალებით შეიძლება ტელევიზიაში შეედინოს ნებისმიერი ფული, ნებისმიერი სახით, რომელიც კანონით დაუშვებელია.

თქვენ აღნიშნეთ, რომ გადაცემები ცალმხრივი იყო, რადგან აჭარის ტელევიზიაში ენჯეოებს ენიჭებოდათ უპირატესობა. ენჯეოებისგან იყო დავალდებულებული აჭარის ტელევიზიის ხელმძღვნელობა?

- აქ უმთავრესია, რომ ტელევიზიამ თავისი ვალდებულება შეასრულოს და ჰქონდეს ტელევიზიის სახე. მათთვის ტელევიზია გახდა საშუალება, თავიანთი აზრები გაეტარებინათ. ამ ფონზე იკარგებოდა თვითონ ტელევიზია, მათ არ აინტერესებდათ, ადამიანები უყურებდნენ თუ არა ამ ტელევიზიას, მთავარი იყო გადაცემა, რომელიც დააკმაყოფილებდა რაღაც პრიორიტეტს, მაგრამ როგორ დააკმაყოფილებდა პრიორიტეტს ის გადაცემა, თუკი მას არავინ უყურებდა?! გადაცემების უმეტესი ნაწილი სწორედ ენჯეო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე კეთდებოდა.

ენჯეოები ხშირად გაიგივებულია „ნაცებთან“, შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ამ ყველაფრის უკან შეფარულად „ნაციონალები“ იდგნენ?

- არ ვიცი, როგორ იყო ამ ბოლო ხანებში, მაგრამ თავის დროზე აჭარის ტელევიზიასთან მიმართებით ყველაზე დიდი კავშირი დავინახე „რუსთავი 2“-თან. ფილმები, კადრები პრაქტიკულად იყო „რუსთავი 2“-ის ნაწარმი, ეს ყველაფერი შენიღბულად ხდებოდა და „რუსთავი 2“ შედიოდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. რომ მოვინდომოთ და დავიწყოთ ძველი გადაცემების ანალიზი, შორს წაგვიყვანს. ახლანდელ გადაცემებს, სამწუხაროდ, მე არ ვუყურებ, იშვიათად თუ ვნახავ სოციალურ ქსელში ატვირთულ რომელიმე გადაცემას. ამ გადაცემებმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვეს. არ მინდა ჩავეძიო, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა ნათია კაპანაძეს, მუდმივად აპელირებდა, თითქოსდა, აჭარის ტელევიზია იყო გერის როლში. სწორედ ამ აზრის მუსირებას ცდილობდა ის ადამიანი, რომ თითქოს მათ აჭარაში ყურადღებას არავინ აქცევდა.

გერის როლს როცა ახსენებთ, აქ ფინანსურ მხარეს გულისხმობთ?

- დიახ, ფინანსურ მხარეს, ამ დროს ეს კანონით იყო გაწერილი და აჭარის ტელევიზიაში მიდიოდა ის თანხა, რამდენიც საჭირო იყო. უბრალოდ, ზუსტად იმისთვის სჭირდებოდათ გერის როლის მორგება, რომ თითქოს აჭარლებს ვიღაც ჩაგრავდა. ამ დროს ვინ ჩაგრავდა, როცა თავის დროზე მე მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიყავი, საკუთარი ტექნიკის ნაწილი აჭარის  ტელევიზიისთვის მაქვს ნაჩუქარი და სახლიდან წაღებული ყოველგვარი სასყიდლის გარეშე. დღესაც იმ ტექნიკას იყენებენ აჭარაში. მე მქონდა ინტერესი, აჭარის ტელევიზია ყოფილიყო ისეთი, რომ ადამიანებს ეყურებინათ. ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო, რომ აჭარის ტელევიზიის რეიტინგი სულ უფრო დაბლა ეცემოდა.

ბრძოლა ტელევიზიისთვის რით დასრულდება?

- ეჭვი მეპარება, ნათია კაპანაძემ დირექტორის პოსტი უკანონოდ დაიბრუნოს გინდა სასამართლოთი, გინდა სხვა საშუალებით, რადგან აშკარად ჩანს, რომ იქ მყოფ ადამიანებს არ სურთ კაპანაძის იქ ყოფნა. რა თქმა უნდა, ენჯეოები ილაპარაკებენ, გაგვლანძღავენ, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები. თავის დროზე, როცა სამეურვეო საბჭოს წევრად მირჩევდნენ, არ ჰქონდათ წარმოდგენა ჩემს შესახებ, მაგრამ მლანძღავდნენ და მაკერებდნენ იარლიყებს. მათი ინტერესი არ იყო სამეურვეო საბჭოს წევრად ჩემი გახდომა. რა უნდა მექნა, მეცინებოდა ჩემთვის, ეს ახლაც მოხდება, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ რაღაც უკან შემოტრიალდეს.

არ შეიძლება ამის გაკეთება, აჭარის ტელევიზიამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ის ამ ფუნქციას ვერ ასრულებდა. თითოეულ კუთხეს, ჩვენი სამშობლოს ნაწილს თავისი ფუნქცია უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება რაღაცის კოპირება, აჭარაში გასაკეთებელი ბევრია, ადგილობრივ მოსახლეობას უფრო მეტად აინტერესებს და აღელვებს სხვა საკითხები, ამას უნდა აკეთებდეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. გარდა ამისა, პოლიტიკური ნაწილია, რომ აჭარის მაუწყებელი უნდა იყოს მაგალითი ჩვენი დაკარგული ტერიტორიებისთვის - აფხაზეთისთვის, თუ რა მდგომარეობაში გვყავს ჩვენ ავტონომიური რესპუბლიკა. დღეს თუ ხვალ აფხაზებს გაუჩნდებათ უკან დაბრუნების სურვილი, მათ უნდა იცოდნენ, სად მიდიან, უნდა იცოდნენ, როგორ ეპყრობა მათ ადგილობრივი, თუ ცენტრალური ხელისუფლება. არ ვარ წინააღმდეგი, თბილისიდან ვიღაც ჩავიდეს აჭარაში და საქმე აკეთოს, მაგრამ არ შეიძლება ამ პოლიტიკას ამახინჯებდეს თბილისიდან ჩასული ადამიანი. შეიძლება უცხოეთიდანაც ჩამოიყვანო ადამიანი, მაგრამ ჩამოსული ადამიანი რომ ადგილობრივთა ინტერესებს არ ითვალისწინებდეს, ეს დაუშვებელია. ჩასულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს ადგილზე არსებული პოტენციალი, რათა ადგილობრივებს შეუქმნას პროდუქტი, რომელსაც საზოგადოება შეხედავს, მოეწონება და სხვაგან არ გადართავს.