დღევანდელ მოგონებებში ტრადიციულად რამდენიმე ათეული წლის წინ უკან დაგაბრუნებთ და ცნობილი ქართველი ხელოვანების თავს გადამხდარ „საინტერესო“ ისტორიებს გაგაცნობთ.
სამსონ ფირცხალავამ აკაკისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ წერილში, რომელიც ალმანახ „ფასკუნჯის“ ფურცლებზე დაიბეჭდა, მგოსანს „ქართველი ხალხის სულიერი მეფე“ უწოდა. პოეტმა ფირცხალავას ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ უსაყვედურა:
– ეს რატომ დაწერე. მევალეებმა შემაწუხეს, მეფე თუ ხარ, ფულიც გექნება და გაგვისტუმრეო.
„დიდოსტატის მარჯვენა“ ისე გადაიღეს, რომ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ შერჩეულ არცერთ მსახიობს არ შეუსრულებია იქ როლი. პრემიერაზე დიდი მწერალიც დაპატიჟეს და როცა ფილმის ჩვენება დასრულდა, რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა მწერალს ჰკითხა:
– ბატონო კონსტანტინე, რას იტყვით, როგორ მოგეწონათ თქვენი რომანის ეკრანიზაციაო?
კოწიამ ტაბლიაშვილს მიუგო.:
– ჩემი იქ მხოლოდ ნებიერა (შველი) ვიცანიო.
ცნობილ ქართველ საბჭოთა კომპოზიტორს, ვანო მურადელს 1968 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს. მაესტრომ ამის აღსანიშნავად რესტორან „არაგვში“ წვეულება გამართა, სადაც კონსტანტინე გამსახურდიაც იმყოფებოდა. ცოტა რომ შექეიფიანდნენ, გამსახურდიამ მურადელს ჰკითხა:
– ვანო, რისთვის მოგანიჭეს სახალხო არტისტობა?
– მუსიკოსობისთვის, კოწია, – უპასუხა მურადელმა.
კონსტანტინეს კი ჩაეცინა და უთხრა:
– რა მუსიკოსი შენ ხარ, როცა არამუსიკალური გვარი გაქვს: მის ნაცვლად – მუ, რეს ნაცვლად – რა, დოს ნაცვლად – დე და ლას ნაცვლად ლი. მუ-რა-დე-ლი ხარო...
მსახიობი დოდო ჭიჭინაძე იხსენებს: „მახსოვს, რაჭაში მივდიოდით, ჟენიამ (ვასო გოძიაშვილის მეუღლე) მე ჩამაბარა ვასო, ვაგონში ყურადღება მიაქციეო (ვასო უკვე საკმაოდ მოხუცი იყო), როგორც იყო, ფეხთ გავხადე, დავაწვინე, და მე ზემოთა თაროზე ავედი დასაწოლად. წევს ვასო და ოხრავს, ოხრავს და რაღაცის თქმას აპირებს… – მოხდა რამე, ბატონო ვასო? – ვეკითხები. – ეჰ, დროება შეიცვალა, – ადრე ქალები ქვემოთ იყვნენ, მე – ზემოთ, – ისევ ამოიოხრა ბატონმა ვასომ“.
ზურაბ სოტკილავას ერთმა ახალგაზრდა მომღერალმა ნიშნის მოგებით უთხრა:
– გუშინდელ სპექტაკლზე ჩემი ხმა თეატრის ყველა იარუსში ჟღერდაო.
ზურაბს გაეცინა და მიუგო:
– ვიცი. მე თვითონ ვხედავდი, როგორ უთმობდნენ მას ადგილს მაყურებლებიო.
ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი ფრიდონ ხალვაშს ეწვივნენ მშობლიურ სოფელში. რადგან სახლი არ იცოდნენ, სოფლის ცენტრში მოთამაშე ბავშვებს ეკითხებოდნენ, რა გვარი ხარო, იმ მიზნით, რომ რომელიმე ხალვაში აღმოჩნდებოდა და მისგან გაიგებდნენ ფრიდონის მისამართს. ხუთიოდე ბავშვს რომ გვარი ჰკითხეს, მათ უპასუხეს – ივანოვი, პეტროვი, ვასილიევი, კონევი, მაქსიმოვი, ანუ ისე დაემთხვა, რომ ყველას რუსული გვარი აღმოაჩნდა. მხოლოდ მეექვსე აღმოჩნდა გვარად ხალვაში და ნოდარ დუმბაძემ მას ჩვეული იუმორით უხთრა:
– ბიძია, შენ აქ პლენში ხარ თუ გადასახლებაშიო.
ერთმა ცნობილმა მსახიობმა ნოდარ დუმბაძეს შესჩივლა:
– ნოდარ, ცოლი გაყრას (განქორწინებას) მთხოვს და რას მირჩევო.
– გაუყარე მერეო, – მიუგო ნოდარმა.
ერთ-ერთ კლასში ნოდარ დუმბაძე ისტორიის გამოცდას აბარებდა და ბილეთში სამოქალაქო ომის გმირი, ვასილ ჩაპაევი შეხვდა.
– აბა, დუმბაძე, თქვი, ვინ იყო ჩაპაევი, – უთხრა მასწავლებელმა და პენსნეს ზემოდან შეხედა.
– ინდიელი, მას, – მიუგო ნოდარმა.
– რას ბოდავ, რატომ ინდიელი? – პენსნე ჩამოუვარდა მასწავლებელს ასეთ გაუგონარ პასუხზე.
– იმიტომ, რომ წითელი იყო და თეთრებს ებრძოდა, – ჩვეული იუმორით მიუგო ნოდარმა, რისთვისაც გამოცდიდან გამოაგდეს და შემოდგომაზე ჩაპაევის სრული ბიოგრაფიის ჩაბარება მოუწია.
გურამ დოჩანაშვილი იხსენებს: „სამოსელი პირველი“ რომ გამოვიდა, ჩემი ნაცნობ-მეგობრები წიგნის ავტოგრაფით ჩუქებას მთხოვდნენ. მეც მაღაზიაში მივედი, რომ ოციოდე ცალი მეყიდა. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ყველა ეგზემპლარი გაყიდული დამხვდა. უკან გამობრუნება დავაპირე. ახალგაზრდა წიგნების გამყიდველმა გოგონამ ჩემი შეწუხებული სახე რომ დაინახა, ეტყობა, შევეცოდე და მანუგეშა:
– ნუ დარდობთ, ბიძია, ეგ წიგნი წაკითხული მაქვს და ისეთი სილენჩეა, რომ წუხილად არ ღირსო..