შოუგადაწურული იმედების ტელევიზია და

შოუგადაწურული იმედების ტელევიზია და "თიბისი ტვ"-ს შეხიზნული ნანუკას შოუ

საქართველო რომ ფენომენალური ქვეყანაა, ამაზე აღარც ჩვენ ვდავობთ და აღარც უცხოეთი, მაგრამ ასეთი სამგზის ზე, ზე, ზე-ფენომენალურები თუ ვიყავით, აღარც მე მეგონა და არც იმ დალოცვილ უცხოელებს, ახლა პირდაფჩენილები რომ შემოგვჩერებიან: დემოკრატია კი ვიცოდით რა იყო, მაგრამ ისეთი, თქვენ რომ გეხერხებათ, პირველად ვნახეთო! ჰოდა, ჩემო კარგებო, ,,ვას ის დას, ახლა გასწავლით ჭკვას!"

მოკლედ, ჯერ იყო და, ქართული დემოკრატიის სადარაჯოზე ერისაგან ,,გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად" შერაცხული "რუსთავი 2" დადგა; ახლა კიდევ, სად იყო და სად არა, სექტემბრის ცნობილი პოლიტიკური მოვლენებისა და კომპრომატების ომის შემდეგ გულგაწვრილებულ ხალხს ისევ და ისევ ერისაგან სიყვარულით "გადაწურული იმედების ტელევიზიად" ხელდასხმული ,,იმედი" დაუდგა გვერდში.

1 ოქტომბრისთვის ვისთვის საბედისწერო და ვისთვის საოცნებო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დემოკრატიის ახალმა შუქურა ,,იმედმა" ერთი ხელის მოსმით მიხურ-მოხურა ყველა გასართობი სახის ტელეპროექტი და პრაქტიკულად, თავი ბანკროტად გამოაცხადა: აღარ გვაქვს, ბატონო, თქვენი გასართობი ფული და აწი თქვენით გაირთეთ თავი.

ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, დემოკრატიის სადარაჯოზე ვდგებით და საგანგებო საინფორმაციო რეჟიმში ვიწყებთ მუშაობასო! – ასე და ამგვარად განუცხადა "იმედმა" გაწბილებულ თანამშრომლებს და ხალხს, თუმცა, თავი აღარ შეიწუხა და არ განმარტა, როგორ და რა გზებით არის დაკავშირებული დამოუკიდებელი კომერციული ტელევიზიის უცაბედი ,,ჩამოშლა" აწ უკვე ყოფილი ხელისუფლების ცვლილებასთან.

– ელემენტარულია, ვოტსონ! ამათ შორის რაღაც უხილავი თუ თვალშისაცემად ხილული ძაფები რომ არსებობდა, კი ვიცოდით, მაგრამ ასე უცებ თუ გამოიაშკარავებდნენ თავს და უკან მიჰყვებოდნენ პატრონს, ვის ეგონა? ეს ოხერი, 1 ოქტომბრამდე თავს ვიკლავდით ამხელა ხალხი და ,,მაესტროსა" და ,,9 არხის" მოსალოდნელ გათიშვას ვაპროტესტებდით და თურმე სინამდვილეში ვინ ყოფილა დასაცავი?!

ირონია იქით იყოს და, მაინც გაუგებარია, რაში უშლიდა დემოკრატიის სადარაჯოზე მდგარ ,,იმედს" ხელს ისეთი მცირებიუჯეტიანი გასართობი გადაცემები, როგორებიცაა, ვთქვათ, ,,დღის შოუ" ან ,,კაცების შოუ"? რა ფარული საპროტესტო მუხტის მატარებლები იყვნენ ისინი და რისთვის დაისაჯნენ?

ანდა, ისეთი რა ენერგია და ფინანსები უნდა მოახმაროს აწი ,,იმედმა" ამ ,,სადარაჯოზე დგომას", რომ მსუბუქი ხასიათის პროექტებზე ვეღარ მოცდეს?

ჰო, მართლა, ეს ,,სადარაჯოზე დგომა" მაგარი ვისწავლეთ რა. იცვლება ხელისუფლება და იქადნება, აწი დემოკრატიას ვუდარაჯებთო; იშლება ,,იმედი" და იწერება, აწი ჩვენც სადარაჯოზე ვდგებითო. აივსო მოკლედ ქვეყანა ამ დარაჯებით, მცველებითა და მსტოვრებით.

ისე კი, არცთუ უსაფუძვლო ეჭვი მაქვს, რომ მოდარაჯე ,,იმედი" მთელი თავისი არსენალითა და გადამღები ჯგუფით ბატონი პრემიერ-მინისტრის შუშის სასახლესთან აპირებს გადაბარგებას და საგუშაგო-პავილიონის გახსნას, საიდანაც პირადად მიადევნებს თვალყურს ყველა მიმსვლელ-მომსვლელს და პირდაპირ ეთერში გვამცნობს იდუმალებით მოცული სასახლის ქრონიკებს.

,,შუშის სასახლის ქრონიკებიდან" კი პირველები შევიტყობთ, ვინ დაამთქნარა, ვინ შეისწორა მაკიაჟი და ვინ გადაიხარხარა პრემიერ-მინისტრთან სტუმრობისას. ამ საქმეს კი წარმატებით გაუძღვება ცხელი წერტილების უბადლო ამთვისებელი, ეპატაჟური ნოდარ მელაძე.

გახსოვთ, ალბათ, ნოდარის ცხელი ეთერი შერონ სტოუნის საწოლის ქვემოდან. როგორი გულისფანცქალით გვამცნო მაშინ ნოდარმა, შერონი მარცხენა მხარეს გადაბრუნდა, მაგრამ ისევ აგრძელებს ხვრინვასო!

გვენატრები, ნოდარ...!

მოკლედ, შორს ჩვენგან პოლიტიკა!!! დახურულ შოუებსა და მათ დათრგუნულ წამყვანებს მივხედოთ. ნანუკას გვიჩაგრავენ, ხალხოოოო!!! როგორც ტელეწამყვანმა თავის "ფეისბუქ-გვერდზე" დააანონსა, "ნანუკას შოუს" ხილვის საშუალება მხოლოდ დეკემბრამდე გვექნება, ამის შემდეგ კი ,,დავაი დასვიდანიაო", უთხრეს. ნანუკამაც ჩათვალა, რომ ,,ნესპრავედლივი ხელი მოხვდა" და დახმარება ისევ ჩვენ გვთხოვა:

– აკი მაფინანსებდით მთელი ეს დროო, ახლაც გაანძრიეთ ხელი და მერე მე ვიცი და ჩემმა ქალობამო.

მერე ჩვენ ვუთხარით:


 ჩვენ როდის გაფინანსებდით, კაცო, ჩვენ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ვაფინანსებთ.

– არა, ბატონო, მეც მაფინანსებთ, ოღონდ ,,ლევადო"! აბა გაიხსენეთ, რამდენი კეთილი საქმე და ქველმოქმედება გაკეთდა ამ გადაცემაში, თქვე დაუნახავებო. არა, ახლა გენაცვა, ეგვიპტეს, საბერძნეთს, თურქეთსა და იერუსალიმს მოივლიდით რომელიმე, მე რომ არ მენახებინა, როგორიაო.

მერე ჩვენ ვუთხარით:

მერე რას გვამადლი, შე ქალო? არ იცი, ქველმოქმედება ისე უნდა აკეთო, შენმა მარჯვენა ხელმა არ უნდა იცოდეს, მარცხენა რას აკეთებსო!

ჰოდა, დამთავრებული არ გვქონდა ეს საუბარი, რომ სახეგაბადრულმა ნანუკამ თავისი ახალი სპონსორი და შვილივით ნაზარდი გადაცემის გადარჩენა გვახარა. ამ საშვილიშვილო და ნაციონალური მნიშვნელობის მისიას კი ,,თიბისი ტვ" შეეჭიდა.

მოკლედ, დიალოგები იქით იყოს და, ვატყობ, ამათ ხელში გასარჩევი, საჩხუბარი და სადარაჯო არ მოგვაკლდება. აბა, რა გეგონათ? ჯერ სად ხართ!