„ვარძიის ტაძარი და თამარის ფრესკა რომ დაიწვა, როგორ მოიქცნენ ქართველი ბიზნესმენები?!“ - ამ სიტყვებით გამოხატავს დეკანოზი ილია ჭიღლაძე თავის სათქმელს იმ ქართველ ბიზნესმენთა მისამართით, რომელთაც ნოტრ-დამის აღსადგენად თანხის გაღება გადაწყვიტეს და ქართული ძეგლები არ ადარდებთ.
დეკანოზის თქმით, ფრანგებმა (მსხვილმა კომერსანტებმა) ერთ დღეში ნოტრ-დამისთვის ნახევარ მილიარდზე მეტი დოლარი შეაგროვეს. ამდენად, ნოტრ-დამს უკვე ნაშველი აქვს, ჩვენმა ისტორიულმა ძეგლებმა კი იკითხონ თავიანთი მწარე ბედი. დეკანოზის განმარტებით, ვარძიის ტაძარი და თამარის ფრესკა რომ დაიწვა, ერთი-ორი ორგანიზაციის გარდა არავინ შეტოკებულა. ახლა კი გვესმის, ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე აპირებს თანხების გადარიცხვას ნოტრ-დამისთვის.
„ნეტავ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მრავალი უნიკალური ძეგლი რომ ყოველდღიურად ნადგურდება და გადაუდებლად სარესტავრაციოა, ეს რატომ არ აღელვებთ? თუ მედიაში ვერ დაფასდებიან და პიარისთვის არ გამოადგებათ? კომენტარში დავდებ ასეთი ძეგლების ალბომს, იქნებ, ანახოთ და მოშურნეობა აღეძრათ. აქამდე „ფონდი ქართუს“ გარდა პრაქტიკულად არავინ არაფერს აკეთებდა ამ მიმართულებით. ბოლო ერთი წელია, „არემჯი გოლდი“ ამოქმედდა (თუ აამოქმედა საყდრისის დაცვის კომიტეტის აქტივმა) ამ კუთხით, მაგრამ სხვები! იმდენი ძეგლია მისახედი, ეს ორი სუბიექტი ვერ ახერხებს ყველაფერს გაწვდეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შარშან სცადა საქველმოქმედო ფონდის ამოქმედება, მაგრამ შემომწირველები მიზერული აღმოაჩნდა“, - წერს მამა ილია და იმ ძეგლების სურათებსაც გვთავაზობს, რომლებიც სასწრაფოდ სარესტავრაციოა: ახმეტის ანტონ მარტყოფელის მონასტერი (მე-6 საუკუნე), ბაგრატის ტაძარი (მე-11 საუკუნე), ბუკისციხე, ასკანის ციხე, ხვეწსაყდარი (მე-9 საუკუნე), სოფელ გორაბერეჟოულის ერისთავების ციხე (მე-17 საუკუნე) და სხვა.
დეკანოზი ერთადერთი არ არის, ვინც ქართველი ბიზნესმენების უშურველობას ნოტრ-დამის მიმართ პიარული განზრახვით ხსნის. უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი არ მალავს, რომ მევახშე ქართველ ბიზნესმენთა ინიციატივამ იგი აღაშფოთა. ამიტომაც ინგა ბერიკაშვილი ქართველ ბიზნესმენებს საქართველოში მცხოვრებ იმ უამრავ ხელგაწვდილ მოხუცს შეახსენებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.
სხვათა შორის, მხოლოდ ქართველმა ბიზნესმენებმა არ დაიმსახურეს საზოგადოების კრიტიკა, რუსეთშიც გააკრიტიკეს ის რუსი ბიზნესმენები, რომლებმაც ნოტრ-დამის აღდგენაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს. ჟირინოვსკიმ ბიზნესმებს მიმართა, „დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს რუსეთი?!“
ამასობაში პარიზი სხვისი ფინანსური დახმარების შემყურე ნაკლებადაა. ფრანგებს ფინანსებზე მეტად კარგი სპეციალისტების ნაკლებობა ადარდებთ. ისინი არქიტექტორებს მთელ მსოფლიოში ეძებენ, რათა ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ახალი დიზაინი შეიმუშაონ. რაც შეეხება ფინანსებს, ფრანგებმა მსოფლიო მემკვიდრეობის აღნიშნული ძეგლის აღსადგენად უკვე 800 მილიონი ევრო შეაგროვეს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კედლების რესტავრაცია უკვე 19 აპრილიდან დაიწყება.
ბიზნესმენი, ყოფილი პოლიტდევნილი დავით ბეგიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი ჩვენს ქვეყანაში ვინმე ქველმოქმედებას ეწევა, ეს ისევ და ისევ ბიზნესია. ამდენად, დავით ბეგიაშვილი ცუდს ვერაფერს ხედავს, თუ ვინმე საკუთარი სახსრებით დაეხმარება საფრანგეთის ისტორიული ძეგლის აღდგენას.
„ამაში აგრესიის გამომწვევი ნამდვილად არაფერია. ჩვენს ბიზნესმენებს არ აკლიათ ქველმოქმედება, ეს ჩანს კიდეც. რაც კი რამ საქველმოქმედო მიზნით კეთდება, ლომის წილი ამაში ბიზნესმენებს მიუძღვით. სხვისი ფინანსების განაწილებაში ყველა მაგარია, მაგრამ ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს თავის მოქმედებაში. რაც შეეხება ვარძიის ტაძარს და თამარის ფრესკას, ბევრჯერ მინახავს ბიზნესმენების მონაწილეობა ასეთ პროექტებში და ბევრი შემთხვევაც მახსენდება. კონკრეტულად რაღაც თუ ქართველი ბიზნესმენების ყურადღების მიღმა დარჩა, შესაბამისი კამპანიის ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელია ამის გამოსწორება“, - აცხადებს დავით ბეგიაშვილი და მიიჩნევს, რომ ფოკუსი უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული კონკრეტული ტაძრების აღდგენისკენ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ბიზნესი ქართული ძეგლების მიმართ გულგრილი არ დარჩება.
ბიზნესმენი დასძენს, რომ თვითონაც ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა ასეთ საქმიანობაში და, თუ კიდევ რამეა საქართველოში გასაკეთებელი, ამისთვის საჭიროა ამ თემის გააქტიურება.
ქართველი ბიზნესმენების სოციალურ პასუხისმგებლობას აკადემიკოსი შოთა ჩხეიძე For.ge-სთან საუბრისას ეხმიანება და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მორალური თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, თორემ ძალით ვერავის ვერაფერს მოვთხოვთ.
„სიმენსი ამბობდა, რომ საქართველო აღიარებული იყო კულტურისა და ადამიანობის აკვნად. ტეტჩერი კი განმარტავდა, „რატომ ჩავედი საქართველოში? იმიტომ, რომ ჩემი თვალით მენახა ხალხი, რომლისთვისაც უცხოა სხვისი სიძულვილი“. ევტუშენკოს ნათქვამიც გვახსოვს, „რომ არ დავბადებულიყავი რუსად, ვიოცნებებდი, ვყოფილიყავი ქართველი“. ასეთი შეფასებების მიუხედავად, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დღეს ჩვენს ხალხს უზნეობის ვირუსი შეეყარა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ასტაფიევმა თქვა, ქართული საზოგადოება ავადააო. ზოგადად, გულგრილობა, ინდეფერენტულობა ქართველ ხალხს არ ახასიათებდა. განა ვინმეს წინათ უნახავს საქართველოში მათხოვარი? ჩემს ბავშვობაში, ომის შემდგომ პერიოდში, სავსე იყო მათხოვრებით ჩვენი ქვეყანა, მთელი ნაომარი ხალხი ჩამოდიოდა, უფეხო, უხელო, ძირითადად ისინი რუსები, უკრაინელები იყვნენ, მათ იცოდნენ, რომ საქართველოში ძალიან კეთილშობილი ხალხი ცხოვრობდა და ქართველები მათთვის დახმარებას გაიღებდნენ. იმ პერიოდში ქართველი მათხოვარი არ მინახავს, ეს დიდ სირცხვილად ითვლებოდა ნათესავისთვის, მეგობრისთვის, მეზობლისთვის. დღესაც რომ დავინახო, თუნდაც გვერდითა სადარბაზოს მეზობელი მათხოვრობს, აუცილებლად ჩავდგები შუაში, ხალხს შევკრებ და რაღაცით დავეხმარები. რატომღაც ზოგიერთები ქუჩაში ისე გაივლიან, რომ ვერ ამჩნევენ ბრმა ადამიანს, რომელიც ფულს ითხოვს. როგორც ჩანს, ეს გულგრილობა და ინდეფერენტულობა დასავლეთიდან შემოვიდა ჩვენში“, - აცხადებს შოთა ჩხეიძე.
მისივე განმარტებით, თუ ვინმე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს დაეხმარება, ცუდი არაფერია, ეს მისასალმებელიცაა, მაგრამ ჯერ შენს ერზე, შენს ოჯახზე უნდა იფიქრო და მერე - სხვას დაეხმარო.