რუსულ მედიაში პუტინის ლანძღვა შესაძლოა დასჯადი გახდეს

რუსულ მედიაში პუტინის ლანძღვა შესაძლოა დასჯადი გახდეს

რუსეთში მედიასაშუალებების ხელმძღვანელებსა და იურისტებთან დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმ ახალ კანონზე იმსჯელეს, რომლითაც ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ხელისუფლების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება. ამის შესახებ BBC-ის რუსულენოვანი ბიურო წერს.

რუსეთის ფედერალური სამსახურის, „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელები პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. გამოცემას ეს ინფორმაცია დაუდასტურა შეხვედრის ხუთმა მონაწილემ, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვეს.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, რუსეთში ცდილობენ მთავარი რედაქტორების დარწმუნებას, რომ კანონს "გონივრულად" და "ზუსტად" გამოიყენებენ. მედიასაშუალებების ხელმძღვანელები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა მაგალითად, რეპორტაჟში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ საკმაოდ ხშირად გამოყენებული ფრაზა გამოიყენონ, რომ მმართველი პარტია „ედინაია როსია“ ქურდების და თაღლითების პარტიაა.

წყაროების ინფორმაციით, ეს შეკითხვა რამდენჯერმე დაისვა, თუმცა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მიუღიათ. „როსკომნადზორის“ წარმომადგენლებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ თითოეულ შემთხვევაში სანახავი იქნება კონტექსტი და გამოყენების ფორმა. ამასთან, უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ მისი პირადი აზრით, მედიის მიერ ნავალნიზე დაყრდნობითაც კი მსგავსი ფრაზების გავრცელება შეურაცხყოფაა.

მედიასაშუალებების ხელმძღვანელები დაინტერესდნენ, შეუძლიათ თუ არა ჟურნალისტებს ციტატად მოიყვანონ აქციის მონაწილეთა შეძახილები, რომ პუტინი ქურდია.

"ერთ-ერთმა წყარომ შეხვედრის შედეგად დაასკვნა, რომ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირების პოზიცია ასეთია - მაგალითად, არ შეიძლება სახელმწიფო დუმის, როგორც ინსტიტუტის შეურაცხყოფა, მაგრამ შეიძლება ცალკეული დეპუტატების, ხოლო რაც შეეხება პუტინს, ის უნიკალურია, ერთადაა ადამიანიც და ხელისუფლების ორგანოც და ხალხის გონებაში ეს განუყოფელია", - წერს BBC.

რუსეთში მიღებული ახალი კანონით, ხელისუფლების შეურაცხყოფად ითვლება ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოების, სახელმწიფოს, მისი სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლების ორგანოების მიმართ.

„როსკომნდაზორს“ უფლება აქვს გენერალურ პროკურორს, ან მის მოადგილეებს მიმართოს და მსგავსი ინფორმაციის წაშლა მოითხოვოს. თუ მედიასაშუალება ამას არ გააკეთებს, დაბლოკავენ.