ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მსახიობი ნანა შონია ოპოზიციური განწყობით გამოირჩეოდა და თავის პოზიციას ყოველთვის აქტიურად აფიქსირებდა. ამის გამო ხშირად ბლოკავდნენ ტელევიზიებში, არ იწვევდნენ ამა თუ იმ გადაღებაზე, მაგრამ ამას მსახიობი არ შეუშინებია. დღესდღეობით შექმნილი გარემოებით ქალბატონი ნანა კმაყოფილია და საზეიმო განწყობა აქვს, ამბობს, ქვეყანაში გამონათდა და საზოგადოება მალე ამოისუნთქავსო.
- როგორ ხართ, ქალბატონო ნანა, ალბათ საზეიმო განწყობა გაქვთ, ხომ?
- კი, მაქვს საზეიმო განწყობა, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, გამარჯვების ხიბლში არ უნდა გადავვარდეთ და ჯერ კიდევ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, რადგან მაინც იგრძნობა უსუსური "ფაფხური". საზოგადოება გაკვირვებულია, რომ ამ პროცესმა, შეიძლება ითქვას, მაინც მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ექსცესებიც იყო სხვადასხვა უბანზე, რეგიონებში. ზუგდიდში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა, რადგან გაყალბება მოხდა.
- თქვით, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზადო, რას გულისხმობთ?
- როგორც უკვე გითხარით, ჯერ კიდევ ფაფხურობენ რაღაცას, ბოკერია გამოდის და ამბობს, სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტიაო და ა.შ. ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ საბოლოოდ მაინც მშვიდობიანად მიდის ყველაფერი და იმედია, ასეც დამთავრდება.
- იმედია, ასე იქნება, რადგან პრეზიდენტმა უკვე მიულოცა "ქართულ ოცნებას" გამარჯვება..
- კი, ასეა და ცოტა გააკვირვა ამ ფაქტმა საზოგადოება, ყველა ამბობს, არ ველოდით, თუ სააკაშვილი ასე უცებ გააკეთებდა ამ განცხადებასო. ბოლო დროს ხელისუფლებამ ისეთები დაატრიალა, რომ ეს საქციელი მათგან მოულოდნელი იყო. საეჭვოდ იოლად შეეგუვნენ ამ დამარცხებას.
- არადა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე "ნაციონალებს" გამარჯვების ბოლომდე სჯეროდათ, ამ განწყობით იყვნენ გამსჭვალულნი..
- კი და სწორედ ამის ფონზე იყო გასაკვირი, რომ ასე იოლად შეეგუვნენ დამარცხებას, ამომრჩეველთან შეხვედრაზე უფრო სხვა "გრადუსი ჰქონდათ აღებული", მაგრამ მერე და მერე განელდა სიტუაცია.
- პატიმრების წამებასთან დაკავშირებულმა კადრებმა, შეიძლება ითქვას, მათი მმართველობა ხერხემალში გადატეხა...
- რა თქმა უნდა, ამან ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა "ნაციონალებს", მანამდეც წელმოწყვეტილი იყო ეს ხელისუფლება, უბრალოდ ამან საბოლოო ბიძგი მისცა მოვლენების ასე განვითარებას. ფეხზე დადგა საზოგადოება, სტუდენტობა. ამ ფაქტების შემდეგ ძალიან ბევრი ხმა დაკარგა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
- ხომ შეიძლებოდა, ხელისუფლებას გაეყალბებინა არჩევნები?
- და თქვენ როგორ გგონიათ, არ გააყალბეს? ძალიან დიდი დოზით გააყალბეს, უბრალოდ იმ დოზით ვერა, რომ გაემარჯვათ, თორემ გაყალბება როგორ არ იყო. "ნაციონალებმა" აიღეს 40%? ეს ხომ სისულელეა, ესაა სწორედ გაყალბების შედეგი, თორემ ამდენსაც ვერ მიაღწევდნენ.
- როგორ წარმოგიდგენიათ ორი პარტიის თანამშრომლობა?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ უნდა ითანამშრომლონ, ჩემთვის ეგეც წარმოუდგენელია, მაგრამ სხვა რა გზა აქვთ? მოუწევთ საქმის ერთად კეთება. მგონია, რომ ახლა წავა პარტიაში გადასვლა-გადმოსვლები. მით უმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მე არ ვერჩი იმ ადამიანს, ვინც ხუთიანი შემოხაზა. ისიც ჩემიანია, მისი ტკივილიც მტკივა და მასაც ისე გავუწვდი ხელს, როგორც სხვა დანარჩენსო. ძალიან მომწონს ეს მიდგომა, ვფიქრობ, სწორია. არ შეიძლება, ბოროტებას ბოროტებითვე უპასუხო. არ მიყვარს ანგარიშსწორება და არ მიმაჩნია ეს მართებულად, მაგრამ ახალაიები და კალმახელიძე რომ დასაჭერია, ეს სადავო თემა არ არის. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ "ნაციონალებს" გაემარჯვათ, ისინი ასე ხომ არ იფიქრებდნენ? ისინი აუცილებლად გადავიდოდნენ ანგარიშსწორებაზე, ვიცი, რომ შურს იძიებდნენ.
- ამ ბოლო დროს პოლიტიკურ ნიადაგზე ძალიან ბევრმა ახლობელმა, მეგობარმა, ნათესავმა დაკარგა ერთმანეთი...
- არც ერთი მეგობარი არ დამიკარგავს, მე არ დავუშვებ ამას, ყველამ იცის ჩემი პოზიცია და ამის გამო გამოუვალ მდგომარეობაში არავის ჩავუყენებივარ. ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობ, ვცდილობ, შევაგნებინო იმ ადამიანს ჩემი სიმართლე. თუ ვხვდები, რომ ადამიანი შეუვალია, ვანებებ თავს, ვიცი, ადრე თუ გვიან მოვა გონს. სულ არ არის საჭირო, ყოველ წუთას უჩიჩინო, შენ ცდები, შენ ცდებიო, დრო გავა და თავისთავად მივა საღ აზრამდე, ადამიანების დაკარგვა ასე ადვილი არ არის.
- თქვენი მოლოდინი როგორია, როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პირველი ძირეული ცვლილება რას შეეხება?
- პირველი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხალხს მალე დატყობა შვება, საზოგადოება მალე ამოისუნთქავს გადასახადების, ჯანდაცვის მხრივ და ა.შ. მჯერა, რომ ძალიან მალე ხალხისთვის სასარგებლო და საჭირო ნაბიჯებს გადადგამს ბატონი ბიძინა, მე მჯერა მისი, დარწმუნებული ვარ მასში.
- ქალბატონო ნანა, პირადად თუ იცნობთ ბატონ ბიძინას?
- არა, არ ვიცნობ. უბრალოდ, ზუგდიდის აქციაზე პირადად შევხვდი მას, ძალიან ხანმოკლე შეხვედრა გვქონდა, მეტი არანაირი ურთიერთობა არ მქონია მასთან.
- ჩვენთან ინტერვიუში აცხადებდით, რომ თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო გბლოკავდნენ, არ გიწვევდნენ ამა თუ იმ გადაცემაში, პროექტებში. მთავრობის ცვლილებასთან ერთად ალბათ ვითარების ცვლილებასაც ელით..
- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ "იმედში" და "რუსთავი 2"-ში მე თვითონ აღარ მივალ, რადგან ამის სურვილი არ მაქვს. გუშინ არ მოგწონდი და არ მეძახდი და დღეს მეძახი? ეს რა მიდგომაა, არ მესმის, არაა ასე. იმედია, პოლიტიკური მოსაზრებების გამო და ზოგადად პოლიტიკური ნიშნით აღარ შეირჩევა მსახიობები ტელევიზიისათვის თუ სხვა პროექტებისთვის, ეს სფეროც დალაგდება ნელ-ნელა. აქამდე სულ ერთი და იგივე სახეები ტრიალებდნენ ყველგან, გაუთავებლად პოლიტიკოსები ჩანდნენ ეკრანზე, მსახიობებსა და მომღერლებს ნაკლებად გვექცეოდა ყურადღება, ბევრმა კარგმა წელმა ისე ჩაირბინა, რომ ჩვენ არაფრის გაკეთების საშუალება არ გვქონდა. აუდიტორიის გარეშე კი მსახიობი წარმოუდგენელია. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას ხელოვანები ყოველთვის გრძნობდნენ, მათ ყოველთვის ეხმარებოდა და ახლაც არ დატოვებს საქმისა და ყურადღების გარეშე. სხვათა შორის, დედაჩემი ძალიან ადრე ამბობდა, ბიძინა უნდა მოვიდეს პოლიტიკაშიო, ეს იმ პერიოდისთვის თითქოს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ხომ ხედავთ, დღეს ის უკვე ჩვენს ხელისუფლებაშია.
- რა ვითარებაში შეიტყვეთ არჩევნების შედეგები? ეგზიტპოლის შედეგებზე მაქვს საუბარი...
- მეგობრების წრეში. ხალხმა იცოდა, რომ ჩვენ გამარჯვებულები ვიყავით, რომ საზოგადოება "ქართულ ოცნებას" აძლევდა ხმას, მაგრამ მაინც შიშით ელოდნენ პასუხებს, მე კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დარწმუნებული ვიყავი, გამარჯვებით დასრულდებოდა ყველაფერი, ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ უკვე ოფიციალურად გამოცხადებულმა წინასწარმა შედეგებმა ისე გამახარა, კინაღამ გული გამისკდა. ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, ნუთუ პირველი ოქტომბერი რაიმე მნიშვნელოვან თარიღად, მაგალითად, ჩვენი გათავისუფლების თარიღად არ უნდა იქცესო, რაიმე საზეიმო დღედ უნდა ვაქციოთ ეს თარიღიო და სიმართლე გითხრა, მომეწონა ეს აზრი.
- კარგა ხანია თქვენ სააკაშვილის მთავრობის ოპოზიციად მოიაზრებით, თქვენი შეხედულებების ცვლილება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას არ უკავშირდება, ხომ არ ვცდები?..
- მართალია, უკვე 5 წელია ამ მთავრობის მოწინააღმდეგე ვარ, შვიდმა ნოემბერმა შემძრა, მანამდეც ვხვდებოდი, როგორები იყვნენ ესენი, მაგრამ 7 ნოემბერი ბოლო წვეთი აღმოჩნდა, წერტილი დაუსვა ჩემს მათდამი მხარდაჭერას. ვერაფრით შევეგუებოდი საზოგადოების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, ამ ხელისუფლებასთან პირადი პრობლემები მქონდა-მეთქი. ახლა კი, საბედნიეროდ, გამონათდა ჩვენს ქვეყანაში, შენების დრო დადგა, ხალხს სტიმული მიეცა.
- სავარაუდოდ, ახალი ხელისუფლებისადმი საზოგადოება უფრო მომთხოვნი იქნება...
- მოთხოვნაც და პასუხისმგებლობაც ძალიან დიდი იქნება. საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ უნდა ვაკეთოთ საქმე და ქვეყანაც აშენდება, ახლა მოდუნებისა და დასვენების დრო არ არის, ახლა უფრო მეტი საშუალება და ფართო არეალი ექნება საზოგადოებას, რომ მეტი იშრომოს. ჩვენ იმედით მოვედით აქამდე და ეს იმედი ახლა უფრო შეისხამს ფრთებს. უნდა დავდგეთ მაგრად და შემართებით. შეიძლება, პლაკატურად გამომდის, მაგრამ მივხვდი, რა ძალა ჰქონია შემართებას და სწრაფვას თავისუფლებისაკენ.