იპო, დოდო აბაშიძე, თენგიზ ჩანტლაძე და... ნიკიტა ხრუშჩოვი

იპო, დოდო აბაშიძე, თენგიზ ჩანტლაძე და... ნიკიტა ხრუშჩოვი

ცნობილი ქართველი მსახიობი გიგოლა თალაკვაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:

„გვარს არ დავასახელებ და ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა თავისი ძმისშვილის ქორწილში, სამეგრელოში წამიყვანა. როგორც ცნობილია, მეგრელები, ძალიან ამაყი ხალხია და თავის შერცხვენას სიკვდილი ურჩევნიათ. მოკლედ, სანამ ქორწილში მივიდოდით, ჩემმა მეგობარმა ჩამომითვალა, რომ სუფრაზე იქნებოდნენ რაიკომის მდივანი, აღმასკომის თავმჯდომარე და ყველა ბობოლა, ვინც კი რაიონში მოიძებნებოდა. სუფრაც 600 ადამიანზე იყო გაშლილი და ჩემი მეგობარი სასიამოვნო მოლოდინის გამო ძალიან ამაღლებულ განწყობაზე იყო. მივედით და მან პირველ რიგში, თავისიანები გამაცნო, თან, ეტყობოდა, რომ მეც ვეამაყებოდი, რადგან მსახიობი ვიყავი და სახეზე მცნობდნენ. სტუმრები თანდათან შეგროვდნენ, ბობოლებიც მოვიდნენ და მხოლოდ ნეფე-პატარძლის გამოჩენას ველოდით, რადგან ნეფე – ჩემი მეგობრის ძმისშვილი, მაყრიონთან ერთად, ქალის სახლში იყო წასული. მათი მოსვლა, ცოტა არ იყოს, გაიწელა, მაგრამ ერთი საათის დაგვიანებით მაინც გამოჩნდნენ. გაჩაღდა ქორწილი, ბევრი ითქვა და ბევრი დაილია, მაგრამ სიძეს მთელი ქორწილის განმავლობაში სახეზე ფერი არ ედო და უხასიათოდ იყო. პატარძალი კი – პირიქით, მხიარულობდა, ზომაზე მეტად იცინოდა და ცოტ-ცოტა სასმელსაც კი „ურტყამდა“. ერთი სიტყვით, თუ არ ჩავთვლით სიძის უქეიფობას, ქორწილი იდეალურად ჩატარდა. მეგრელებმა თავი არ შეირცხვინეს და სტუმრებიც კმაყოფილი წავიდ-წამოვიდნენ სახლებში.

მოგვიანებით კი, აი, რა გაირკვა: ნეფე-პატარძალმა ქორწილში  იმიტომ დააგვიანა, რომ თურმე, პატარძალი თავის შეყვარებულს გაჰყოლია და სიძეს სახლში აღარ დახვდა. თავი რომ არ შეერცხვინათ, მასპინძლები დატრიალებულან და ერთი მოსულელო გოგო უნახავთ, რომელიც დროებით პატარძლობაზე დაუთანხმებიათ. სწორედ ამ გოგომ შეასრულა ნამდვილი საპატარძლოს როლი და ამიტომ იყო ზომაზე მეტად მხიარული, ხოლო სიძე კი – ნირწამხდარი.“

 თენგიზ ჩანტლაძეს სტუდენტობის პერიოდში ერთი ძმაკაცი ჰყავდა, რომელსაც „ნიკიტას“ ეძახდნენ, რადგან ძალიან ჰგავდა ხრუშჩოვს. ის უნივერსიტეტში სწავლობდა და რადგან აკადემიური მოსწრება არ უვარგოდა, მეორე კურსიდან რიცხავდნენ. ერთი სიტყვით, „ნიკიტა“ განწირული იყო და დახმარებისთვის თენგიზ ჩანტლაძეს მიმართა, რომელიც „გეპეიში“ სწავლობდა და უკვე საკმაოდ ცნობილი პაროდისტი იყო. თენგიზმა არც აცია, არც აცხელა და თავისი მეგობრის დედას, რომელიც „ცეკას“ პირველი მდივნის, ვასილ მჟავანაძის კაბინეტს ალაგებდა, სთხოვა, იქ შეეშვა და აუხსნა – რატომ. ქალს შეეცოდა „ნიკიტა“ და თენგიზი ერთ დილას „ცეკაში“ „შეიყოლა“. თენგიზმა მჟავანაძის „ვეჩედან“ (მაღალი სიხშირის ტელეფონი) უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, ვიქტორ კუპრაძეს უთენია დაურეკა სახლში და მჟავანაძის ხმით უთხრა:

– ამხანაგო რექტორო, თქვენთან „ნიკიტას“ (სახელი და გვარი დაუსახელა) სწავლობს. გავიგე, რომ პრობლემები აქვს და გთხოვთ, მოუგვაროთო.

კუპრაძემაც იცოდა „ნიკიტას“ რომ ეძახდნენ იმ ბიჭს. ეგონა, მართლა მჟავანაძემ დაურეკა და იფიქრა, ხრუშჩოვის უკანონო შვილიაო და არამც თუ არ გარიცხა, არამედ იმ დღიდან ცივ ნიავსაც არ აკარებდა.

 ცნობილი მსახიობი ბორის წიფურია ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ჩემმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) ბიზნესგეგმა შეადგინა. ბანკიდან სესხი აიღო და ბატების ფერმა გააკეთა, რომ მათი ქონიანი ხორცი რესტორნებში ჩაებარებინა, რაც იმ დროს საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი იყო. ნასესხები ფულით ჰოლანდიაში 200 ბატის ჭუჭული იყიდა, რომლებიც უკლებლივ ჩამოუვიდა და თან ინგლისურ ენაზე 500-გვერდიანი ინსტრუქცია მოჰყვა. როგორც მერე გაირკვა, ჩემმა ახლობელმა ბატებს მოყოლებული ინსტრუქცია წაუკითხავად თაროზე შემოდო და კარგა ხანს არც კი გახსენებია. ჰოლანდიური ბატის ჭუჭულები კი უდანაკარგოდ იზრდებოდნენ და  ზამთრისთვის უკვე კარგი შემოსავალი უნდა მოეცათ. თუმცა, სექტემბრის მიწურულს, ერთ მთვარიან ღამეს ფერმის ყველა ბატი ჰაერში აიჭრა და სამუდამოდ დატოვა იქაურობა – ერთ გუნდად შეკრული ბატები თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ.

საქმე კი ის იყო, რომ ინსტრუქციაში, რომელიც ბატის ჭუჭულებს მოჰყვა, ეწერა: თბილ ქვეყნებში რომ არ გაფრენილიყვნენ, შემოდგომაზე მათთვის ფრთები უნდა შეეჭრათ.“

ბატონი იპოლიტე ხვიჩია იგონებდა:

“მახარაძეში გადაღებაზე მივდიოდით. ერთი ფეხმძიმე გოგონა ტირილით ამოვიდა ვაგონში. ეროსიმ დაუყვავა და მიეფერა. როცა გაიგო, რომ გოგონასთვის ჯიბის ქურდებს 30 მანეთი ამოუცლიათ, ფულიც მისცა. გოგონა საჯავახოში ჩავიდა. მე მივაძახე: ბიჭი თუ შეგეძინოს, ეროსი დაარქვი-მეთქი.

და მოხდა საოცრება – ჩოხატაურში გამოგვეცხადა ეს გოგონა მეუღლითა და პატარა ეროსით. დავულოცე დიდი ეროსის პატარა მოსახელე და ვუთხარი: ეროსის ნიჭიც დაგნათლოდეს, ჩვენო პატარავ-მეთქი”.

ბატონ კოტე მახარაძეს თეატრში მუშაობა და საფეხბურთო რეპორტაჟების წაყვანა ერთდროულად უწევდა. ამის გამო რუსთაველის თეატრში ხშირად უსიამოვნებები ხვდებოდა. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას თავად იხსენებდა:

“ჩემს გამო ორჯერ ჩატარდა რუსთაველის თეატრში კრება, მაშინ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სერგო ზაქარიაძე იყო. ერთხელ გაბრაზებულმა მითხრა, ასე როგორ შეიძლება, კაცო? მარჯანიშვილი საფლავში ცხრაჯერ გადაბრუნდება, რომ გაიგოს კოტე მახარაძე სტადიონიდან პირდაპირ სცენაზე ადის და ურიელ აკოსტას თამაშობსო.

კრებაზე ხმები გაიყო და ბატონ სერგოს უნდა გადაეწყვიტა ჩემი ბედი – დავრჩებოდი თუ არა სამუშაოდ. ბოლოს ხელები ასწია და მითხრა: “გეტყობა, ძალიან გინდა, ნებას გრთავ, იკომენტატორე”. ამის შემდეგ თეატრი ხელს მიწყობდა და საფეხბურთო მატჩის დღეებში სპექტაკლს არ მინიშნავდნენ”.

ცნობილი ქართველი მსახიობი დოდო აბაშიძის კეთილშობილების საილუსტრაციოდ რეჟისორმა გუგული მგელაძემ ერთი ამბავი გაიხსენა. მას ამერიკიდან მიწვევა მიუვიდა, მაგრამ წასასვლელი ფული არ ჰქონდა. დოდო აბაშიძე შეხვდა და ჰკითხა: რას შვრები, მიდიხარ ამერიკაში, ფულის პრობლემები ხომ არა გაქვსო?

გუგულიმ არ გაუმხილა, რომ წასასვლელად ათას ორასი მანეთი სჭირდებოდა. მეორე დღეს დოდომ დედას დაარეკინა მასთან და მისი ხელით კონვერტი გადასცა, სადაც ათას ორასი მანეთი იდო.

“ყველაფერში იუმორი ჰქონდა. ძმაკაცები ჰყავდა საქმოსნები, როგორც ჩანს, მათში ბევრი იყო კეთილი ადამიანი. დოდო ხომ ვერ სთხოვდა მათ, ფული მჭირდებაო. ამიტომ პურმარილზე ეტყოდა ხოლმე: რამე არა გაქვთ, თქვენი ავტოგრაფები მჭირდებაო. ამოიღებდნენ ისინი ტკიცინა ასმანეთიანებს, მოაწერდნენ ხელს და გადასცემდნენ. იმ ფულს მერე დამშვიდებული ხარჯავდა”.

გუგული მგელაძეს დოდოსთვის ერთხელ უკითხავს: შენ თუ გაულახიხარ ვინმესო. კიო, უთქვამს დოდოს, ერთმა პატარა კაცმა გამლახაო. რატომო – დაინტერესებულა გუგული. მართალი იყო და იმიტომო - უპასუხია მსახიობს.